ახალი ამბები

ზამთარში ქვეყანას სოციალური აფეთქება ელის

“დილის გაზეთი”, “რეზონანსი”

(ქართული პრესის მიმოხილვა. 21.11.01. “სივილ ჯორჯია”) – მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის არასაკმარისად მიწოდების გამო თბილისში წელსაც, ისევე როგორც შარშან, საპროტესტო აქციები ეწყობა. თბილისის ზოგიერთ უბანს ელექტროენერგია სრულად არ მიეწოდება. კიდევ უფრო რთულად არის მდგომარეობა რეგიონებში. ქვეყნის ტერიტორიის 60 პროცენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი, წერს “რეზონანსი”. ქართული პრესა და ხელისუფლების წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ ზამთარში სოციალური აფეთქებაა მოსალოდნელი, რომელიც შეიძლება პოლიტიკურშიც გადაიზარდოს.

გუშინ მთაწმინდის რაიონის მაცხოვრებლებს რუსთაველის პროსპექტი რამდენიმე საათის განმავლობაში ჰქონდათ გადაკეტილი. მათი განცხადებით, მთაწმინდას უკვე ოთხი დღეა, შუქი არ მიეწოდება. ამას დაერთო ბუნებრივი აირის დეფიციტიც.

“დილის გაზეთი” ელექტროენერგიის დეფიციტში, ისევე როგორც მთლიანად საქართველოში შექმნილ ვითარებაში, ქვეყნის მთავრობას ადანაშაულებს და წერს: “სამწუხაროა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის მე-10 წელსაც კი ხელისუფლებას საკუთარი ხალხისთვის ანგარიში ჯერ კიდევ არ გაუწევია. ერთადერთი, რასაც იგი წარმატებით ახერხებს, უხვად გაცემული ლამაზი და მრავალფეროვანი დაპირებებია”.

ქუჩის აქციების მთავარი ადრესატი “ეი-ი-ეს თელასი”-ა. “ამერიკული კომპანია მიზეზად უფინანსობას ასახელებს და მხოლოდ ერთ ენერგობლოკს ამუშავებს, რაც სისტემის გამართულ მუშაობას აფერხებს”, განუცხადა “რეზონანსს” ელექტროდისპეჩერიზაციის დირექტორმა ბორის კოჟორაძემ. მისი ინფორმაციით, საქართველოს ენერგოსისტემის მიერ გამომუშავებული ელექტროენეგრია მხოლოდ საქართველოს რკინიგზას, თბილისსა და აფხაზეთს მიეწოდება. ქვეყნის დიდი ქალაქები ენერგოსისტემაში მხოლოდ 2-3 საათითაა ჩართული.

ელექტროენერგიის დეფიციტს ისიც ემატება, რომ საქართველოს ენერგომარეგულირებელი კომისიის (სემეკი) გადაწყვეტილებით, 15 ნოემბრიდან 1 კილოვატსაათი ელექტროენერგიის სამომხმარებლო ღირებულება 12,4 თეთრი გახდა მაშინ, როდესაც აჭარაში ელექტროენერგიაზე ტარიფი 8,1 თეთრამდე შემცირდა, ხოლო საქართველოს დანარჩენ რეგიონებში – 8,0 თეთრამდე. ამავე დროს, თბილისის მოსახლეობისთვის დაწესებულ ტარიფში “ეი-ი-ეს თელასის” წილი გაორმაგდა, წერს “დილის გაზეთი” და ასევე აღნიშნავს, რომ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის ზრდის პარალელურად, კომპანიას ელექტროენერგიის შესყიდვისა და განაწილების ხარჯები შეუმცირდა. მიუხედავად ყოველივე ამისა, სემეკის თავმჯდომარე ელიზბარ ერისთავი მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე ტარიფის ზრდა გარდაუვალი იყო.

თბილისის საკრებულო ელექტროენერგიაზე ტარიფის ზრდაში სემეკს ადანაშაულებს: “სემეკის პირდაპირი ვალდებულება ტარიფის რეგულირება და მოსახლეობის ინტერესების დაცვაა. სემეკმა უფლება მისცა “ეი-ი-ეს თელასს”, ზედმეტი ინვესტიცია განეხორციელებინა, რამაც ტარიფის ზრდამდე მიგვიყვანა”.

“დილის გაზეთი” დარწმუნებლია, რომ თბილისელთა უბედობა მარტო ელექტროენერგიის ტარიფის ზრდით არ სრულდება. “ერთბაშად იმატებს წყლის, ბუნებრივი აირისა და ტელეფონის ტარიფი. ცალ-ცალკე ვითომ არაფერი, საბოლოოდ კი იგი საკმაოდ ძლიერად დაარტყამს 12-ლარიანი მოსახლეობის ჯიბეს”, წერს გაზეთი.

Back to top button