
ადამიანის უფლებები მასიურად ირღვევა
საერთაშორისო ორგანიზაციები პრეზიდენტს აკრიტიკებენ ღია წერილში, რომელიც “ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციამ” 19 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტს გაუგზავნა, საუბარია რელიგიურ უმცირესობათა შევიწროებისა და ადამიანის უფლებათა დარღვევის უამრავ შემთხვევაზე. გაკრიტიკებულია დამოუკიდებელი ჟურნალისტების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებები და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის სხვა მცდელობები. წერილში ასევე საუბარია აფხაზეთიდან დევნილ 250 000 ქართველზე, რომელთა უფლებებიც სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო. დღემდე არ არის მოგვარებული აფხაზეთის სტატუსის, დევნილების მშობლიურ მიწაზე დაბრუნებისა და მათი 1990-1994 წლებში დაკარგული ქონების კომპენსაციის საკითხი. წერილში ხაზგასმულია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სინანული ამ სფეროში პროგრესის არარსებობის გამო. საპარლამენტო ასამბლეის 2001 წლის სექტემბერში მიღებულ რეზოლუციაში ნათქვამია, რომ “საქართველო შორს დგას იმ ვალდებულებების შესრულებისგან, რომელსაც მას ევროსაბჭოს წევრობა აკისრებს”. ეს არ ყოფილა პირველი წერილი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა საერთაშორიო ორგანიზაციისაგან რეკომენდაციის სახით მიიღო. 9 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძისადმი ადამიანის უფლებათა დამცავი საერთაშორიო ორგანიზაცია “ჰიუმან რაითს ვოჩის” მიერ გაგზავნილ წერილში ნათქვამია, რომ ქართულმა ძალოვანმა სტრუქტურებმა კარგად იციან, თუ ვინ აწარმოებს თავდახმებს რელიგიურ უმცირესობებზე, განსაკუთრებით კი იეღოველთა სექტაზე, მაგრამ ამ ქმედებათა აღმკვეთ ზომებს არ მიმართავენ. “განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ ხშირად თავად სამართლადამცავებიც კი მონაწილეობენ მსგავს თავდასხმებში”, აღნიშნავს წერილის ავტორი, ორგანიზაციის ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების აღმასრულებელი დირექტორი, ელიზაბეთ ანდერსონი. “ჰიუმან რაითს ვოჩი” მიმართავდა პრეზიდენტ შევარდნაძეს იმ დროისთვის ჯერ კიდევ ვაკანტურ შინაგან საქმეთა და უშიშროების მინისტრების, ასევე გენპროკურორის თანამდებობაზე პარლამენტისთვის დასამტკიცებლად ის კანდიდატურები წარედგინა, რომლებიც ბოლოს მოუღებდნენ არამართლმადიდებლების დევნას, დასჯიდნენ დამნაშავეებს და ამ სტრუქტურებში ძირეულ რეფორმებს გაატარებდნენ. შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე წარდგენილმა კობა ნარჩემაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას აღნიშნა რომ, მისი მინისტრად დამტკიცების შემთხვევაში, ის განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობდა საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვას. საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ელენე თევდორაძე მის განცხადებას არ ენდობა და მიაჩნია, რომ ნარჩემაშვილი ვერ შეძლებს სამინისტროს ძირეულ რეფორმირებას. თევდორაძეს აღნიშნავს, რომ საქართველოს პრეზიდენტი არ ასრულებს იმ რეკომენდაციებს, რომლებსაც მას საერთაშორისო ორგანიზაციები აძლევენ. “თუ პრეზიდენტი არ შეასრულებს ამ მოთხოვნებს, ის ამით არაფერს დაკარგავს, მას ხალხის ნდობა არც დააკლდება და არც მოემატება”, ამბობს თევდორაძე. “ჰიუმან რაითს ვოჩმა” ედუარდ შევარდნაძის აშშ-ში 5 ოქტომბრის ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე ჯორჯ ბუშს გაუგზავნა მიმართვა. მასში მითითებულია, რომ საქართველოში ადამიანის უფლებათა დარღვევას ხელს უწყობს ქვეყნის მთავრობა და პოლიცია. “ვიმედოვნებთ, რომ თქვენ შეახსენებთ ედუარდ შევარდნაძეს, რომ მთელი მსოფლიოს ქვეყნების ხელისუფლებები უნდა ებრძოდნენ რელიგიურ შეუწყნარებლობას”, ნათქვამია წერილში. “ჰიუმან რაითს ვოჩი” ასევე აღნიშნავს, რომ აუცილებლია საქართველოში გატარდეს სამართლებრივი რეფორმები კორუფციისა და რელიგიურ უმცირესობათა შევიწროების აღსაკვეთად. საქართველოს პრეზიდენტის პრესმდივანი კახა იმნაძე აცხადებს, რომ მან არაფერი იცის არცერთი აღნიშნული წერილის შესახებ. მისი თქმით, საქართველოსა და აშშ-ს პრეზიდენტების შეხვედრაზე ამერიკის მხარეს არ გამოუთქვამს პრეტენზია საქართველოში ადამიანის უფლებათა დარღვევებთან დაკავშირებით. რაც შეეხება საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებს, რომლებიც უფრო მოთხოვნის სახისაა, კახა იმნაძე აღნიშნავს, რომ არც ერთ საერთაშორისო ორგანიზაციას არ აქვს უფლება ჩაერიოს რომელიმე ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში. “ადამიანის უფლებები საქართველოს კონსტიტუციით არის განსაზღვრული. ასე რომ, “ჰიუმან რაითს ვოჩი” იარსებებს თუ არ იარსებებს, ამას საქართველოსთვის მნიშვნელობა არ აქვს”, აცხადებს პრეზიდენტის პრესმდივანი. სალომე ჯაში, “სივილ ჯორჯია”საერთაშორისო ორგანიზაციები ცდილობენ გავლენა იქონიონ საქართველოს პრეზიდენტზე, რათა მან აღკვეთოს ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები საქართველოში და სამართალდამცავ სტრუქტურებში რეფორმები განახორციელოს.