
რუსეთ საქართვლოს ურთერთობები “თეთრი ფურცლიდან” იწყება
პარლამენტის ახალი სპიკერი ნინო ბურჯანაძე დესეთეს საპარლამენტო ასსამბლეზე საქართველოს პარლამენტის ახლად არჩეული სპიკერის პირველი ვიზიტი საზღვარგარეთ რუსეთში, სანკტ-პეტერბუტგში შედგა. ნინო ბურჯანაძემ მონაწილეობა მიიღო დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის საპარლამენტო ასამბლეის პლენარული სხდომის მუშაობაში. ვიზიტის მსვლელობისას, დახურულ კარს მიღმა ის ასევე რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის პარლამენტების ხელმძღვანელებს შეხვდა. ოთხი ქვეყნის სპიკერების შეხვედრები, სამომავლოდ, წელიწადში, მინიმუმ, ორჯერ გაიმართება. დსთ-ს საპარლამენტო ასამბლეის 23-24 ნოემბრის სხდომა საიუბილეოც გახლდათ და თანამეგობრობის შექმნის 10 წლისთავს მიეძღვნა. საქართველო ამ გაერთიანების წევრი 1993 წელს გახდა, როდესაც საომარი მოქმედებები აფხაზეთში საქართველოს სამთავრობო ჯარის მარცხითა და ქვეყნის ამ რეგიონიდან ეთნიკურ ქართველთა გამოძევებით დასრულდა. 1994 წლის გაზაფხულზე აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში დსთ-ს (ფაქტობრივად კი, რუსეთის) სამშვიდობო ძალები შევიდნენ. 2001 წლის ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო სპეციალური დადგენილება რუს მშვიდობისმყოფელთა აფხაზეთის კონფლიქტის ზონიდან გაყვანის შესახებ. ქართველ პარლამენტართა ამ გადაწყვეტილებას რუსეთის პოლიტიკურ წრეებში უარყოფითი გამოხმაურება მოყვა. “საქართველოს ნამდვილად არ არის გულგრილი იმ 86 რუსი მშვიდობისმყოფელის მიმართ, რომლებიც აფხაზეთში სამშვიდობო მისიის განხორციელების დროს დაიღუპნენ. თუმცა ისიც ფაქტია, რომ 1994 წლიდან დღემდე კონფლიქტის ზონაში 1600-მდე მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა. თანაც, რეგიონში ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ გაჩნდა საომარი კონფლიქტის განახლების საფრთხე”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ დსთ-ს პარლამენტართა წინაშე. მისი თქმით, საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილება, მართალია, პრინციპულია და ის არ შეიცვლება, თუმცა, “თუ პრეზიდენტები, დსთ-ს მეთაურთა საბჭოზე, მიიღებენ გადაწყვეტილებას მანდატის ინტერნაციონალიზაციასთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტი მას დაემორჩილება”. “რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში მთავარ წინააღმდეგობას აფხაზეთის საკითხი ქმნის”, – აღნიშნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, – “თუმცა ჩვენ რუსეთისგან სამხედრო დახმარებას არ ვითხოვთ. უპირველესად, საჭიროა, აფხაზმა სეპარატისტებმა რუსეთის ხელისუფლების ყველა დონეზე იგრძნონ, რომ მათ მხარდაჭერის იმედი არ უნდა ჰქონდეთ”. აფხაზეთის, ისევე როგორც კავკასიაში არსებული სხვა კონფლიქტების საკითხი, ერთ-ერთი ცენტრალური იყო ყველა ორმხრივ და მრავალმხრივ შეხვედრებზე, რომლებშიც ნინო ბურჯანაძემ მიიღო მონაწილეობა. 24 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის სპიკერი შეხვდა რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარეს, ეგორ სტროევს, რომელზეც განიხილეს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში არსებული ყველა საკითხი, მათ შორის, აფხაზეთის კონფლიქტი და ჩეჩნური თემა. სხვათა შორის, ეგორ სტროევმა დსთ-ს საპარლამენტო ასამბლეას მოუწოდა, მიეღოთ ანტიტერორისტული ქარტია. მისი თქმით, ქარტიამ უნდა ავალდებულებდეს ყველა ხელმომწერ სახელმწიფოს მათ ტერიტორიაზე მყოფი ტერორისტების გადაცემისა და ტერორისტული ორგანიზაციების ფინანსური სახსრების ბლოკირების შესახებ. სტროევმა აღნიშნა, რომ ამჟამად საერთაშორისო სამართალი ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით სერიოზულ ნაკლოვანებებს შეიცავს. “არ არსებობს მექანიზმები სანქციების გამოსაყენებლად იმ სახელმწიფოთა წინააღმდეგ, რომლებიც ღიად ან ირიბად ახორციელებენ ტერორისტთა მხარდაჭერას”, – დასძინა ეგორ სტროევმა. ანტიტერორისტული ქარტია საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო. ვიზიტის მსვლელობისას, ნინო ბურჯანაძეს არაერთხელ მოუწია კომენტარის გაკეთება ცნობილი ჩეჩენი საველე მეთაურის, რუსლან გელაევის საკითხთან დაკავშირებით. ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ საქართველოს ოფიციალურად მოსთხოვა მისი რუსეთის სამართალდამცველთათვის გადაცემა. “თუ გელაევს რუსეთის შესაბამისი ორგანოები ეძებენ და არსებობს მტკიცებულება, რომ მან საერთაშორისო დანაშაული ჩაიდინა, მაშინ ეს ადამიანი მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარდგეს”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ. თუმცა მან დასძინა, რომ არ ფლობს ზუსტ ინფორმაციას, იმყოფება თუ არა რუსლან გელაევი საქართველოში. “მჯერა, რომ საქართველოსა და რუსეთის მეგობრობა გაგრძელდება, თუმცა ძალიან ძნელია მეგობრობაზე საუბარი, როდესაც ბანდიტები საქართველოში დასეირნობენ და რუსეთს საფრთხეს უქმნიან”, – აღნიშნა ეგორ სტროევმა. სტროევთან შედარებით, უფრო მკვეთრი განცხადება გააკეთა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სპიკერმა, გენადი სელეზნიოვმა. მისი თქმით, ჩეჩენი ტერორისტების დაბომბვა რუსეთს ნებისმიერ ტერიტორიაზე შეუძლია და საჭიროების შემთხვევაში, ეს ასეც მოხდება. სელეზნიოვთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ საქართველო და რუსეთი ორმხრივ ურთიერთობებს “თეთრი ფურცლიდან” იწყებენ. “ჩვენ შევთანხმდით, რომ შევწყვიტოთ საუბარი ულტიმატუმის ენაზე. ჩვენ ერთიანი სურვილით გადავწყვიტეთ, წერტილი დავუსვათ ურთიერთბრალდებებს”, – დასძინა ნინო ბურჯანაძემ. მან ჟურნალისტებთან საუბარში ისიც აღნიშნა, რომ თავის დროზე, საქართველომ რუსეთისკენ უკვე გადადგა ნაბიჯები, თუმცა ისინი ვერ შეამჩნიეს. მაგალითად, საქართველო შევიდა დსთ-ში, თუმცა არც ისე დიდი სიხარულით. დსთ-ში შესვლისას, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და აფხაზეთის კონფლიქტის თაობაზე მივიღეთ არაერთი დაპირება, რომელიც არ შესრულდა. შემდეგი ნაბიჯი იყო 1995 წელს საქართველოს პარლამენტის მიერ რუსეთთან ჩარჩო-ხელშეკრულების რატიფიკაცია. თუმცა, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს არა თუ ეს არ გაუკეთებია, არამედ ხელშეკრულება საკომიტეტო მოსმენაზეც კი არ განუხილავს”. “შევეცდები, ჩემი წვლილი შევიტანო რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების მოგვარებაში. იმედი მაქვს, რომ ორი ქვეყნის პრეზიდენტების შეხვედრა ბევრ საკითხს მოჰფენს ნათელს”, – დასძინა ნინო ბურჯანაძემ. 30 ნოემბერს მოსკოვში გაიმართება ე.წ. “კავკასიური ოთხეულის” სახელმწიფოთა მეთაურების შეხვედრა, რომლის მსვლელობისას მოსალოდნელია, ვლადიმერ პუტინსა და ედუარდ შევარდნაძეს შორის მოლაპარაკებები.“ჩვენ დსთ-ში იმ იმედით შევედით, რომ სამშვიდობო ძალების მეშვეობით აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების შესაძლებლობა მოგვეცემოდა, რაც, სამწუხაროდ, ასე არ მოხდა”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ნინო ბურჯანაძემ 24 ნოემბერს თანამეგობრობის საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე. მისი თქმით, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში მთავარ წინააღმდეგობას აფხაზეთის საკითხი ქმნის.