Placeholder canvas
ახალი ამბები

პარლამენტის რიგარეშე სესიის მიმოხილვა. 28-30 ნოემბერი. 2001

28 ნოემბერი, ოთხშაბათი

1. დადგენილების პროექტი “მალხაზ კაკაბაძის საქართველოს განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრად დანიშვნაზე თანხმობის მიცემის თაობაზე”

მინისტრის კანდიდატურა წარადგინა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა მარიამ ცაცანაშვილმა.

მალხაზ კაკაბაძემ გააკეთა მოხსენება სამინისტროში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. მან Aაღნიშნა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მონაწილეობა კონფლიცტის მოგვარებაში მკვეთრად გაფართოვებულია, ვიდრე ეს განსაკუთრებულ საქამეთა სამინისტროს შექმნამდე იყო. კაკაბაძის ინფორმაციით, გაერო-ს უშიშროების საბჭო აპირებს უახლოეს მომავალში იმსჯელოს კონფლიქტის ზონაში დსთ-ს მანდატის ჩანაცვლების თაობაზე.

ჰამლეტ ჭიპაშვილმა “აღორძინებიდან” არაკონსტუტუციურად მიიჩნია სამინისტროს არსებობა და არ გამორიცხა, რომ უახლოეს მომავალში აღმასრულებელი ხელისუფლების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის საფუძველზე დადგეს მისი გაუქმების საკითხი.

მომხრე – 163
მოწინააღმდეგე -9

2. დადგენილების პროექტი “სესილი გოგიბერიძის საქართველოს კულტურის  მინისტრად დანიშვნაზე თანხმობის მიცემის თაობაზე”

მინისტრის კანდიდატურა წარადგინა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა მარიამ ცაცანაშვილმა.

სესილი გოგიბერიძემ განაცხადა, რომ კულტურის სამინისტრო ეტეპობრივად გადადის პროგრამულ დაფინანსებაზე, რაც გაცილებით მეტ ეფექტს იძლევა კულტურის ნებისმიერ სფეროში.

მომხრე – 167
მოწინააღმდეგე -14

3. დადგენილების პროექტი “ვალერი ვაშაკიძის საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების  მინისტრად დანიშვნაზე თანხმობის მიცემის თაობაზე”

მინისტრის კანდიდატურა წარადგინა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა მარიამ ცაცანაშვილმა.

ვალერი ვაშაკიძემ თავის პროგრამულ სიტყვაში ძირითადი აქცენტი გააკეთა დევნილთა ეკონომიური მდგომარეობაზე. მისი თქმით, აუცილებელია საგადასახადო კოდექსში ისეთი ცვლილების განხორციელება, რაც გააუმჯობესებს კომპაქტურად ჩასახლებული დევნილი მოსახლეობის მდგომარეობას. ვაშაკიძემ ასევე ყურადღება გაამახვილა დევნილთა მცირე ბიზნესის განვითარებაზე და სახელმწიფოს თანადგომაზე ამ კუთხით.

მომხრე – 155
მოწინააღმდეგე -11

29 ნოემბერი, ხუთშაბათი

1. დადგენილების პროექტი “დავით კირვალიძის საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრად დანიშვნაზე თანხმობის მიცემის თაობაზე”

მინისტრის კანდიდატურა წარადგინა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა მარიამ ცაცანაშვილმა.

დავით კირვალიძემ ისაუბრა სამინისტოში მიმდინარე დადებით ტენდენციაზე, რაც ჰუმანიტარული პროგრამების განვითარებადი პროგრამებით ჩანაცვლებაში გამოიხატება. მისი ინფორმაციით აღდგა სასურსათო პროგრამა, რაც საქართველოს ბიუჯეტს მნიშვნელოვან შეღავათებს უკეთებს. მინისტრობის კანდიდატმა დეპუტატებს სასიხარულო ინფორმაცია გააცნო: მომავალ ორ წელიწადში საქართველო საჩუქრის სახით მიიღებს 50 მილიონ ლარს, რომლის ნახევარი პროგრამებზე, ხოლო მეორე ნახევარი სოციალურ სფეროზე მიემართება.

კენჭისყრა გადაიდო.

2. დადგენილების პროექტი “მერაბ ადეიშვილის საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრად დანიშვნაზე თანხმობის მიცემის თაობაზე”

მინისტრის კანდიდატურა წარადგინა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა მარიამ ცაცანაშვილმა.

მერაბ ადეიშვილმა ისაუბრა სამინისტროს რეფორმისა და რესტრუქტურიზაციის პროექტზე, რომლის მიხედვითაც მარეგულირებელი და პოლიტიკური ფუნქციები ერთმანეთისგან იმიჯნება. საშუალო ხელფასი მიაღწევს 400 ლარს და თანაც ბიუჯეტიდან მიღებული სახსრების შემცირების საფუძველზე. ადეიშვილმა ასევე ყურადღება გაამახვილა მსხვილ საერთაშორისო სატრანსპორტო პროექტებზე.

კენჭისყრა გადაიდო.

3. დადგენილების პროექტი “დავით მირცხულავას საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის მინისტრად დანიშვნაზე თანხმობის მიცემის თაობაზე”

მინისტრის კანდიდატურა წარადგინა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა მარიამ ცაცანაშვილმა.

დავით მირცხულავა დაპირდა დეპუტატებს, რომ 2001-02 წლის ზამთარი წინა წლებთან შედარებით კარგი იქნებოდა, მაგრამ მიუხედავათ ამისა მინისტრობის კანდიდატი პარლამეტარების რისხვას ვერ გადაურჩა. ფრაქციაებმა “სოციალისტი”, “მოქალაქეთა კავშირი”, “მრეწველები”, ახალი აფხაზეთი”, ტრადიციონალისტები”, “XXI საუკუნე”, “აღორძინება”, “მაჟორიტარები” მოითხოვდნენ სათბობ-ენერგეტიკის ხელმძღვანელობის საქმიანობის შესწავლას და მათი პასუხისმგებლობის საკითხის დასმას ენერგეტიკული კრიზისის შემსწავლელი კომისიის და გენერალური პროკურატურისაგან.  ამ მოთხოვნის ძირითადი საფუძველი გახდა საქართველოს კონტროლის პალატის ანგარიში სამინისტროსთან დაკავშირებით. ცალკეული დეპუტატები მოითხოვდნენ სულხან მოლაშვილის პარლამენტში მისვლას დასკვის გაცნობის მიზნით. საბოლოოდ საგანგებოდ შეკრებილმა ბიურომ გადაწყვიტა საკითხის მომავალი სასესიო კვირისთვის გადადება.

კენჭისყრა გადაიდო.

30 ნოემბერი, პარასკევი

სხდომის დაწყებისთანავე მოულოდნელი განცხადება გააკეთა დავით მაღრაძემ პარლამენტის წევრის მანდატის დატოვების თაობაზე. მან განაცხადა, რომ არ სურდა ბინძური გარიგებების ეპიცენტრში ყოფნა და პროტესტის ამ ზომას მიმართა.

1. დადგენილების პროექტი “ავთანდილ ჯორბენაძის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად დანიშვნაზე თანხმობის მიცემის თაობაზე”

მინისტრის კანდიდატურა წარადგინა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა მარიამ ცაცანაშვილმა.

დეპუტატების “სადღეგრძელოების” ტონი ავთანდილ ჯორბენაძის პიროვნებისა და საქმიანობის მიმართ მკვეთრად დაარღვია მიხეილ სააკაშვილისა და ლადო ჭიპაშვილის კრიტიკულმა გამოსვლებმა. სააკაშვილმა არა მარტო ჯორბენაძის მისამართით გამოთქვა პრეტენზიები, არამედ მთელი მთავრობის შემადგენლობის და პარლამენტის მიმართაც, რომელიც ხალხის ნების საწინააღმდეგოდ უპრობლემოდ ამტკიცებს გადაყენებულ მინისტებს.

კენჭისყრა გადაიდო.

2. დადგენილების პროექტი “ნუგზარ გაბრიჩიძის საქართველოს გენერალურ პროკურორად არჩევის თაობაზე”

ნუგზარ გაბრიჩიძის კანდიდატურა წარადგინა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა მარიამ ცაცანაშვილმა.

გენერალური პროკურორის კანდიდატმა ისაუბრა მომავალ რეფორმებზე პროკურატურაში. მან განაცახადა, რომ პროკურატურაში ჩატარდება საკვალიფიკაციო გამოცდები და მხოლოდ ღირსეულნი დაიკავებენ თანამდებობებს. ეს პროცესი აჟიტირებისა და პოლიტიზირების გარეშე უნდა წარიმართოს. გაბრიჩიძე დაპირდა დეპუტატებს ყველა გახმაურებული საქმის ოპერატიულად გამოძიებას.

კანდიდატურის წინააღმდეგ თავის პოზიცია დააფიქსირა ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავჯდომარემ ელენე თევდორაძემ. მან ეჭვი შეიტანა გაბრიჩიძის პრინციპულობაში და ადვილად მართავ ადამიანად  მიიჩნია.

მომხრე – 196
მოწინააღმდეგე -4

მსგავსი/Related

Back to top button