ახალი ამბები

პრეზიდენტმა პარლამენტთან საერთო ენა გამონახა

პრეზიდენტმა მთავრობა თავის სასარგებლოდ დააკომპლექტა

ახალი მთავრობა, ძირითადად, პრეზიდენტის გუნდს წარმოადგენს. ამდენად, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ პრეზიდენტისა და საპარლამენტო ძალთა კონსულტაციები მთავრობის დაკომპლექტებასთან დაკავშირებით წარმატებული გამოდგა.

“თუ ადრე გვყავდა აწ უკვე დაშლილი უმრავლესობის მიერ დამტკიცებული მთავრობა, ახლა ისინი მთელმა პარლამენტმა დაამტკიცა”, – აცხადებს ფრაქცია “მოქალაქეთა კავშირის” თავმჯდომარის მოადგილე ვასილ მაღლაფერიძე.

8 დეკემბერს საქართველოს ახლადარჩეულმა მთავრობამ პირველი სხდომა გამართა. პრეზიდენტმა შევარდნაძემ მინისტრებს პარლამენტის მხარდაჭერა მიულოცა. საქართველოს მთავრობა მუშაობას არასრული შემადგენლობით დაიწყო. ვაკანტურია სახელმწიფო და გარემოს დაცვის მინისტრების სავარძლები. სხდომაზე პრეზიდენტს არ დაუსახელებია ის კანდიდატები, რომლებსაც იგი პარლამენტს ამ პოსტებზე დასამტკიცებლად წარუდგენს.

ამჟამად, პრეზიდენტსა და საპარლამენტო ფრაქციებს შორის საკადრო საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობს. თუ სხვა მინისტრების დამტკიცების გამოცდილებას გავითვალისწინებთ, სავარაუდოა რომ კონსულტაციები ამჟამადაც წარმატებით დასრულდება.

1 ნოემბერს, პრეზიდენტმა დაითხოვა მთავრობა, რომელიც ქვეყანას 2000 წლის გაზაფხულიდან მართავდა. 7 დეკემბერს პარლამენტმა პრეზიდენტის მიერ პარლამენტში წარდგენილი ბოლო კანდიდატი დაამტკიცა მინისტრად. მას მხარი არა მხოლოდ ექს-უმრავლესობაში შემავალმა ფრაქციებმა, არამედ ოპოზიციურმა გაერთიანებებმაც დაუჭირეს. ასე რომ, ახალი მთავრობა თითქმის ყველა საპარლამენტო ძალის ინტერესს გამოხატავს.

პარლამენტი მხარს უჭერს თითქმის ყველა კანდიდატს. უნდობლობას მხოლოდ გარემოს დაცვის მინისტრობის კანდიდატს გამოუცხადეს. “კენჭისყრის წინა დღემდე რამდენიმე კანდიდატს მინისტრად გასვლის მინიმალური შანსი ჰქონდა. თუმცა საპარლამენტო ფრაქციებს შორის კონსულტაციების შემდეგ ვითარება შეიცვალა”, – აღნიშნავს ფრაქცია “მრეწველების” წევრი ვახტანგ ხმალაძე. მისი თქმით, მინისტრობის კანდიდატების გასვლაზე გავლენა მოახდინა მათმა პირადმა ურთიერთობებმა დეპუტატებთან. ამავე მოსაზრებას იზიარებს ფიქრია ჩიხრაძე (ფრაქცია “ახალი მემარჯვენეები”).

ასე მაგალითად, ცნობილი იყო, რომ “აღორძინების” ბლოკში შემავალი ფრაქციების ერთი ნაწილი ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრად მერაბ ადეიშვილის დამტკიცების წინააღმდეგი იყო. ადეიშვილისა და ბათუმის ორბიტაზე მყოფი პოლიტიკოსების დაპირისპირება საქართველოს საზღვაო-სავაჭრო ფლოტში არსებულმა ვითარებამ განაპირობა. მხარეები ერთმანეთს ფლოტის ქონების განიავებაში სდებენ ბრალს. სანაოსნოს საქმეს ცალ-ცალკე იძიებენ საქართველოს გენერალური პროკურატურა თბილისში და აჭარისა – ბათუმში.

ასევე ცნობილი იყო ფრაქცია “სოციალისტებისა” და სათბობ-ენერგეტიკის მინისტრის, დავით მირცხულავას დაპირისპირების შესახებ. ფრაქციის ცალკეული წევრები, რომლებიც ჰიდროენერგეტიკის სექტორში მსხვილ ენერგოკომპანიებს ფლობენ, მინისტრის საქმიანობას არადამაკმაყოფილებლად აფასებდნენ. მირცხულავას წინააღმდეგ მისცეს ხმა მესტიის მაჟორიტარმა, ლევან პირველმა და მის მომხრეებმა. პირველი-მირცხულავას კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც სათბობ-ენერგეტიკის სამინისტრო პარლამენტარის კომპანიას “ანგლო-ოილს” დაუპირისპირდა.

კიდევ ერთ საპარლამენტო ფრაქციას “ახალ მემარჯვენეებს” მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება გააჩნდა ფინანსთა მინისტ ზურაბ ნოღაიდელთან. თუმცა სამივე მინისტრმა ხმების იმაზე მეტი რაოდენობა მიიღო, ვიდრე 2000 წელს, პარლამენტში მათი ბოლო დამტკიცებისას.
ცალკეულ საპარლამენტო ფრაქციებს მინისტრობის კანდიდატურების წინა პერიოდში მუდმივი შეხვედრები ჰქონდა პრეზიდენტთან.

ეს ფრაქციები ყოფილ უმრავლესობაში შედიოდნენ და დღესაც პრეზიდენტის მომხრეებად რჩებიან. ერთ-ერთი ასეთი ფრაქციის “თანადგომის” წარმომადგენელი სოლომონ პავლიაშვილი 7 დეკემბერს პარლამენტმა სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრად დაამტკიცა. საპარლამენტო ფრაქციებმა დაპირებები მიიღეს პრეზიდენტისა და მინისტრებისგან, რამაც მთავრობის დაკომპლექტება შესაძლებელი გახადა. 

საქართველოს ახალი მთავრობა, ძირითადად, ძველი მინისტრებისგან შედგება. ახალი ხელმძღვანელები ჰყავთ უშიშროებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს. უშიშროების მინისტრს, ვალერი ხაბურძანიას ამ პოსტზე დანიშვნამდე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის თანამდებობა ეკავა. მანამდე კი ის უშიშროების საბჭოს ერთ-ერთი სამსახურის უფროსი გახლდათ.

რაც შეეხება შინაგან საქმეთა მინისტრს, კობა ნარჩემაშვილს, ისიც 2000 წლამდე უშიშროების საბჭოს მაღალჩინოსანი გახლდათ. მინისტრად წარდგენამდე კი ნარჩემაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო. ორივე პიროვნება უშიშროების საბჭოს მდივნის, ნუგზარ საჯაიას პროტეჟედ ითვლება.

შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროებში მათი მისვლა საქართველოს სახელისუფლებო წრეებში მიჩნეულია როგორც საჯაიას გავლენის გაძლიერება ამ სტრუქტურებზე. ისე კი, უშიშროების საბჭო, მისი შექმნის დღიდან, ძალოვანი და სამართალდამცავი უწყებების კადრების სამჭედლოდაა ცნობილი.

7 დეკემბერს, პრეზიდენტმა კიდევ ერთი კომისია ჩამოაყალიბა, რომელმაც უნდა შეიმუშაოს პროკურატურის, დაზვერვის დეპარტამენტის, შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროების რეფორმირების გეგმა.

კომისიას, მართალია, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ლადო ჭანტურია უდგას სათავეში, მაგრამ ამ პროცესში აქტიურად მონაწილეობს უშიშროების საბჭო. რეფორმის გეგმის მიხედვით, უქმდება უშიშროების სამინისტრო, შინაგან საქმეთა უწყებას კი სერიოზული რეორგანიზაცია ელის. ამდენად, შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროთა ხელმძღვანელებად უშიშროების საბჭოს კადრების მისვლა, საჯაიას გუნდის მიერ აღმასრულებელი ხელისუფლების ამ სეგმენტზე სრული კონტროლის დამყარებად შეიძლება მივიჩნიოთ. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ხაბურძანიამ და ნარჩემაშვილმა საკუთარი თამაში წამოიწყონ.

მთავრობის ეკონომიკურ გუნდში გაცილებით მეტი პოლიტიკური და ფინანსური ინტერესი იკვეთება. მაგალითად, თუ ფინანსთა და სოფლის მეურნეობის მინისტრები ე.წ. რეფორმატორთა თანაგუნდელები არიან, ეკონომიკისა და საგადასახადო შემოსავლების მინისტრებს მეტი დასაყრდენი სახელმწიფო კანცელარიაში აქვთ.

გარიგებების გზით, სხვადასხვა პოლიტიკურ ძალთა შორის სამთავრობო პოსტების გადანაწილება საქართველოს მთავრობაში ყოველთვის ერთიანი გუნდის არ არსებობას იწვევდა. იგივე განმეორდა ახლად დაკომპლექტებული მთავრობის შემთხვევაშიც.

მსგავსი/Related

Back to top button