Placeholder canvas
ახალი ამბები

დეპორტირებული მესხები – საქართველოს მორიგი პრობლემა

“დილის გაზეთი”

(ქართული პრესის მიმოხილვა. “სივილ ჯორჯია”. 14.12.01) – XX საუკუნის 40-იან წლებში სამხრეთ საქართველოდან დეპორტირებული მესხების რეპატრიაციის საკითხი დიდი ხანია აღელვებს ქართულ პოლიტიკურ წრეებსა და საზოგადოებას. მათი საქართველოში ჩამოსახლება ერთ-ერთი ვალდებულებაა, რომელიც საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანებისას დაეკისრა. ეს არის პრობლემა, რომელიც, ადრე თუ გვიან, აუცილებლად უნდა გადაიჭრას.

“დილის გაზეთის” განცხადებით, საქართველოში ამ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებები არსებობს. საზოგადეობის დიდი ნაწილი დეპორტირებულების საქართველოში ჩამოსახლებას რეალობის გათვალისწინებით პრობლემატურად მიიჩნევს.
 
მესხების რეპატრიაციის საკითხზე მუშაობს სამთავრობო კომისია, თუმცა მას ერთი ჩამოყალიბებული მოსაზრება არ გაჩნია. კომისიის ერთადერთი დამსახურება არის ის, რომ შემუშავდა შესაბამისი კანონპროექტი, რომელიც 2001 წლის მარტში წარდგენილი იქნა სტრასბურგში ევროსაბჭოს ექსპერტიზაზე.

რეპატრიაციის დეპარტამენტის დირექტორს დავით ჯაფარიძეს მიაჩნია, რომ დეპიორტირებული მაჰმადიანი მესხების საქართველოში დაბრუნებაზე პასუხისმგებლობა მხოლოდ საქართველოს არ უნდა დაეკისროს. მასზე პასუხისმგებელი უნდა იყოს რუსეთიც, როგორც საბჭოთა კავშირის სამართლებრივი მემკვიდრე. ჯაფარიძე ასევე ვარაუდობს, რომ თუ დეპორტირებულებს ავტომატურად მიეცემათ საქართველოს მოქალაქეობა, ამან შეიძლება ჩვენს ქვეყანაში დეპორტირებული მესხების მოზღვავება გამოიწვიოს.

სამთავრობო კომისიის წევრი ელდარ შენგელაია ასეთ შემთხვევას გამორიცხავს. მისი აზრით, 300 ათასი დეპორტირებულიდან შესაძლოა საქართველოში დაბრუნების მსურველი მხოლოდ 20-30 ათასი იყოს.

არსებობს სხვა არგუმენტებიც, რომელიც დეპორტირებული მესხების საქართველოში ჩამოსახლების არასასურველობას ამტკიცებს. სამთავრობო კომისიის წევრის როინ მეტრეველის განცხადებით, დეპორტირებულთაAუმრავლესობა თურქული მენტალიტეტისაა და მათი თურქეთის მოსაზღვრე რეგიონში ჩასახლება საშიშია. სხვა წევრების თქმით კი, დეპორტირებულები საქართველოს პრობლემებს შეუქმნიან იმით, რომ გაუჭირდებათ მის ენასთან, კულტურასთან და ტრადიციებთან შეგუება.

ჩამოსახლებულთა მოზღვავება რომ თავიდან ავიცილოთ, სამთავრობო კომისიის წევრთა აზრით, რეპატრიაცია უნდა განხორციელდეს ნაბიჯ-ნაბიჯ, საქართველოს სახელმწიფო ინტერესების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით, წერს “დილის გაზეთი”.

გაზეთს მიაჩნია, რომ, თუ დასავლეთს დავუსაბუთებს, რომ მაჰმადიანი მესხების რეპატრიაცია საქართველოს უშიშროებას საფრთხეს შეუქმნის, მაშინ საკითხის გადავადდება მაინც. გაზეთის აზრით, დროულად უნდა შეიქმნას ისეთი საკანონმდებლო ბაზა, რომელიც ერთდროულად ქართულ სახელმწიფოებრიობასაც დაიცავს და დასავლეთის თვალში ჰუმანურ ქვეყნადაც წარმოგვაჩენს.

მსგავსი/Related

Back to top button