ახალი ამბები

ნონსენსია სუვერენული სახელმწიფო დამოუკიდებელ სახელმწიფოში

“დილის გაზეთი”

(ქართული პრესის მიმოხილვა. “სივილ ჯორჯია”. 12.12.01) – გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში გრძელდება კონსულტაციები უშიშროების საბჭოს რეზოლუციის თაობაზე – საქართველოს შემადგენლობაში აფხაზეთის მომავალი სტატუსის შესახებ. “დილის გაზეთი” აღნიშნავს, რომ ამ დოკუმენტს საქართველოსთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან მისი საშუალებით უშიშროების საბჭო საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას დოკუმენტურად აღიარებს.

სოხუმი და მოსკოვი დოკუმენტის მიღებას ყველანაირად ეწინააღმდეგება. ჯერ კიდევ წელიწადნახევირს წინ, როდესაც საქართველოს ხელისუფლების მიერ შემუშავებული დოკუმენტი ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოწესრიგების თაობაზე გაეროს გენერალური მდივნის მეგობართა ჯგუფში მოიწონეს, რუსეთი იყო ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც იგი დაიწუნა. შესაბამისად, საქმე კენჭისყრამდე არ მისულა. 

“2001 წლის დასაწყისისთვის, გაეროში რუსეთის წარმომადგენელი ლავრინი მიხვდა, რომ გაცილებით უფრო ეშმაკური იქნებოდა ტაქტიკის შეცვლა: რუსეთი უკვე კი არ ბლოკავდა რეზოლუციას, არამედ ცდილობდა, მასში ისეთი დებულებების შეტანას, რაც საქართველოსთვის იქნებოდა მიუღებელი”, წერს გაზეთი.

გაეროს უშიშროების საბჭომ აფხაზეთის სტატუსი აუცილებლად საქართველოს შემადგენელობაში უნდა განსაზღვროს, გასარკვევია მხოლოდ ის, თუ რა უფლებებს მიანიჭებს მას. ბოლო დოკუმენტი, რომელიც გაერომ ამ საკითხთან დაკავშირებით წარმოადგინა, ითვალიწინებს აფხაზეთის სუვერენულ რესპუბლიკას დამოუკიდებელი და ერთიანი საქართველოს ფარგლებში.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე თამაზ ნადარეიშვილი დოკუმენტის შინაარსს აბსურდულს უწოდებს. “მე ვერ წარმომიდგენია დამოუკიდებელი სახელმწიფო დამოუკიდებლი სახელმწიფოს ფარგლებში, ვინაიდან სუვერენული თავისთავად დამოუკიდებელს ნიშნავს”, აცხადებს ნადარეიშვილი.

“დილის გაზეთი” დარწმუნებულია, რომ საქართველო აფხაზეთის სუვერენულ რესპუბლიკად გამოცხადებას არ დათანხმდება და, შესაბამისად, მოლაპარაკებები კვლავ ჩიხში შევა. მისი აზრით, საქართველოს პოზიცია კარგად იციან მათ, ვინც აღნიშნული დოკუმენტი შეადგინა, რაც ეჭვს ბადებს, რომ გაეროს წარმომადგენლობა საქართველოში სულაც არ არის დაინტერესებული კონფლიქტის მოგვარებით. “ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში გაეროს თითქმის 8 წლიანმა მოღვაწეობამ საქართველოსვის ვერანაირი დადებითი შედეგი ვერ გამოიღო”, დასძენს გაზეთი.

 

მსგავსი/Related

Back to top button