ახალი ამბები

“ახალი საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა შეუძლებელია”

ინტერვიაუ ირაკლი გოგავასთან, ფრაქცია “ალიანსი – ახალი საქართველოსთვის” თავმჯდომარე

ფრაქცია 2001 წლის 2 ოქტომბერს შეიქმნა, “მოქალაქეთა კავშირიდან” გამოსული  წევრების საფუძველზე. ფრაქციაში 17 დეპუტატია გაერთიანებული.

ირაკლი გოგავა “მოქალაქეთა კავშირის” დატოვების მთავარ მიზეზად ფრაქციაში გადაწყვეტილებების მიღებისას გამჭვირვალეობის არ არსებობას ასახელებს. “უმრავლესობა დეპუტატებისა გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობას ვერ იღებდა, რაც მათ დიდ უკმაყოფილებას იწვევდა. შედეგად ჩვენ გადავწყვიტეთ საკუთარი ფრაქციის ჩამოყალიბება, რომელმაც მემარცხენე-ცენტრისტული ორიენტაცია აირჩია. შესაბამისად ფრაქციის მთავარ ორიენტირს სოციალური პროგრამების განხორციელება წარმოადგენს”.

პოლიტიკურ წრეებში ფრაქციას იმ ჯგუფებს შორის მოიაზრებენ, რომლებიც პარლამენტში პრეზიდენტის დასაყრდენს წარმოადგენს. ირაკლი გოგავა ამ მოსაზრებას უარყოფს და აცხადებს, რომ მართალია ძალიან ბევრ საკითხში ეთანხმებიან პრეზიდენტს, მაგრამ მათ შორის წინააღმდეგობებიც მრავლად არსებობს. “ასეთი მოსაზრება მას შემდეგ გავრცელდა რაც პრეზიდენტმა ერთ-ერთ თავის რადიოინტერვიუში განაცხადა, რომ პარლამენტში მისი მხარდამჭერი სწორედ ფრაქცია “ალიანის ახალი საქართველოსთვის” არის”, აცხადებს გოგავა.

“ალაინსი ახალი საქართველოსთვის” ასევე მიჩნეულია ქვემო ქართლის რეგიონში პრეზიდენტ შევარდნაძის რწმუნებულის ლევან მამალაძის დასაყრდენადაც. ირაკლი გოგავა ამ მოსაზრებასაც უარყოფს და აცხადებს, რომ არ შიძლება რომელიმე გუბერნატორს პარლამენტში თავისი დასაყრდენი ყავდეს. თუმცა აქვე დასძენს: “არ ვუარყობ, რომ ფრაქცია მამალაძეს მხარს უჭერს. უბრალოდ წარმოუდგენელია, რომ ქვემო ქართლის გუბერნატორი გულგრილი იყოს ჩვენდამი, ამ ფრაქციის 11 წევრი ხომ მისი რეგიონიდან არიან არჩეულნი”.

ფრაქცია “მოქალაქეთა კავშირის” დატოვების მიუხედავად ირაკლი გოგავას და მის თანამოაზრეებს არ დაუტოვებიათ თავად პარტია “საქართველოს მოქალაქეთა კავშირი” (ს.მ.კ.). პარტიის წევრთა ნაწილი (ზურაბ ჟვანია, ედვარდ სურმანიძე – პარტიის გენერალური მდივანი) მოითხოვენ რათა ირაკლი გოგავამ და მისი ფრაქციის სხვა წევრებმა პარტიაც დატოვონ. აღნიშნული საკითხი პარტიის ყრილობაზე, რომელიც 22 დეკემბერს გაიმართება, ცენტრალური იქნება.

ირაკლი გოგავას ს.მ.კ.-ის ხელმძღვანელობასთან სერიოზული პრეტენზიები აქვს. “რატომ მივიდა ერთ დროს მმართველი პარტია იმ მდგომარეობამდე როდესაც მისი რეიტინგი 9%-ს არ აღემატება? რატომ უძახის მოსახლეობა პარტიას კორუმპირებულს?”, ამ შეკითხვებზე პასუხს გოგავა პარტიის ხელმძღვანელობისგან ელის.

ს.მ.კ.-ის თავმჯდომარის პოსტი პრეზიდენტმა სულ ორიოდე თვის წინ დატოვა, თუმცა გოგავა “მოქალაქეთა კავშირის” დისკრედიტაციაში ედუარდ შევარდნაძეს არ ადანაშაულებს. მისი თქმით “პრეზიდენტი საერთოდ არ ერეოდა პარტიულ ცხოვრებაში. ის ს.მ.კ.-ის ოფისშიც კი არ არის ნამყოფი”.

რაც შეეხება საკანონმდებლო ორგანოში არსებულ ვითარებას, ირაკლი გოგავა ამ მოწვევის პარლამენტში უმრავლესობის შექმნას შეუძლებლად მიიჩნევს. “ახალი უმრავლესობის შექმნა არც არის საჭირო. როდესაც უმრავლესობა არსებობდა ამან ქვეყანას არაფერი სასიკეთო არ მოუტანა. ამ იდეის მომხრეებს არგუმენტად მოყავთ, რომ უმრავლესობა სტაბილურობის გარანტიაა. თუმცა სტაბილურობა უფრო შევარდნაძის დამსახურებაა, ვიდრე ყოფილი საპარლამნეტო უმრავლესობისა”, აცხადებს ირაკლი გოგავა. 

შესაბამისად ფრაქცია “ალანსი ახალი საქართველოსთვის” ლიდერი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასაც არ მიიჩნევს საჭიროდ, როგორც ამას პარლამეტნში მყოფი რეფორმატორთა წარმომადგენლები მოითხოვენ. იგი იზიარებს პრეზიდენტის პოზიციას და აცხადებს, რომ ვადამდე ხელისუფლების შეცვლა ქვეყნისთვის სახიფათო იქნება. “ამას გარდა ვადამდელი არჩევნების ჩატარება პარლამენტში 157 დეპუტატის ხმის მოგროვებას საჭიროებს, რაც ფაქტიურად კონსესუს ნიშნავს. ეს კი დღევანდელ პარლამენტში შეუძლებელია”, მიიჩნევს გოგავა.

კრიზისული მდგომარეობიდან გამოსავალს იგი მინისტრთა კაბინეტის შემოღებაში ხედავს. ფრაქცია “ალიანსი ახალი საქართველოსთვის” ძირითადად ემხრობა პრეზიდენტის მიერ პარლამენტში მაისში წარმოდგენილ კანონპროექტს მინისტრთა კაბინეტის შესახებ. კანონპროექტი პრეზიდენტის უფლებების გაზრდას ითვალისწინებს.

ირაკლი გოგავას თქმით, “ამ კანონპროექტში არის გარკვეული საკითხები, რომელიც შეიძლება სადაო იყოს, მაგალითად პრეზიდენტს ეძლევა პარლამენტის დათხოვის უფლება. მაგრამ ძირითადად ეს კანონპროექტი მისაღებია.”

მართალია ამ სახის საკონსტიტუციო ცვლილებას პარლამენტის ორი მესამედის მხარდაჭრა ესაჭიროება (157 ხმა 235-დან), მაგრამ ირაკლი გოგავა იმედოვნებს, რომ ამ საკითხის გარშემო მაინც იქნება შესაძლებელი დეპუტატების კონსოლიდაცია.

მსგავსი/Related

Back to top button