ახალი ამბები

ბრძოლა მოქალაქეთა კავშირისთვის

მალე გაირკვევა გახდება თუ არა იგი ოპოზიციური პარტია

“საქართველო მოქალაქეთა კავშირი” (ს.მ.კ.) ცვლილებებისთვის ემზადება. 22 დეკემბრისთვის დაგეგმილი ყრილობის შემდეგ მოქალაქეთა კავშირის წევრთა რიგები მნიშვნელოვნად შეთხელდება. დაპირისპირება ედუარდ შევარდნაძესა და ე.წ. რეფორმატორებს შორის, ამჯერად, პარტიის მასშტაბით გრძელდება.

22 დეკემბერს გაირკვევა, ვის დარჩება მოქალაქეთა კავშირი, პრეზიდენტსა და მის მომხრე ძალებს, თუ ე.წ. რეფორმატორებს, რომლებიც ღიად აკრიტიკებენ პრეზიდენტის პოლიტიკას. “ყრილობის შემდეგ გაირკვევა პარტიის კურსიც, მოქალაქეთა კავშირი სახელისუფლებო პარტიად დარჩება, თუ ოპოზიციურ გაერთიანებად გადაიქცევა”, – აცხადებს პარტიის გენერალური მდივანი ედვარდ სურმანიძე. ის დასძენს, რომ პარტიის ხელმძღვანელობა საკუთარი ვალდებულებების გადახედვას გეგმავს.

ედვარდ სურმანიძე ამჟამად პარტიის ყრილობის მოსამზადებელ საორგანიზაციო კომიტეტს ხელმძღვანელობს. კომიტეტში 35 წევრია, მათ შორის, ე.წ. რეფორმატორთა ყოფილი მოკავშირე,  ამჟამად კი მათი ერთ-ერთი მთავარი მოწინააღმდეგე, პრეზიდენტის რწმუნებული ქვემო ქართლის რეგიონში ლევან მამალაძე. ის ამ რეგიონში მოქალაქეთა კავშირის სამხარეო ორგანიზაციას ხელმძღვანელობს. ლევან მამალაძე აცხადებს, რომ მოქკავშირს მისი ამჟამინდელი ხელმძღვანელობა როგორც პატარა პარტიას, ისე მართავს. მამალაძე ემიჯნება პარტიის ხელმძღვანელთა კურსს და მოითხოვს მათ გადადგომასა და პარტიიდან გარიცხვასაც კი.

მამალაძე საქართველოს ერთ-ერთ ისეთ რეგიონს ხელმძღვანელობს, რომლის ტერიტორიაზეც კომპაქტურადაა დასახლებული აზერბაიჯანული მოსახლეობა. როგორც წესი, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ყოველი საპარლამენტო თუ საპრეზიდენტო არჩევნების წინ ამ რეგიონს მეზობელი აზერბაიჯანის ხელმძღვანელები სტუმრობენ, რომლებიც ადგილობრივ არაქართულ მოსახლებას პრეზიდენტისა და მისი პარტიის მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ. რეგიონიდან, რომელსაც ლევან მამალაძე ხელმძღვანელობს, არჩევნებისას პრეზიდენტსა და მის პარტიას 300-ათასამდე მხარდამჭერი ჰყავთ. ქვემო ქართლიდან ხმებს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება არჩევნებისას.

მამალაძე არ არის ერთადერთი, ვინც მოქალაქეთა კავშირის ხელმძღვანელობის წინააღმდეგია. უკმაყოფილოთა შორის თვით ის ადამიანიცაა, რომლის მხარდასაჭერად 1994 წელს მოქალაქეთა კავშირი შეიქმნა – ედუარდ შევარდნაძე. პრეზიდენტმა თავისი დამოკიდებულება “მოქალაქეთა კავშირის” ელიტის მიმართ მაშინ დააფიქსირა, როდესაც პარტიის თავმჯდომარის პოსტი დატოვა და პარტიის რიგით წევრი გახდა.

დღეს ზურაბ ჟვანიას, ედვარდ სურმანიძისა და მათ თანამოაზრეთა წინააღმდეგ “მოქალაქეთა” თითქმის ყველა ძირითადი ჯგუფი გამოდის. თუმცა მათი კრიტიკა ნაკლებად უკავშირდება ს.მ.კ. ამჟამინდელი ხელმძღვანელობის უშუალოდ პარტიულ საქმიანობას. უბრალოდ, 1999 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან დღემდე პარტია, რომელიც პარლამენტში უმრავლესობით მოვიდა, რამდენიმე ფრაქციად დაიშალა. ამ ფრაქციათა წევრები, რომლებიც ჯერ კიდევ არიან მოქალაქეთა კავშირში, საკანონმდებლო ორგანოში ერთმანეთის ოპოზიციას წარმოადგენენ.

“ყრილობაზე აუცილებლად დაისმება სერიოზული კითხვები: თუ რატომ მივიდა პარტია ამ მდგომარეობამდე, როდესაც მისი რეიტინგი არ აღემატება 9%-ს, რატომ გადადგა პარტიის თავმჯდომარე, რატომ დაიშალა უმრავლესობა, რომელიც სმკ-ს ჰყავდა პარლამენტში და ა.შ.” – აცხადებს ფრაქცია “ალიანსი ახალი საქართველოსთვის” თავმჯდომარე ირაკლი გოგავა. მისი ფრაქცია რამდენიმე თვის წინათ შეიქმნა. მანამდე კი მისი წევრები ფრაქცია “მოქალაქეთა კავშირის” შემადგენლობაში იყვნენ. “ალიანსის” შექმნა ზურაბ ჟვანიასა და ლევან მამალაძეს შორის არსებულმა დაპირისპირებამ გამოიწვია. 1999 წელს “მოქალაქეთა” საარჩევნო სიის შედგენისას, ქვემო ქართლში პრეზიდენტის რწმუნებულის რეკომენდაციით, სიის გამსვლელ ნაწილში საკმარისზე მეტი კანდიდატი მოხვდა იმისათვის, რომ სამომავლოდ ფრაქცია შექმნილიყო. ამით მან მიიღო გარანტია, პარლამენტში პოლიტიკური დასაყრდენი ჰქონოდა ფრაქციის სახით.

“მოქალაქეთა” სიაში საკუთარი კვოტები ასევე გააჩნდათ სხვა რეგიონებსა და ზოგიერთ პარტიულ ლიდერს. მაგალითად, პარტიის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, ნიკო ლეკიშვილს. 1999 წლის არჩევნების შემდეგ ლეკიშვილი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერია, თუმცა 2001 წლის ზაფხულში მისი დაშლის შემდეგ ის უარს ამბობს რომელიმე ფრაქციაში გაერთიანებაზე და იწყებს მოძრაობას მაჟორიტარ დეპუტატთა მთავარი საბჭოს შექმნის მიმართულებით. ამაში გასაკვირი თითქოს არაფერია, რადგან ლეკიშვილი თავადაც მაჟორიტარია ამბროლაურის რაიონიდან.

ლეკიშვილის თაოსნობით, შევარდნაძის მიმართ ლოიალურად განწყობილი მაჟორიტარები ერთხელ უკვე შეხვდნენ ერთმანეთს. მათი მომდევნო შეხვედრა 22 დეკემბრამდეა მოსალოდნელი.

გავლენიან “მოქალაქეთა” შორის არიან ე.წ. საინიციატივო ჯგუფის წევრებიც, რომლებმაც 1994 წელს ჩამოაყალიბეს მოძრაობა ედუარდ შევარდნაძის მხარდასაჭერად. მათი ნაწილი შემდგომში მოქალაქეთა კავშირში გაერთიანდა. ამ ჯგუფის წევრები ხმას იმას მისცემენ, რასაც მხარს პრეზიდენტი შევარდნაძე დაუჭერს.

“მე ვაპირებ დავესწრო ამ ყრილობას როგორც რიგითი წევრი”, – განაცხადა პარტიის ყოფილმა თავმჯდომარემ პრეზიდენტმა შევარდნაძემ. ის თავის პოზიციას პარტიის მომავლის შესახებ 22 დეკემბერს ს.მ.კ.-ის ყრილობაზე გამოსვლისას დააფიქსირებს. ჯერჯერობით კი პრეზიდენტმა მხოლოდ ის აღნიშნა, რომ “მოქალაქეთა კავშირმა დროის გარკვეულ ეტაპზე თავისი როლი შეასრულა ქვეყნის ცხოვრებაში. მას, მართალია, ახლაც აქვს დატვირთვა, მაგრამ დრო იცვლება”.

გიორგი კალანდაძე, სივილ ჯორჯია

მსგავსი/Related

Back to top button