ახალი ამბები

ა.შ.შ.-ის თავდაცვის მდივნის ვიზიტი საქართველოში

“ტერორისზმთან ბრძოლისადმი მიდგომაში საქართველოსთან ურთიერთგაგება გვაქვს”

” საქართველოში ჩემი ვიზიტი თავისთავად მეტყველებს თუ რა დიდად აფასებს ა.შ.შ. ამ ქვეყანასთან ურთიერთობებს,” განაცხადა ა.შ.შ.-ის თავდაცვის მდივანმა დონალდ რამსფელდმა 15 დეკემბერს, საქართველოს პრეზიდენტთან ედუარდ შევარდნაძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ.

“ყველა ძირითად საკითხზე ჩვენ სრულ შეთანხმებას მივაღწიეთ. ჩვენი საუბარი ურთიერთგაგების ვითარებაში წარიმართა,” აცხადებს ედუარდ შევარდნაძე.

დონალდ რამსფელდი საქართველოში 15 დეკემბერს ერევნიდან ჩამოფრინდა. საქართველოში სტუმრობა კავკასის სამ სახელმწიფოსა და უზბეკეთში მისი ხუთდღიანი სამუშაო ვიზიტის ნაწილი იყო.

საქართველოს პრეზიდენტის გარდა, ა.შ.შ.-ის თავდაცვის მდივანი თავის ქართველ კოლეგას დავით თევზაძეს, საგარეო საქმეთა მინისტრს ირაკლი მენაღარიშვილსა და პარლამენტის თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს შეხვდა.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები ძირითადად ორ ქვეყანას შორის სამხედრო თანამშრომლობის შემდგომ განვითარებასა და ავღანეთში მიმდინარე ანტიტერორისტულ ოპერაციას შეეხო.

პრეზიდენტ შევარდნაძესთან გამართული შეხვედრისას, ა.შ.შ.-ის თავდაცვის მდივანი რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების დაბომბვების ფაქტსაც შეეხო. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ირაკლი მენაღარიშვილმა განაცხადა “არაბუნებრივი იქნებოდა, რომ დონალდ რამსფელდთან საუბრისას ეს საკითხები განხილული არ ყოფილიყო”. თუმცა არცერთი ოფიციალური პირი არ აკონკრეტებეს რა რეკომენდაციები მისცა ა.შ.შ.-ის თავდაცვის მდივანმა საქართველოს ხელისუფლებას.

ა.შ.შ.-მა 27 ნოემბრის დაბომბვების მეორე დღესვე მხარდაჭერა აღმოუჩინა საქართველოს და დაგმო რუსეთის მიერ განხორციელებული შეტევები.

დონალდ რამსფელდმა მადლობა გადაუხადა ედუარდ შევარდნაძეს იმ პოზიციისთვის, რომელიც საქართველომ ანტიტერორისტული ოპერაციისადმი დაიკავა. “საქართველომ საკმაოდ გაბედული ნაბიჯები გადადგა და კარგი არჩევანი გააკეთა ამ მხრივ. ჩვენ აბსოლიტური  ურთიერთგაგება გვაქვს ტერორისზმთან ბრძოლისადმი მიდგომაში.” განაცხადა ა.შ.შ.-ის თავდაცვის მდივანმა.

დონალდ რამსფელდის ამ განცხადებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმ ფონზე, როდესაც რუსეთი გამუდმებით ადანაშაულებს საქართველოს ჩეჩენი და დაქირავებული მებრძოლების შეფარებაში.

პრეზიდენტმა შევარდნაძემ აღიარა რომ საქართველოს აქვს სერიოზული პრობლემები ტერორისტული ჯგუფების არსებობის მხრივ. “მე თავად ორჯელ გამოვცადე საკუთარ თავზე მათი თავდასხმები.” თუმცა შევარდნაძეს არ დაუკონკრეტებია რომელ ჯგუფებს გულისხმობს.

მოლაპარაკებებისას საქართველოსთვის უმთავრესი მაინც ა.შ.შ.-ის მხრიდან სამხედრო დახმარების გაწევის შემდგომი პერსპექტივები იყო. “ა.შ.შ. საციცოცხო მნიშვნელობის დახმარებას გვაწვდის თანამედროვე ჯარების შექმნის მხრივ. ეს არის ხანგრძლივი თანამშრომლობის პროგრამა,” აცხადებს პრეზიდენტი შევარდნაძე.

ამ მოსაზრებას დონალდ რამსფელდიც იზიარებს. “ჩვენ ვისაუბრეთ სამხედრო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. ამ მიმართებით შემდგომი ნაბიჯების გადადგმა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია,” განაცხადა ა.შ.შ.-ის თავდაცვის მდივანმა.

ორ ქვეყანას შორის სამხედრო თანამშრომლბა ოთხ წელს მოიცავს. თანამშრომლობა ქართველი სამხედროების მომზადებითა და ტრეინინგებით დაიწყო, რაც შემდგომში სამხედრო ტექნიკურ დახმარებაში გადაიზარდა.

ამ დახმარებიდან უმნიშვნელოვანესი იყო საქართველოსთვის სატრანსპორტო ვერტმფრენების გადმოცემით განხორციელდა. 2001 წლის 23 ოქტომბერს ა.შ.შ.-მა საქართველოს ოფიციალურად გადასცა 6 ამერიკული იროკეზის ტიპისH- UH-1H “Hუეყ”-ს ვერტმფრენები. ვერტმფრენების ეკიპაჟის მომზადებაც აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ ითავა.

ამავე პერიოდში, ა.შ.შ.-ის ევროპული სარდლობის სამხედრო ექსპერთა ჯგუფმა დაიწყო მუშაობა დახმარების ახალი ორმხრივი პროგრამის შექმნაზე. ამ ჯგუფმა, რომელსაც ა.შ.შ.-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწე პოლკოვნიკი ოთარ შალიკაშვილი მეთაურობს, პირველადი სამუშაოები საქართველოს სამხედრო ნაწილებში ოქტომბერში ჩაატარა.

2002 წელს გათვალისწინებულია საქართველოს საზღვრის დაცვის მიზნით სასაზღვრო ჯარების ტექნიკური დახმარების პროგრამა. იგი ითვალისწინებს საქართველოს საზღვრის მთელ პერიმეტრზე კონტროლის განხორციელებისათვის ტექნიკური აღჭურვილობის სისტემაზე მუშაობას.

ა.შ.შ.-ის საქართველოსადმი სამხედრო დახმარების მოცულობამ დაახლოებით 25 მილიონი დოლარის შეადგინა. დონალდ რამსფელდის ვიზიტი და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ მასთან შეხვედრის შემდეგ გაკეთებული განცხადებები ცხადყოფს, რომ ეს ციფრი კიდევ უფრო გაიზრდება.

გიორგი სეფაშვილი, სივილ ჯორჯია

მსგავსი/Related

Back to top button