ახალი ამბები

პარლამენტი მთავრობის განახლების შანს უშვებს

არის თუ არა “ახალი” მთავრობა გარდამავალი?

მთავრობის წევრებს პარლამენტი თითქმის ერთსულოვანი მხარდაჭერით ამტკიცებს. ახალი და ამავე დროს ძველი მინისტრები კენჭისყრებისას უფრო მეტ ხმებს აგროვებენ, ვიდრე წინა დამტკიცებისას. ახალ მთავრობაში მხოლოდ ოთხი ახალი მინისტრი შევიდა.

4 დეკემბერს, მინისტრების დამტკიცების შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარემ, ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ პარლამენტმა ვერ გამოიყენა შესაძლებლობა, მოეხდინა მთავრობის შემადგენლობის განახლება. მისი თქმით, “დღეიდან პარლამენტს მორალური უფლება არა აქვს, გააკრიტიკოს პრეზიდენტი მთავრობის ცუდი მუშაობის გამო”.

ჯერჯერობით, ვაკანტური რჩება სახელმწიფო მინისტრისა და სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის სავარძლები. თუმცა, თუ სხვა მინისტრების დამტკიცების გამოცდილებას გავითვალისწინებთ, პარლამენტის მხარდაჭერას უპრობლემოდ მიიღებენ ის კანდიდატები, რომელთაც დეპუტატებს პრეზიდენტი წარუდგენს.

“ჩვენი ფრაქციის გადაწყვეტილებაზე დიდი გავლენა მოახდინა პრეზიდენტ შევარდნაძის განცხადებამ, რომ მთავრობა დროებითია”, – აცხადებს პროპრეზიდენტისეული ფრაქციის “ალიანსი ახალი საქართველოსთვის” ლიდერი ირაკლი გოგავა. მის ფრაქციაში თავისუფალი კენჭისყრა გამოცხადდა. შედეგად კი, “ალიანსმა” თითქმის ყველა მინისტრს მხარდაჭერა გამოუცხადა. გამონაკლისი მხოლოდ ფინანსთა მინისტრი აღმოჩნდა, რომლის წინააღმდეგაც ფრაქციის 17 წევრიდან 16 წავიდა.

საერთოდ, დამტკიცებული მინისტრები, პირობითად, შეიძლება რამდენიმე ჯგუფად დავყოთ. პირველ ჯგუფში შეიძლება შევიყვანოთ თავდაცვის, შინაგან საქმეთა, უშიშროებისა და იუსტიციის მინისტრები, რომელთა მიმართაც პარლამენტი ერთსულოვანი იყო, რასაც კენჭისყრის შედეგებიც ადასტურებს – 200 ხმაზე ნაკლები არც ერთ ძალოვან მინისტრს არ მიუღია.

მეორე ჯგუფში შეიძლება გავაერთიანოთ კულტურის, განათლების, ლტოლვილთა და განსახლებისა და განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრები. მათი ბედი, მეტწილად, გადაწყვიტა თავად პარლამენტში მიმდინარე პოლიტიკურმა პროცესებმა, რაც ნათელი გახდა განათლების მინისტრის, ალექსანდრე კარტოზიას კანდიდატურის განხილვისას. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ზურაბ ჟვანიასა და ფრაქცია “მოქალაქეთა კავშირის” სხვა ლიდერთა მოწოდებამ, არ დაეჭირათ მხარი კარტოზიასთვის, განათლების მინისტრს პარლამენტის დანარჩენი ნაწილის მხარდაჭერა მოუტანა.

ოპოზიციური ფრაქციის “ახალი მემარჯვენეები” წევრი ფიქრია ჩიხრაძე პარლამენტის “არამოქალაქური” ნაწილის ამ გადაწყვეტილებას “მოქალაქეთა” და მათი მომხრე ფრაქციების “გარიგების” გამოაშკარავების სურვილით ხსნის. “ჯერ კიდევ პარლამენტის თავმჯდომარის არჩევისას გამოიკვეთა ახალი უმრავლესობის კონტურები. ჩვენ დიდი ეჭვი გვქონდა, რომ ეს უმრავლესობა გარკვეული გარიგების შედეგად უნდა ჩამოყალიბებულიყო. გარიგებაში მთავრობის დაკომპლექტებაც უნდა შესულიყო. ყოველივეს უკან ისევ და ისევ მოქალაქეთა კავშირი იდგა. კარტოზიას საკითხმა ეს გარიგება გამოაშკარავა”, – დასძინა ფიქრია ჩიხრაძემ.

ფრაქცია “მოქალაქეთა კავშირის” თავმჯდომარის მოადგილე ვასილ მაღლაფერიძე არ ადასტურებს გარიგების არსებობას, თუმცა აცხადებს, რომ ოპოზიციამ კარტოზიას ხმა ზურაბ ჟვანიას მოწოდების შემდეგ მისცა, რისი მიზეზიც პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარისადმი დეპუტატთა საკმაოდ დიდი ნაწილის მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულებაა.

კარტოზიას გასვლამ მინისტრობის სხვა კანდიდატების შანსები მკვეთრად გაზარდა.

პარლამენტის მხარდაჭერა მხოლოდ ერთმა მინისტრობის კანდიდატმა ვერ მოიპოვა. თუმცა როგორც დეპუტატები აცხადებენ, გარემოს დაცვის მინისტრობის კანდიდატად ნინო ჩხობაძის ხელახალი წარდგენის შემთხვევაში, მას მინისტრად დამტკიცების თითქმის 100%-იანი შანსი აქვს.

პარლამენტმა თითქმის ერთკვირიანი დაგვიანებით განიხილა ეკონომიკური ბლოკის მინისტრების კანდიდატურები. დეპუტატებს სურდათ, ჯერ მოესმინათ სამთავრობო კომისიის დასკვნა 2001 წლის ბიუჯეტის სეკვეტრის გამომწვევი მიზეზების თაობაზე და შემდეგ მიეღოთ გადაწყვეტილება. სამთავრობო კომისია პრეზიდენტმა შევარდნაძემ მანამდე შექმნა, ვიდრე ის მთავრობის სრულ შემადგენლობას დაითხოვდა. ამდენად, კომისიის დასკვნას შეეძლო გავლენის მოხდენა ხელახლა წარმოდგენილი ექს-მინისტრობის კანდიდატთა კენჭისყრებზე.

უპირველესად კი, დასკვნაზე დიდად იყო დამოკიდებული ფინანსთა მინისტრის დამტკიცების საკითხი. დასკვნა კენჭისყრამდე ორი დღით ადრე გამოქვეყნდა. თუმცა პრეზიდენტის უშუალო ჩარევის შემდეგ დასკვნის ტექსტიდან ამოღებული იქნა მთავრობის ცალკეულ წევრთა პასუხისმგებლობის საკითხი.

“ვიცი, რომ ნოღაიდელის კენჭისყრამდე რამდენიმე წუთით ადრე, პრეზიდენტის ზარის შემდეგ, დეპუტატთა ერთმა ნაწილმა შეიცვალა პოზიცია”, – აღნიშნავს ფრაქცია “ახალი მემარჯვენეების” წევრი.

“კენჭისყრის წინა დღემდე რამდენიმე კანდიდატს მინისტრად გასვლის მინიმალური შანსი ჰქონდა. თუმცა საპარლამენტო ფრაქციებს შორის კონსულტაციების შემდეგ ვითარება შეიცვალა”, – აღნიშნავს ფრაქცია “მრეწველების” წევრი ვახტანგ ხმალაძე. მისი თქმით, მინისტრობის კანდიდატების გასვლაზე გავლენა მოახდინა მათმა პირადმა ურთიერთობებმა დეპუტატებთან. ამავე მოსაზრებას იზიარებს ფიქრია ჩიხრაძე და დასძენს: “თუ არ ხდებოდა გარანტირებული ჩავარდნა კანდიდატურისა, ბევრმა პარლამენტარმა გააკეთა არჩევანი კანდიდატის სასარგებლოდ იმ მოტივით, რომ მაინც გადის და რატომ მივცე მის წინააღმდეგ ხმაო”.

“საქართველოს პარლამენტსა და მთავრობაში მენტალიტეტის კრიზისია. მინისტრების დამტკიცება გარიგებებით ხდება და არა საქმის გამოსწორების სურვილით. ჩემი აზრით, ეს პრობლება მომდინარეობს პრეზიდენტისგან და მივიჩნევ, რომ მას ძალიან მაგრად აქვს ფეხი მუხრუჭზე დაჭერილი”, – აცხადებს ფრაქცია “სოციალისტის” თავმჯდომარე ირაკლი მინდელი. 

“ჩვენი პრინციპული მოთხოვნა ეკონომიკური ბლოკის მთლიანად შეცვლა გახლდათ”, – აცხადებს ფიქრია ჩიხრაძე, – “თუმცა დიდი იყო ჩვენი განცვიფრება, როდესაც პრეზიდენტმა მთავრობა თითქმის იგივე შემადგენლობით წარადგინა დასამტკიცებლად”.

“მოქალაქე” ვასილ მაღლაფერიძე მუნდირის ღირსებაზე საუბრობს. “თუ ადრე გვყავდა აწ უკვე დაშლილი უმრავლესობის მიერ დამტკიცებული მთავრობა, ახლა ისინი მთელმა პარლამენტმა დაამტკიცა”, – დასძენს მაღლაფერიძე.

“ამით პარლამენტმა დღენი მოუსწრაფა საკუთარ თავს”, – საუბრობს ვახტანგ ხმალაძე და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას.

“ამ პარლამენტმა უნდა გააკეთოს შავი სამუშაო, შეცვალოს საარჩევნო კანონმდებლობა. ქვეყანა მიიყვანოს ახალი არჩევნების დანიშვნამდე”, – აცხადებს ფიქრია ჩიხრაძე.

მის პოზიციას იზიარებს “ალიანსელი” ირაკლი გოგავაც, რომელიც ახლადარჩეული მთავრობის საქმიანობის ერთი წლის ვადას ასახელებს. მისი თქმით, მანამდე პარლამენტმა უნდა შეიტანოს ცვლილებები კონსტიტუციაში, ჩამოაყალიბოს მინისტრთა კაბინეტი და გადაწყვიტოს საქართველოს ტერიტორიული მოწყობის საკითხი.

გოგავას მიერ დასახელებულ ვადას არასაკმარისს უწოდებს ვახტანგ ხმალაძე; “არა მგონია, საკონსტიტუციო ცვლილება ასე ადვილად განხორციელდეს. შესაბამისად, დაგვრჩებიან ის მინისტრები, რომლებიც ავირჩიეთ. მინისტრების გადაყენების პროცედურა კი ძალიან ძნელია”.

გიორგი კალანდაძე, სივილ ჯორჯია

მსგავსი/Related

Back to top button