ახალი ამბები

საქართველოს ეკონომიკა ორიენტირებულია კორუფციაზე

“ალია”

(ქართული პრესის მიმოხილვა. “სივილ ჯორჯია”. 08.12.01) – “ალია” საუბრობს დოკუმენტზე, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისაიმ საქართველოში ჩამოსვლამდე რამდენიმე დღით ადრე გამოაქვეყნა. მასში დიდი ყურადღება საქართველოში არსებულ კორუფციას ეთმობა. გაზეთს მიაჩნია, რომ ეს დოკუმენტი საკმაოდ მკაცრი შეფასებების შემცველია.

ქრისტოფერ ლეინი საქართველოში კორუფციის შესახებ თავის ავტორია. იგი საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელი იყო და ქვეყანა სამი თვის წინ დატოვა.

პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის საქართველო “მაღალი კორუფციის” მქონეთა ჯგუფში მოხვდა, წერს “ალია”. მისი, როგორც ერთ-ერთი გარდამავალი ქვეყნის, ეკონომიკა კორუფციაზეა ფოკუსირებული, რაც ბლოკავს კონკურენციას, ამცირებს საბაჟო-საგადასახადო შემოსავლებს, ინვესტიციებს. კორუფცია უარყოფითად მოქმედებს ეკონომიკის ზრდასა და სიღარიბის დაძლევაზე. 

დოკუმენტში ნათქვამია, რომ ზოგიერთმა სამეწარმეო ფირმებმა ლობირებით მოახერხეს, რომ უპირატესობა ენერგეტიკისა და აგროსექტორისკენ გადახრილიყო, მიუხედავად იმისა, რომ ამ გადაწვეტილებას არანაირი საფუძველი არ გააჩნდა.

დოკუმენტში მოყვანილია სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგები. საქართველოში არსებულ სამეწარმეო ფირმათა უმრავლესობას მიაჩნია, რომ საქართელოში პოლიტიკური პროცესები ვიწრო ინტერესთა ჯგუფებზეა მორგებული. ყველაზე კორუმპირებულ უწყებებად ისინი საგადასახადო ინსპექცია, საბაჟო და საგადასახადო დეპარტამენტებს და ენერგოკომპანიებს ასახელებენ.

ბიზნესმენების თქმით, ყველაზე მეტად მათ ქრთამის გადახდა უწევთ საგადასახადო ინსპექციისთვის, სამშენებლო ნებართვებისთვის, იმპორტის ნებართვის ან ლიცენზიისთვის და საბაჟო გადასახადებზე თავის არიდებისთვის.

ქრისტოფერ ლეინი დოკუმენტში წერს, რომ საგადასახადო კოდექსში 1997-2001 წლების განმავლობაში 27-ჯერ იქნა შეტანილი ცვლილება. მათი დიდი ნაწილი წარმოდგენილი იყო ზოგიერთი სექტორის ან ინტერესთა ჯგუფების დასაკმაყოფილებლად.

მსგავსი/Related

Back to top button