
ქართული ჯარი მეომრების გარეშე
“რეზონანსი” (ქართული პრესის მიმოხილვა. 27.11.01. “სივილ ჯორჯია”) – კვირას ახალციხის 22-ე ბრიგადაში ჯარისკაცი თამაზ ინასარიძე მოკლეს. იგი საქონლის მოპარვის მიზნით ორმა სომეხი ეროვნების ახალგაზრდამ “კაპრონის” თოკით მოახრჩო. მომხდართან დაკავშირებით “რეზონანსი” მთლიანად ქართულ ჯარში შექმნილ ვითარებაზე საუბრობს. ახალციხის სამხედრო პროკურორი აცხადებს, რომ ახალციხის სამხედრო ნაწილში ეს მკვლელობის პირველი შემთხვევა არ არის. რადიო “თავისუფლების” ქართველი კორესპონდენტის კობა ლიკლიკაძის ინფორმაცით, 1999-2000 წელს საქართველოში თვითმკვლელობით, იარაღის გაუფრთხილებელი მოპყრობით და სხვა შემთხვევებით 21 ჯარისკაცი დაიღუპა. მისი თქმით, სამხედრო სამსახურზე თავის არიდების ან სამხედრო ნაწილიდან გაქცევის მიზეზი შიმშილია. ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ელენე თევდორაძემ ახალციხის 22 სამხედრო ნაწილი რამდენიმე თვის წინ მოინახულა. “ჯარისკაცები თავიანთ პრობლემებზე არაფერს ამბობენ – ეშინიათ”, განუცხადა თევდრაძემ “რეზონანსს”. მისი თქმით, ამ ბრიგადაში და მთლიანად ქართულ ჯარში სოციალური და ეკონომიკური ვითარება ძალიან მძიმეა, რაც ჯარისკაცებს მეომრებად ჩამოყალიბების საშუალებას არ აძლევს. “რეზონანსი” ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და სამხედრო პროკურატურა მომხდართან დაკავშირებით მწირ ინფორმაციას ფლობენ. გაზეთი საუბრობს იმ ფინანსებზე, რომელიც ჯარის შენახვას სჭირდება და რომლის გამოყოფასაც დღეს სახემლწიფო ბიუჯეტი ვერ ახერხებს. არსებული ნორმატივებით, სახელმწიფო ერთი ჯარისკაცის შესანახად წელიწადში 3500-3700 ლარს უნდა იხდიდეს. გამოყოფილი თანხა კი მხოლოდ 1500-1700 ლარს შეადგენს. ჯარისკაცები სამხედრო წვრთნებს თითქმის არ გადიან, ვინადიან წვრთნების თანხა კვებას ხმარდება. თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი მირიან კიკნაძე “რეზონანსთან” საუბრისას აცხადებს, რომ ქართველი ჯარისკაცი დღეს მშიერი არ არის. გაზეთი აღშფოთებას გამოხატავს ამ განცხადების გამო და მისი საწინააღმდეგო არგუმენტები მოჰყავს. თუ ჯარში სოციალური და ეკონომიკური პირობები არ გამოსწორდა, საქართველოს მალე ჯარი საერთოდ არ ეყოლება, ამბობს გაზეთი.