ახალი ამბები

საქართველოს ეკონომიკა 2001 წელს – წარმატებები და პრობლემები

ჩრდილოვანი ეკონომიკა, საბიუჯეტო პრობლემები და ენერგოკრიზისი 2001 წელს საქართველოში კვლავაც ძირითად პრობლემებად რჩებოდა. ამასთან, გასული წლის პოლიტიკურმა მოვლენებმა დარჩრდილეს ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური პროცესები.

ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენის შეთანხმების რატიფიკაციას საქართველოს პარლამენტის მიერ ქართველი ექსპერტები 2001 წლის მთავარ ეკონომიკურ მოვლენად აფასებენ. თუმცა, როდესაც საუბარია მსგავს რეგიონალურ პროექტებზე, ექსპერტები მეტ ყურადღებას მის პოლიტიკურ ასპექტებზე ამახვილებენ.   

2001 წლის 19 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა რატიფიკაცია გაუკეთა შეთანხმებას ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენის მშენებლობის შესახებ. გაზსადენიდან, რომელიც 245 კმ.-ის სიგრძის იქნება, პრეზიდენტის განცხადებით,  საქართველო ქვეყანას ყოველწლიურად 175 მლნ. აშშ დოლარს მოუტანს. გაზსადენის მშენებლობა 2002 წელს დაიწყება და ორ წელიწადში დასრულდება.

ყოფილი ფინანსთა მინისტრი დავით ონოფრიშვილი შეფასებით, წმინდა ფინანსური მოგების გარდა, რასაც გაზსადენის პროექტი საქართველოს მოუტანს, მისი განხორციელება საქართველოსთვის უსაფრთხოების გარანტი იქნება.    

ამავე პოზიციას იზიარებს საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი რომან გოცირიძე. თუმცა, მისი თქმით, ეს მოვლენა “ნაკლებად იყო საქართველოს მხარეზე დამოკიდებული და ის უფრო საგარეო ფაქტორების სასურველი მიმართულებით განვითარებამ განაპირობა. 2002 წლიდან უკვე დაიწყება გარკვეული ტიპის სამუშაოების განხორციელება, 2003 წლიდან კი ინტენსიური სამშენებლო ფრონტი გაიხსნება,” აცხადებს გოცირიძე.     

გაზსადენის შეთანხმების რატიფიკაციამ ეკონომიკის ყოფილ მინისტრს, მიხეილ ჯიბუტს იმედი გაუჩინა, რომ “საქართველო მოახდენს თავის იდენტიფიცირებას მსოფლიო ეკონომიკურ პროცესებში”.

გაზსადენის რატიფიკაცია სამივე ექსპერტმა ერთხმად დაასახელა წლის მთავარ ეკონომიკურ მოვლენად.

ფინანსთა ყოფილი მინისტრი დავით ონოფრიშვილი დადებითად აფასებს 2001 წელს პარიზის კლუბთან მიღწეულ შეთანხმებას საქართველოს საგარეო ვალების რესტუქტურიზაციის შესახებ. ონოფრიშვილის აზრით, საქართველოსთვის, რომლის საგარეო ვალი დაახლოებით ორ მლრდ. დოლარს შეადგენს, პარიზის კლუბთან მიღწეული შეთანმხმება სასიცოცხლო მნიშვნელობის იყო.       

მოლაპარაკებებზე საქართველოს დელეგაციამ, რომელსაც ფინანსთა მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი ხელმძღვანელობდა, პარიზის კლუბის წევრ კრედიტორებთან მიაღწია შეთანხმებას 2 წლით ვალების გადავადებას თაობაზე. თუმცა, შესაძლებელია, განსაკუთრებულ შემთხვევაში, შეღავათიანი პერიოდის ერთი წლით გაზრდა. ორმხრივი მოლაპარაკებებს კრედიტორებთან ფინანსთა სამინისტრო ამჟამადაც აწარმოებს.

დავით ონოფრიშვილის შეფასებით, “პარიზის კლუბთან მიღწეულ შეთანხმებას პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოს ფისკალური მდგომარეობიდან გამომდინარე. ვალების რესტრუქტურიზაციის საკითხი იძლევა შანსს იმისას, რომ თუ მომავალ წლებში საკუთარი შემოსავლები გაიზრდება, ფისკალური მდგომარეობა გამოსწორდეს”.

პარიზის კლუბში მიმდინარე მოლაპარაკებების პარალელურად საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობდა დებატები ე.წ. “ნულოვანი ვარიანტის” შეთანხმების თაობაზე. ამ დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს უარი უნდა ეთქვა თავის წილ ქონებაზე ყოფილი საბჭოთა კავშირის აქტივებიდან რუსეთის სასარგებლოდ. თავის მხრივ, რუსეთი საკუთარ თავზე იღებდა იმ ვალის გადახდას, რომელიც საქართველოს ეკუთვნოდა საბჭოთა კავშირის დავალიანებიდან.

საქართველოს პარლამენტმა პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო და “ნულოვანი ვარიანტის” შეთანხმების რატიფიკაცია მოახდინა. დაახლოებით ამავე პერიოდში, პარიზის კლუბმა საქართველოსთვის ვალების რესტრუქტურიზაციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

“2001 წელს მნიშვნელოვანი იყო ის, რომ კვლავ დაფიქსირდა 4,5%-იანი ეკონომიკური ზრდა, მიუხედავად ღრმა საბიუჯეტო, ენერგეტიკული და პოლიტიკური კრიზისისა. 1996 წლიდან ეს ტენდენცია შენარჩუნებულია. თუმცა უარყოფითია ის, რომ ზრდის ძირითადი ნაწილი ჩრდილოვანი ეკონომიკის ხარჯზე ხდება და ხელისუფლების მუშაობის ეფექტურობის ინდიკატორი კვლავ არ გაიზარდა. სახელმწიფო ვერ გახდა უფრო ძლიერი და საბიუჯეტო სისტემა კვლავ მოუწესრიგებელი დარჩა”, – აცხადებს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი. მისი პროგნოზით, ამ მხრივ, უახლოეს მომავალში ვითარება ნალკებად შეიცვლება.

“2001 წლის მთავარი ეკონომიკური მოვლენებიდან, სამწუხაროდ, დადებითი მნიშვნელოვნად ნაკლებია, ვიდრე უარყოფითი”, – აცხადებს რომან გოცირიძე. იგი ყურადღებას რამდენიმე უარყოფით მოვლენაზე ამახვილებს.

საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელის შეფასებით, “პირველი ესაა საბიუჯეტო კრიზისის ქრონიკულ ხასიათში გადაზრდა და სამას მილიონ ლარზე მეტით ბიუჯეტის ხარჯების კვლავ შეკვეცა. ეს კი ითვალისწინებს უცხოური დახმარებებისა და კრედიტების ერთი ნაწილის მიუღებლობასაც, რამაც ლარის კურსზეც მოახდინა გავლენა”.

მეორე მოვლენა, რომელზეც რომან გოცირიძე ამახვილებს ყურადღებას თბილსრესის მეათე ბლოკის აფეთქებაა. ამ ფაქტმა ჩვენ რამდენიმე წლით უკან გადაგვაგდო და კიდევ უფრო გააძლიერა საქართველოს დამორჩილება რუსეთის ენერგოსტრუქტურების მიერ”.

მესამე უარყოფით მოვლენად რომან გოცირიძე მიიჩნევს სამთავრობო კრიზისს, რომელიც, მისი შეფასებით, მხოლოდ დროებით განიმუხტა. ეკონომიკის ყოფილი მინისტრი მიხეილ ჯიბუტი კი აცხადებს, რომ სამთავრობო კრიზისმა უარყოფითი გავლენა მოახდინა ეკონომიკაზე.  

სხვათა შორის, სამივე ექსპერტი ყურადღებას ამახვილებს მთავრობის მიმართ საზოგადოების უნდობლობაზე. 2001 წლის ნოემბრის მოვლენებმა პრეზიდენტი შევარდნაძე აიძულა, მთავრობა მთელი შემადგენლობით დაეთხოვა. თუმცა, მოგვიანებით, იგივე პრეზიდენტისა და პარლამენტის მხარდაჭერით, ძველი მთავრობის თითქმის ყველა წევრი თანამდებობას დაუბრუნდა. ძველ მთავრობას საზოგადოების ნდობა არ ჰქონდა. ასევე შეიძლება ითქვას ახალზეც, რომელსაც ევალება იმ პრობლემების მოგვარება, რისი გადაჭრაც მან წლების მანძილზე ვერ შეძლო.

“იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ 2002 წელი უკეთესი იქნება ძველ წელთან შედარებით, – აცხადებს რომან გოცირიძე, – თუმცა იქნება კი იგი უკეთესი, როგორც ხალხში იტყვიან “ამ მთავრობის ხელში?”

გიორგი კალანდადზე, სივილ ჯორჯია

Back to top button