ახალი ამბები

თბილისი დღითიდღე მახინჯდება

მუნიციპალიტეტი დედაქალაქის სილამაზეზე არ ზრუნავს

ქალაქის მუნიციპალიტეტი ვერ ზღუდავს იმ უადგილო მშენებლობებს, რომლებიც თბილისის ისტორიულ და ცენტრალურ უბნებს სრულიად არ უხდება და მათ ამახინჯებს კიდეც.

საქართველოში უკვე თითქმის არაფერი ვითარდება გარდა კერძო მცირე ბიზნესისა. სამწუხაროდ, თბილისის ბუნებრივი სილამაზე მახინჯი სავაჭრო დაწესებულებების მსხვერპლი ხდება, ხოლო მერია არსებულ ვითარებას თვალს არიდებს.

გასული ათი წლის განმავლობაში ბაზრობები და ტროტუარებზე ჩადგმული სავაჭრო ჯიხურები დედაქალაქის დამახასიათებელ ნიშნად იქცა. მათი მეპატრონეების შემოსავლების გაზრდასთან ერთად იზრდება მშენებლობების ჟინი, რომელიც ქალაქის ტრადიციულ სახეს ზიანს აყენებს.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ძველ თბილისში, სადაც წესისამებრ შენობა სამ სართულს არ აღემატება, კორპუსები და თანამედროვე კონსტრუქციები აიგო, სკვერებსა და ბაღებში კი სასადილოები და მაღაზიები აშენდა.

თბილისის მთავარი არქიტექტორი მამუკა ჩხაიძე ამტკიცებს, რომ მისი სამსახური მაქსიმალურად ცდილობს ქალაქს სილამაზე შეუნარჩუნოს. დამახინჯებულ სკვერებსა და ძველ თბილისში ჩადგმულ კორპუსებზე საუბრისას იგი აცხადებს: “ჩემი თანამდებობაზე ყოფნის დროს არც ერთ სკვერში არ აგებულა შენობა”. მისი თქმით, ის მთავარი არქიტექტორი მხოლოდ 2000 წელს გახდა და უკვე აშენებული ობიექტები მას არ ეხება.
 
ქალაქის ცენტრში, მეტრო რუსთაველის გვერდით, ცენტრალურ გამზირს ქვის სუროიანი კედელი გასდევს. მისი სიმაღლე დაახლოებით 10 მეტრია და მას ტროტუარისგან პატარა სკვერი ყოფს. მოსახლეობის აზრით, ეს არის ადგილი, რომელიც შენობებით დატვირთულ ქუჩას ალამაზებს. დღეს ამ სკვერის ადგილას მიმდინარეობს კონსტრუქციული პავილიონების მშენებლობა. პროექტის მიხედვით, პავილიონები მთლიანად შუშის იქნება.

პავილიონების აშენების შედეგად იფარება სუროიანი ქვის კედელი, რომელიც, მართალია, გორაკის გასამაგრებლად აიგო, მაგრამ თბილისის ამ უბანს ძალიან უხდება. მშენებლობის შედეგად ასევე იკარგება პატარა სკვერი.

თბილისში რამდენიმე მსგავსი პავილიონის მშენებლობა ადრეც დაწყებულა. ბევრი მათგანი დღემდე დაუსრულებელია, ხოლო რომელიც დასრულებულა სრულად არ ფუნქციონირებს. ისინი დედაქალაქის სიმახინჯედ იქცა.

თბილისელები ახალ მშენებლობას აღშფოთებით შეხვდნენ. მათი აზრით, კონსტრუქცია ქალაქის ამ ნაწილს სრულიად არ უხდება, ვინაიდან მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ნაგებობები მე-20 საუკუნის დასაწყისშია აშენებული და ისინი სულ სხვა სტილს განეკუთვნება. გამვლელთა აზრით, ახალი ნაგებობის მშენებლობა გაუმართლებელია, რადგან მისი წყალობით ქუჩა ძალიან გადაიტვირთება და ქალაქის ამ უბანს იერსახეს შეუცვლის.

პავილიონები, სავარაუდოდ, სავაჭრო ცენტრის ფუნქციას შეასრულებს. “საშინელებაა! არ შეიძლება სავაჭრო ცენტრები ქალაქის ცენტრალურ მონაკვეთში შენდებოდეს. ეს იქნება მორიგი მინი ბაზრობა, რომლებსაც მიაქვთ მთელი თბილისი”, ამბობს თბილისის ერთ-ერთი მკვიდრი ნინო კვახაძე.

თავად მთავარი არქიტექტორი აღფრთოვანებულია პროექტით. მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად არ იცის ამ შენობაში სავაჭრო ცენტრი იქნება, კაფე, ოფისი თუ სარეკლამო ბიურო, ძალიან მოსწონს შუშის შენობა და მას “მინი აკვარიუმს” უწოდებს.

2000 წელს კომპანია “მეცხრე ტალღამ” 65 000 ლარად  (იმ დროინდელი კურსით დაახლოებით 45 000 დოლარი) სახელმწიფოსაგან მეტრო რუსთაველის მიმდებარე ტერიტორია – 4 000 კვადრატული მეტრი შეისყიდა. ეს ფასი აღნიშუნი ფართისათვის მიზერულია. კომპანიის ხელმძღვანელი ირაკლი სეფიაშვილი აცხადებს, რომ შესყიდვის ინიციატორი თავად კომპანია იყო და მას აღნიშნული ტერიტორია პრეზიდენტის ბრძანებულებით ტენდერის გარეშე გადაეცა.

თბილისის მთავარი არქიტექტორი კი საპირისპიროს ამტკიცებს. მისი თქმით, ქალაქის ეს ტერიტორია კერძო კომპანიას კონკურსის საფუძველზე გადაეცა. ფართის 10%-იანი წილის მფლობელი თავად ქალაქის მერიაა.

ის ფაქტი, რომ მთავარი არქიტექტორისა და კომპანია “მეცხრე ტალღის” მონაცემები ერთმანეთს არ ემთხვევა ბადებს ეჭვს, რომ სახელმწიფოს მიერ კერძო კომპანიისთვის 4 000 კვადრატული მეტრის ფართობის გადაცემა გარიგებების შედეგად მოხდა. ასევე ეჭვს იწვევს საკმაოდ დაბალი ფასი, რომლითაც კერძო კომპანიამ ტერიტორია შეისყიდა. უცნაურია ისიც, რომ ტერიტორია “მეცხრე ტალღას” ტენდერის გარეშე გადაეცა.

როდესაც სახელმწიფო სკვერებსა და ქუჩებს მშენებლობის უფლებით შეღავათიან ფასში გადასცემს კერძო პირს ან კომპანიას, იგი არ ითვალისწნებს ქალაქის იერსახის შენარჩუნებას.

ამ საკითხთან დაკავშირებით თბილისის მუნიციპალიტეტმა “სივილ ჯორჯიასთვის” კომენტარის გასაკეთებლად ვერ მოიცალა. მისგან მიღებული ერთადერთი ინფორმაცია იყო ის, რომ მერია ქალაქის მთავარი არქიტექტორის პოზიციას მთლიანად იზიარებს.

მამუკა ჩხაიძის თქმით, ნაგებობა მეტრო რუსთაველთან დროებითი იქნება და ერთი თვის ან ნახევარი წლის შემდეგ დაიშლება. თუმცა კონსტრუქცია ოფიციალურად ოთხი-ხუთი წლის ვადით იგება და როგორც საერთოდ ხდება ხოლმე, დიდი შანსია, მან სამუდამოდ “დაამშვენოს” ქალაქი.

შენობები და ქუჩები, რომლებიც ქალაქს ალამაზებენ და ხიბლს სძენენ სასურველ მოვლა-პატრონობას მოკლებულნი არიან. კერძო გარიგებების გამო ქალაქი კერძო ინტერესებისდა შესაბამისად კონსტრუირდება, თბილისის ისტორიული ელფერი კი, ისტორიას ბარდება.

სალომე ჯაში, სივილ ჯორჯია

Back to top button