ახალი ამბები

“უფორმობის პოლიტიკური განსხეულება”

“დილის გაზეთი”

(ქართული პრესის მიმოხილვა. “სივილ ჯორჯია”. 10.12.01) – “დილის გაზეთი” სტატიაში სათაურით “რას ელოდა საზოგადოება შევარდნაძისგან და რა მიიღო” საუბრობს დღევანდელ ქართულ საზოგადოებაზე, “რეფორმატორთა” გუნდზე და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე.

გაზეთს მიაჩნია, რომ არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებაში, როდესაც ყველაფერი კრიზისმა მოიცვა, საზოგადოებრივი აზრის მანიპულირება ძალიან ადვილია. “ფორმირებულია ეგრეთ წოდებული კრიზისული აზროვნება, რომლის ძირითადი მახასიათებელია ინსტინქტურ მოთხოვნილებებზე ორიენტაცია, აგრესიულობა, კრიტიკული აზროვნების უქონლობა,” წერს გაზეთი და დასძენს, რომ კულტურულად და პოლიტიკურად დეზორიენტირებულ საზოგადოებას მოვლენათა შეფასების რეალური კრიტერიუმი არ გააჩნია.

“დილის გაზეთი” “რეფორმატორთა” გუნდის მიერ პრეზიდენტისგან გამიჯვნის ორ სავარაუდო მიზეზზე საუბრობს. ერთის თანახმად, პრეზიდენტის ორბიტაზე მოქმედმა “რეფორმატორებმა” ბოლომდე ვერ შეძლეს პოლიტიკურ პროცესებზე მათთვის სასურველი გავლენის მოპოვება. მეორე ვარიანტის თანახმად კი, ისინი ცდილობენ მათ მიერ მხარდაჭერილ პოლიტიკას გაემიჯნონ და ამით მოიპოვონ საზოგადოებრივი მხარდაჭერა, რაც, გაზეთის აზრით, ნონსენსია.

“დილის გაზეთი” ვარაუდობს, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნა “რეფორმატორთათვის” ხელისუფლებაში დარჩენის ერთადერთი შანსია, თუმცა თვლის, რომ არსებულ პორობებში ვადამდელი არჩევნები ნიშნავს სრულიად გაურკვეველი ფორმის საარჩევნო ბლოკებისა და კოალიციების შექმნას. “ხელისუფლებაში მოსვლისთანავე პოლიტიკური გავლენის სფეროების გადანაწილება დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს ქვეყანაში არსებულ ისედაც მყიფე სტაბილურობას. ამ ნიადაგზე წარმოშობილი პოლიტიკურ-სახელმწიფოებრივი კრიზისი ბევრად უფრო დამანგრეველი იქნება, ვიდრე ახლა”. გაზეთის აზრით, საარჩევნო ციებ-ცხელება უკიდურესად გაამწვავებს პოლიტიკურ ძალთა დაპირისპირებას და საზოგადოების სულ უფრო ფართო ფენებს ჩაითრევს ამ პროცესში.

“ოპტიმალურ ვარიანტად შეიძლება მივიჩნიოთ სახელისუფლებო და მთლიადან პოლიტიკური სისტემის დღეს არსებული სტატუსკვოს შენარჩუნება, იმ პირობით, რომ პრეზიდენტიც და პოლიტიკური ძალებიც გამოავლენენ თანხმობის მიღწევისთვის აუცილებელ პოლიტიკურ ნებას”, წერს გაზეთი და მოგვიანებით დასძენს, რომ ქართულმა საზოგადოებამ ხელისუფლების სახით უფორმობის პოლიტიკური განსხეულება მიიღო.  

მსგავსი/Related

Back to top button