Placeholder canvas
ახალი ამბები

ხაბურძანია და ნარჩემაშვილი – პრეზიდენტის ახალი გუნდის წევრები

21 ნოემბერს, პარლამენტმა ვალერი ხაბურძანია სახელმწიფო უშიშროების, ხოლო კობა ნარჩემაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრებად დაამტკიცა. ორივე მათგანმა 208-208 ხმა მიიღო. ასეთი მხარდაჭერა პარლამენტში ჯერ არც ერთ მინისტრს არ ჰქონია.

ვალერი ხაბურძანიას სამოქმედო პროგრამის ნომერ პირველი ამოცანა უშიშროების სამინისტროს რეფორმირებაა, რომლის საბოლოო შედეგიც ამ უწყების დეპარტამენტებად დაშლაა (უშიშროების სამინისტრო ოთხი – დაზვერვის, კონტრდაზვერვის, საგამოძიებო და ანალიტიკური – განყოფილებისაგან შედგება). ძირეული რეფორმების გატარება კობა ნარჩემაშვილსაც მოუწევს. მას შინაგან საქმეთა სამინისტროში კახა თარგამაძისეული მძიმე მემკვიდრეობა დახვდება.

ორივე მინისტრი საქმიანობას პარლამენტის სერიოზული მხარდაჭერით იწყებს. ხაბურძანია ახალ თანამდებობამდე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად მუშაობდა, მანამდე კი ეროვნული უშიშროების საბჭოს უშიშროების საკუთხთა სამსახურს ხელმძღვანელობდა.

რამდენიმე წლის წინ უშიშროების საბჭოს ერთ-ერთი თანამდებობა კობა ნარჩემაშვილსაც ეკავა (კერძოდ კი სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის პოსტი), სანამ 2000 წლის აპრილში საბაჟო დეპარტამენტის უფროსად დაინიშნებოდა. მისი მოღვაწეობა საბაჟოში იმით გამოიხატა, რომ მაქსიმალურად დაეძაბა ურთიერთობა საგადასახადო შემოსავლების მაშინდელ მინისტრ მიხეილ მაჭავარიანთან. საბაჟო დეპარტამენტი ამ სამინიტროს შემადგენლობაში შედის. მაჭავარიანს საბაჟოს ხელმძღვანელის პოსტზე საკუთარი კანდიდატურის დანიშვნა სურდა. თუმცა პრეზიდენტმა სხვაგვარად გადაწყვიტა. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, საბაჟო დეპარტამენტის უფროსს ნიშნავს პრეზიდენტი, რომელმაც გადაწყვეტილება მაჭავარიანის სასარგებლოდ არ მიიღო.

ამ ორი თანამდებობის პირის კონფლიქტი ნარჩემაშვილის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე გადაყვანით დასრულდა. 2001 წელს მას პოლიციის გენერალ-მაიორის წოდება მიენიჭა. აღსანიშნავია, რომ ნარჩემაშვილმა ვადაზე ადრე მიიღო ყველა ჩინი ლეიტენანტობიდან გენერლობამდე.

სხვათა შორის, კობა ნარჩემაშვილის ოფიციალურ ბიოგრაფიაში არ მოხვედრილა ერთი დეტალი. კერძოდ ის, რომ ნარჩემაშვილი 1997 წელს რამდენიმე საათით გენერალური პროკურორის მოადგილეც იყო. თუმცა პროკურატურის მესვეურებმა მალევე აღმოაჩინეს შეზღუდვის მუხლი კანონში “პროკურატურის შესახებ”, რომლის მიხედვითაც გენერალური პროკურორის მოადგილედ არ შეიძლება დაინიშნოს 30 წლამდე პიროვნება. ნარჩემაშვილი კი იმ დროს მხოლოდ 28 წლის იყო. არადა, მაშინდელ გენერალურ პროკურორს, ჯამლეთ ბაბილაშვილს ნარჩემაშვილის დანიშვნის ბრძანება უკვე ხელმოწერილი ჰქონდა. პროკურატურაში ის გენპროკურორის მაშინდელი პირველი მოადგილის, რეზო ყიფიანის პროტეჟე გახლდათ. თავად ყოფიანი დღეს პარლამენტის წევრია.    

“მე პარლამენტმა მხარი დამიჭირა. ვფიქრობ, რომ დეპუტატებმა ჩემს პროგრამას დაუჭირეს მხარი და არა – პიროვნებას. თუ გვინდა რაღაც გავაკეთოთ, პოლიციამ მუშაობის ფორმები უნდა შეცვალოს”, – განაცხადა მინისტრად დამტკიცების შემდეგ კობა ნარჩემაშვილმა. მას რეფორმის განხორციელებისთვის საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარების იმედი აქვს. ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი, რის გადადგმასაც ახალი მინისტრი აპირებს, პოლიციაში საკადრო რეფორმა და ამ სისტემაში შტატების შემცირებაა. “საბიუჯეტო დაფინანსებაზე 29 000 პოლიციელია. ჩემი აზრით, კონტინგენტი შესამცირებელია”, – განაცხადა ნარჩემაშვილმა.

ნარჩემაშვილის საკითხის განხილვამდე ორი დღით ადრე მომხდარმა პარლამენტარ გოჩა ჯოჯუას ცემის ფაქტმა (რაშიც თავად დაზარალებული შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის გენერალს, სოსო ალავიძეს ადანაშაულებს), ცხადი გახადა რომ პოლიციის არსებული სისტემის შენარჩუნება არ შეიძლება. ნარჩემაშვილის სასარგებლოდ იმუშავა იმ ფაქტმაც, რომ ის, მისი მაღალი თანამდებობის მიუხედავად, ნაკლებად მიიჩნეოდა კახა თარგამაძის უშუალო გარემოცვის წევრად. კობა ნარჩემაშვილის მფარველად უშიშროების საბჭოს მდივანი ნუგზარ საჯაია სახელდება.

უშიშროების საბჭოს მდივანსვე უკავშირდება ვალერი ხაბურძანიას წარმატება კარიერაში. მას უშიშროების სამინისტროში მუშაობის 5-წლიანი სტაჟი გააჩნია. 1992-97 წლებში ხაბურძანიას სამსახურეობრივ წინსვლას ხელი შეუწყეს დღევანდელი უშიშროების სამინისტროს წინამორბედის, საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის უფროსმა, ირაკლი ბათიაშვილმა და უშიშროების ყოფილმა მინისტრმა, ჯემალ გახოკიძე, რომელმაც, ხაბურძანიას 1997 წელს უშიშროების საბჭოში მუშაობის დაწყება შესთავაზა.

ვალერი ხაბურძანია პირველად პარლამენტის წინაშე 1999 წლის გაზაფხულზე წასდგა, როდესაც 1995-99 წლების მოწვევის პარლამენტი იხილავდა ეროვნული უშიშროების საბჭოში მომზადებულ კანონპროექტს “ანტიკორუფციული სამსახურის შესახებ”. კანონპროექტი პარლამენტს არ განუხილავს, თუმცა დეპუტატთა უდიდესმა ნაწილმა მისი დებულებანი გააკრიტიკა. მომდევნო პერიოდში პარლამენტი წინასაარჩევნო ციებ-ცხელებით იყო დაკავებული. კანონპროექტის განხილვის საკითხი კი დღის წესრიგიდან მოიხსნა.

“უშიშროების სამინისტრომ შეითავსა პოლიციური ფუნქციები და ეს არ მომწონს. რა სპეცსამსახურის საქმეა ჯიხურის გამყიდველი რა შემოსავალს მალავს”, – განაცხადა ახლადარჩეულმა მინისტრმა. ხაბურძანია აპირებს, სერიოზულად დასვას მთავრობის წინაშე უშიშროების სამინისტროს თანამშრომელთა ხელფასების მატების საკითხი. ახალი მინისტრის ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი ტელეკომპანია “რუსთავი-2”-თან დაკავშირებული საქმის შესწავლა იქნება.

21 ნოემბერს ვალერი ხაბურძანიამ და კობა ნარჩემაშვილმა დაიკავეს პოსტები იმ უწყებებში, რომელთა საქმიანობასაც ისინი უშიშროების საბჭოში მუშაობისას კურირებდნენ. ორივე მათგანი კარგად იცნობს თავიანთ უწყებებში არსებულ ვითარებას. ამდენად, მათ მიმართ პარლამენტის მხარდაჭერა გასაგები უნდა იყოს. თუმცა არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ხაბურძანია და ნარჩემაშვილი დროებითი მთავრობის წევრები არიან და ნაკლები შანსი აქვთ, კვლავ დაიკავონ პოსტები საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების შემდეგ ჩამოყალიბებულ მინისტრთა კაბინეტში. თანაც, ორივე მინისტრი საკმაოდ მართვადია, იგივე პრეზიდენტისა და უშიშროების საბჭოს მდივნის, ნუგზარ საჯაიას მიერ, და ძნელი სავარაუდოა, რომ რომელიმე მათგანმა დამოუკიდებელი თამაში წამოიწყოს, როგორც ეს იყო შს და უშიშროების ყოფილი მინისტრების კახა თარგამაძისა და შოთა კვირაიას შემთხვევაში.

მსგავსი/Related

Back to top button