ახალი ამბები

სახელმწიფო მინისტრი – პრეზიდენტის ფავორიტი

ავთანდილ ჯორბენაძე დეპუტატთა უმრავლესობისთვის მისაღები კანდიდატურაა

ავთანდილ ჯორბენაძეს პარლამენტი 21 დეკემბერს სახელმწიფო მინისტრად დაამტკიცებს. ასეთ პროგნოზს აკეთებენ საპარლამენტო ფრაქციათა წარმომადგენლები, მათ შორის, ისინიც, რომლებიც ჯორბენაძის კანდიდატურას მხარს არ უჭერენ.

“ავთანდილ ჯორბენაძე შეირჩა იმის გამო, რომ მას სახელისუფლებო სისტემაში მუშაობის სერიოზული გამოცდილება აქვს და რადიკალური ნაბიჯების გადადგმას მოერიდება. ამდენად, არ შექმნის კონფრონტაციულ ფონს არც მთავრობის შიგნით და არც პარლამენტთან ურთიერთობაში”, – აცხადებს ფრაქცია “ერთიანი საქართველოს” თავმჯდომარე გიორგი თარგამაძე.

“ჩემი პროგნოზით, ჯორბენაძის კანდიდატურას პრობლემები არ შეექმნება. მისი კანდიდატურის შესახებ ფრაქცია “მრეწველებს” არ უმსჯელიათ, მაგრამ დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ ჯორბენაძის მიმართ დადებითი განწყობა გვაქვს”, – აცხადებს ფრაქცია “მრეწველების” ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ტყემალაძე. ასეთივე პოზიცია აქვს რამდენიმე საპარლამენტო ფრაქციას, მათ შორის, პრეზიდენტ შევარდნაძის მომხრე საპარლამენტო ჯგუფებს. ასე რომ, ავთანდილ ჯორბენაძის დამტკიცებას სახელმწიფო მინისტრად წინ, წესით, არაფერი უნდა ედგას და 21 დეკემბერს მას კაბინეტის შეცვლა შეეძლება.

თუმცა ავთანდილ ჯორბენაძის სახელმწიფო მინისტრად დამტკიცება მხოლოდ პრეზიდენტის მხარდაჭერით არ იქნება გამოწვეული. საქმე ისაა, რომ წლების მანძილზე, ჯანდაცვის მინისტრად ყოფნისას, ავთანდილ ჯორბენაძე პარლამენტართა უმრავლესობას მის კომპეტენციაში შესულ ყველა პრობლემას, შეძლებისდაგვარად, უწყვეტდა.

ჯორბენაძის კანდიდატურის შესახებ ბოლო კენჭისყრა პარლამენტში ორი კვირის წინათ შედგა, როდესაც კანონმდებლებმა ის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად დაამტკიცეს. ამ პოსტზე ჯორბენაძე 1993 წლიდან იმყოფება და პრეზიდენტ შევარდნაძის ფავორიტთა შორის ითვლება. მინისტრად ყოფნისას ავთანდილ ჯორბენაძეს პრეზიდენტმა შენიშვნა მხოლოდ ერთხელ მისცა. შევარდნაძე ჯანდაცვის სფეროში ჩატარებულ რეფორმას სანიმუშოს უწოდებდა.

პრეზიდენტმა გადაწყვეტილება სახელმწიფო მინისტრად ავთანდილ ჯორბენაძის კანდიდატურის წარდგენის შესახებ 17 დეკემბერს მიიღო. “სახელმწიფო მინისტრი კომუნიკაბელური, კოორდინაციის უნარით დაჯილდოვებული და ეკონომიკურ და სოციალურ სფეროში გარკვეული პიროვნება უნდა გახდეს”, – განაცხადა ედუარდ შევარდნაძემ ტრადიციული რადიოინტერვიუს დროს. პრეზიდენტის არჩევანი ბევრი მაღალჩინოსნისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.

“ჯორბენაძის კანდიდატურის წარმოდგენით, პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ სჭირდება კარგი კოორდინატორი”, – მიაჩნია პარლამენტის ვიცე-სპიკერს, გიგი წერეთელს და ჯორბენაძის პროფესიაზე მინიშნებით დასძენს, რომ ქვეყანა მართლაც მკურნალობას საჭიროებს.

ჯორბენაძის კანდიდატურის დასახელებამდე სამთავრობო კულუარებში მიმდინარეობდა საუბარი არა მარტო ჯორბენაძეზე, არამედ რამდენიმე სხვა კანდიდატურაზეც. მათ შორის, პრეზიდენტის კანცელარიის რეგიონალური მართვის ხელმძღვანელ ბადრი ხატიძესა და ყოფილ სახელმწიფო მინისტრ გია არსენიშვილზე. ასევე ვრცელდებოდა ნაკლებად სარწმუნო ვერსიებიც, რისი საბაბიც პრეზიდენტის მიერ სახელმწიფო მინისტრთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების გაჭიანურება გახდა.

2001 წლის 1 ნოემბრამდე სახელმწიფო მინისტრის პოსტი გია არსენიშვილს ეკავა, რომელიც, ისევე როგორც მთავრობის მთელი შემადგენლობა, პრეზიდენტმა ნოემბრის საპროტესტო აქციების შემდეგ გადააყენა. მთავრობის ახალ წევრთა კანდიდატურების წარმოდგენისას, შევარდნაძემ სახელმწიფო მინისტრობა საგადასახადო შემოსავლების ყოფილ მინისტრს, ლევან ძნელაძეს შესთავაზა, თუმცა საპარლამენტო ფრაქციების ლიდერებთან კონსულტაციების შემდეგ, პრეზიდენტმა ძნელაძე კვლავ საგადასახადო შემოსავლების მინისტრად დააბრუნა.

სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა და მისი უფლებამოსილებანი 1995 წლის კონსტიტუციითაა განსაზღვრული. მისი 81-ე მუხლის თანახმად, “მთავრობის შემადგენლობაშია სახელმწიფო მინისტრი, რომელიც ხელმძღვანელობს კანცელარიასა და პრეზიდენტის რწმუნებით ასრულებს მის ცალკეულ დავალებებს”.

მოგვიანებით, კანონში “აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ” სახელმწიფო მინისტრს უფლებები გაეზარდა, თუმცა ეს უპორტფელო მინისტრი მთლიანადაა დამოკიდებული პრეზიდენტსა და მის ნება-სურვილზე. მაგალითად, სახელმწიფო მინისტრს შეუძლია, პრეზიდენტის დავალების შესაბამისად, ჩაატაროს მთავრობის სხდომები. 1995 წლიდან დღემდე არც ერთ სახელმწიფო მინისტრს მთავრობის სხდომა არ ჩაუტარებია. თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ პრეზიდენტს ასეთი დავალების მიცემა აზრადაც არ მოსვლია. 

ფრაქცია “მრეწველების” წევრის, ვახტანგ ხმალაძის განცხადებით, სახელმწიფო მინისტრობის ხიბლი პრეზიდენტთან სიახლოვეშია, რაშიც, ბუნებრივია, მხოლოდ ის არ იგულიხმება, რომ სახელმწიფო მინისტრის კაბინეტი სახელმწიფო კანცელარიის მე-10 სართულზეა, პრეზიდენტისა კი – მე-11-ზე.        

გიორგი კალანდაძე, სივილ ჯორჯია

მსგავსი/Related

Back to top button