ახალი ამბები

მორიგი ბრალდება ლევან პირველის წინააღმდეგ

დეპუტატმა ანტიკორუფციული საბჭოს წევრს იარაღი ესროლა

არასამთავრობო ორგანიზაციები დეპუტატ ლევან პირველისთვის იმუნიტეტის მოხსნას მოითხოვენ. ამ საკითხთან დაკავშირებით მათ პარლამენტის სახელზე მიმართვა შეიმუშავეს. მიმართვას 27 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს ხელს. 

მესამე სექტორის წარმომადგენელთა მოთხოვნის მიზეზი გახდა შაბათს, 17 ნოემბერს ანტიკორუფციული საბჭოს წევრს გივი თარგამაძესა და დეპუტატ ლევან პირველს შორის მომხდარი ინცინდენტი (გივი თარგამაძე ამავე დროს არასამთავრობო ორგანიზაცია “თავისუფლების ინსტიტუტის” ერთ-ერთი დამფუძნებელია).

როგორც გივი თარგამაძე ამბობს, იგი რესტორანში მეგობრის დაბადების დღეს აღნიშნვდა, როდესაც მასთან უცნობი პიროვნება მივიდა და გარეთ გაყოლა სთხოვა. ამ დროს მას მიუახლოვდა დეპუტატი ლევან პირველი და სახეში ხელი გაარყა. ადგილი ჰქონდა სროლას პირველისა და მისი დაცვის წევრების მხრიდან, თუმცა არავინ დაშავებულა. დეპუტატი, ისევე როგორც მისი დაცვა, მთვრალი იყო.

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, ლევან პირველის მხრიდან ასეთი ქმედება არც იყო გასაკვირი, რადგან იგი მსგავს ფაქტებში ადრეც ყოფილა მხილებული. 1999 წელს რესტორან “თამარიონში” ცეცხლსასროლი იარაღით ახალგაზრდა კაცი მოკლეს. მკვლელობაში ეჭვმიტანილი სწორედ ლევან პირველი იყო. 

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ შაბათს მომხდარი ინცინდენტის შემთხვევის ადგილზე, პოლიცია მივიდა. თუმცა მან ვითარებაში ჩარევაზე უარი განაცხადა იმ მოტივით, რომ ლევან პირველს მისი დეპუტატობისა და გავლენიანი “რეპუტაციის” გამო ვერ შეეხებოდნენ. “ახალგაზრდა ხალხი ხართ და დაანებეთ თავი ამ კორუფციას”, ასეთი შინაარსის ფრაზა უთხრა ერთ-ერთმა სამართალდამცავმა გივი თარგამაძესა და მის თანმხლებ პირებს.

მომხდარი ფაქტი საკმაოდ საგანგაშოა იმის გამო, რომ საქმე ეხება დეპუტატს და ანტიკორუფციული საბჭოს წევრს, რომლის საქმიანობაც საკმაოდ გახმაურებულია. გივი თარგამაძეს არაერთი პუბლიკაცია გამოუქვეყნებია ენერგეტიკის სფეროში არსებულ კორუფციაზე. ეს პუბლიკაციები უშუალოდ ლევან პირველს ეხებოდა. ანტიკორუფციული საბჭოს წევრს მიაჩნია, რომ ლევან პირველი მას სწორედ ამ პუბლიკაციებისა და მხილებების გამო დაუპირისპირდა.

1999 წელს გივი თარგამაძემ, რომელიც მაშინ მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაცია “თავისუფლების ინსტიტუტის” წევრი იყო, ლევან პირველის ფირმა “ანგლოოილ ინტერნეშენალი” კორუფციულ საქმიანობაში ამხილა.  საქმე ეხებოდა სახელმწიფოსა და ლევან პირველის კომპანიას შორის გაფორმებულ კონტრაქტს, რომელიც დღეს სახელმწიფოს 46 მილიონი დოლარის ვალის გადახდას ავალდებულებს. 

თავად ლევან პირველი კატეგორიულად უარჰყოფს 17 ნოემბერს რესტორანში მომხდარ ინცინდენტს და ბრალდებას აბსურდულს უწოდებს.

“იმის გამო, რომ პიროვნებას აქვს ბევრი ფული, იმის გამო რომ მას ახლო და საქმიანი ურთიერთობა აქვს შევარნდაძის ნათესაობიდან, მას აქვს სრული დაუსჯელობის გარანტია”, აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია “თავისუფლების ინსტიტუტის” გამგეობის წევრი დათო ზურაბიშვილი. ის მომხდარ ფაქტს 1992-93 წლების საქართველოს აგონებს, როდესაც ქვეყანაში იყო განუკითხაობა და როდესაც ყველაფერს უხეში ძალა წყვეტდა.

“მე ნამდვილად არ მეგონა, რომ ტელეკომპანია “რუსთავი-2″-ზე თავდასხმის განხორციელების შემდეგ ხელისუფლების წარმომადგენლები, ანუ ისინი, რომლებიც დარწმუნებულნი არიან, რომ მათ არავინ დასჯის, კიდევ ერთხელ მოახდენდნენ საკუთარი ძალის დემონსტრირებას”, აღნიშნავს “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” გამგეობის წევრი თინათინ ხიდაშელი და  ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომის არსებობაში პრეზიდენტ შევარდნაძეს ადანაშაულებს.

არასამთავრობო ორგანიზაცია “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის” თავმჯდომარემ ნანა კაკაბაძემ მომხდარს ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მისცა. “ხელისუფლების წარმომადგენლები უკვე ბედავენ, ძალისმიერი მეთოდებით გაუსწორდნენ იმ პირებს, რომელიც ხმას იღებენ ქვეყანაში შექმნილი ვითარების შესახებ და სიმართლეს ამბობენ”, განაცხადა მან.
 
ნანა კაკაბაძეს მიაჩნია, რომ აღიძვრება თუ არა სისხლის სამართლის საქმე და რა შედეგებით დასრულდება გამოძიება იქნება ნათელი მაგალითი იმისა, თუ რა დოზით აპირებს საქართველოს ხელისუფლება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას.

სალომე ჯაში, “სივილ ჯორჯია”

მსგავსი/Related

Back to top button