ახალი ამბები

პარლამენტის კომიტეტის სხდომების მიმოხილვა. 13 – 16 ნოემბერი, 2001

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი  

13 ნოემბერს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში განიხილეს კოდორის ხეობაში შექმნილი სიტუაცია.

კომიტეტს ინფორმაცია მიაწოდა გენერალური შტაბის უფროსმა ჯონი ფირცხალაიშვილმა. მან განაცხადა, რომ კოდორის ხეობაში თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფები იმყოფებიან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად უზრუნველყოფენ ტერიტორიის უსაფრთხოებას. თუმცა აღნიშნა, რომ დაბომბვებისგან ხეობა დაცული არ არის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის უქონლობის გამო. ფირცხალაიშვილმა განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტროს 350 კაციანი ქვედანაყოფი სურსათით და სხვა საჭირო ინვენტარით უზრუნველყოფილია. “კოდორში საფრთხე არ გვემუქრება, მაგრამ საფრთხესა და მოწინააღმდეგეს გააჩნია”- აქვე დასძინა ფირცხალაიშვილმა.

გენშტაბის უფროსმა ძირითადი აქცენტი ადგილობრივი მოსახლეობის მძიმე საყოფაცხოვრებო პირობებზე გააკეთა. მან აღნიშნა, რომ სამინისტრომ პრეზიდენტის დავალებით უზრუნველყო 200 ათასი ტონა ფქვილის კოდორის ხეობაში შეტანა.

პრეზიდენტის წრმუნებულმა ზემო სვანეთსა და კოდორის ხეობაში ემზარ კვიციანმა განაცხადა, რომ კოდორი დაცულია და მას საფრთხე არ ემუქრება. ერთადერთი პრობლემა, რაც მოსახლეობას აწუხებს არის სურსათის უქონლობა. მისი თქმით, ამ მიზეზმა განაპირობა ექვსასი ადგილობრივი ქალისა და ბავშვის დროებით დევნილებად გადაქცევა. კვიციანმა თხოვა ხელისუფლებას მათი საცხოვრებელი ფართით დროებით უზრუნველყოფა ეზრუნველეყო.

სენსაციური განცხადება გააკეთა ემზარ კვიციანმა, როცა საქართველოს დაზვერვის თანამშრომლები ინფორმაციის რუსეთისთვის გადაცემაში ამხილა. მისი თქმით, ადგილობრივი მოსახლეობის მიერ დაზვერვის სამსახურებისადმი მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ხდებოდა დაბომბვების წარმოება.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავჯდომარემ გია ბარამიძემ კანცელარიის სახელზე წერილის გაგზავნა დაავალა აპარატს, რომლის საფუძველზეც უნდა შექმნილიყო სპეციალურო საგამოძიებო ჯგუფი უშიშროების საბჭოსთან. ბარამიძემ არ გამორიცხა ნდობის ჯგუფის დონეზეც საკითხის განხილვა.


იურიდიულ საკითხთა, კანონიერებისა და ადმინისტრაციული რეფორმების კომიტეტი

14 ნოემბერს იურიდიულ საკითხთა, კანონიერებისა და ადმინისტრაციული რეფორმების კომიტეტის სხდომაზე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ვალერი ხაბურზანიამ წარადგინა კანონპროექტი “აღმასრულებელ ხელისუფლების სტრუქტურაში ცვლილებების შესახებ”.

პრეზიდენტის ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით სამი სამინისტროს: ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის, სახელმწიფო ქონების მართვის, მშენებლობისა და ურბანიზაციის სამინისტროების გაერთიანების შედეგად იქმნება ერთი ეკონომიკის სამინისტრო. საგადასახადო-შემოსავლების სამინისტრო იშლება სამ დეპარტამენტად: საგადასახადო, საბაჟო და საგანგებო ლეგიონი, რომლებიც უშუალოდ სახელმწიფო მინისტრს დაექვემდებარებიან.

ვალერი ხაბურზანიამ განმარტა, რომ პრეზიდენტმა აღნიშნული ცვლილებები მოსალოდნელი ცვლილებების პირველ ეტაპად წარმოადგინა.

ფრქცია ‘სოციალისტის” წევრის ზაქარია ქუცნაშვილის კრიტიკას ვერ უძლებდა წარმოდგენილი ვარიანტი. მან ხაბურზანიას მისეული ცვლილებების გეგმა გაუზიარა. ქუცნაშვილის თქმით – “სამინისტრო, რომელიც მხოლოდ ნებართვების გაცემით არის დაკავებული, ვგულისხმობ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, უსარგებლოა და უნდა შეუერთდეს მშენებლობისა და ურბანიზაციის სამინისტროს: სოციალური სფერო გამოვყოთ ჯანდაცვისაგან და შევუერთოდ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს”.

ვახტანგ გვარამიამ “აღორძინებიდან” განაცხადა, რომ დეპარტამენტებად გადაქცევით საგადასახადო-საბაჟო საქმე გამოდის საპარლამენტო კონტროლიდან. პროექტში სულ 35 დეპარტამენეტია წარმოდგენილი.

კომიტეტის წევრთა უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა კანონპროექტს.

საპარლამენტო კომიტეტებში 2002 წლის ბიუჯეტის განხილვა დაიწყო

ადამიანის უფლებათა დაცვის, მოქალაქეთა პეტიციებისა და სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობის; განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის; იურიდიულ საკითხთა, კანონიერებისა და ადმინისტრაციული რეფორმებისა და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტებში განიხილეს 2002 წლის ბიუჯეტის პროექტი.

პროექტი წარადგინეს ფინანსთა მინისტრის მოადგილეებმა. აღსანიშნავია, რომ  ბიუჯეტის პარამეტრები საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შესათანხმებელია.

2002 წლის ბიუჯეტში სიახლეა, ცენტრალური ბიუჯეტის საკუთარი შემოსავლები და საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან შემოსული შემოსავლები ერთმანეთს გაემიჯნა. არასაგადასახო შემოსავლებდან მსოფლიო ბანკის საინვესტიციო პროექტები 10 მილიონ ლარამდე მცირდება. პრივატიზაციიდან გადედმილი შემოსავლები 22 მილიონ ლარს შეადგენს, სადაც არ არის გათვალისწინებული ტელეკომისა და ელექტროკავშირის პრივატიზაცია. არასაგადასახადო შემოსავლების ზრდა ხდება ეროვნული ბანკის მოგების ხარჯზე.

საგადასახადო შემოსავლების კუთხით ბიუჯეტში დიდი ზრდაა. მთლიან შიდა პროდუქტთან შედარებით გადასახადების ამოღების დონე 15,2%-ით განისაზღვრა.

საბიუჯეტო ხარჯებში საგარეო ვალების მომსახურების დონე იზრდება, ხოლო ცენტრალური ბიუჯეტის მთლიანი ხარჯი მცირდება. ხარჯების შემცირება არ შეეხება სოციალურ სფეროს, უშიშროების, თავდაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტროებს. პრიორიტეტი იქნება პედაგოგთა დავალიანებები.

2002 წლის ბიუჯეტში ინფლაციის დონე არის 1 აშშ დოლარი = 2,1 ლარი.

ფინანსთა სამინისტრო აღარ ჩაერევა თითოეული სამინისტროს ბიუჯეტის დაგეგმვაში. სამინისტროები კუთვნილ თანხას თავიანთი შეხედულებებისამებრ განკარგავენ.

ბიუჯეტის მიმართ განსაკუთრებული უკმაყოფილება დაფიქსირდა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტში. კომიტეტის წევრების თქმით, 2002 წლისთვის ამ სფეროში დაფინანსება მიზერულია და დარგების არსებობას საფრთხეს უქმნის.

გადასახადებისა და შემოსავლების კომიტეტი

16 ნოემბერს გადასახადებისა და შემოსავლების კომიტეტში იმსჯელეს აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურის შესახებ კანონში ცვლილებებზე. კანონპროექტი, უკვე სახეცვლილი ფორმით პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ვალერი ხაბურზანიამ წარადგინა.

ცვლილების მიხედვით ფინანსთა და საგადასახადო-შემოსავლების სამინისტრო ერთიანდება. სატყეო მეურნეობის დეპარტამენტი უქმდება და უერთდება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს.

ვალერი ხაბურზანიამ განაცხადა, რომ პრეზიდენტმა მას დაავალა ცვლილებების კანონპროექტის ჩარჩოში მოქცევა.

სადაგასახადო-შემოსავლების მინისტრის ფორმალურმა კანდიდატმა და ფინანსთა მინისტრის მოვალეობის დროებით შემსრულებელმა ზურაბ სოსელიამ მიზანშეწონილად მიიჩნია საგადასახადო-საბაჟო რეფორმის ერთიან ფისკალურ-საბიუჯეტო სივრცეში გაგრძელება ფინანსთა სამინისტროს ქოლგის ქვეშ.

საგადასახადო-შემოსავლების მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით მუმლაძემ ფაქტიურად ნაადრევად მიიჩნია ცვლილების გატარება. მისი თქმით-“შეიქმნა სამინისტრო, როცა ბიუჯეტი არ სრულდებოდა და უქმდება მაშინ, როცა სრულდება”. მან ცვლილებებთან დაკავშირებით აშშ-ს განვითარების სააგენტოს უარყოფითი პოზიცია გააცნო კომიტეტს. მუმლაძის განცხადებით, როცა საგადასახადო რეფორმის 1/3-ია შესრულებული და საბაჟო რეფორმა დაწყებულიც კი არ არის ფინანსთა სამინისტროსთან გაერთიანება საგადასახადო-შემოსავლებიოს სამინისტროზე უარყოფითად იმოქმედებს.

ეკონომიკის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნათია თურმავამ ცვლილებების მიზანშეწონილებაზე საუბარი არაკორეკტულად მიიჩნია იმის გამო, რომ ცვლილებები პრეზიდენტის ინიცირებული იყო.

კომიტეტის წევრთა უმრავლესობა კანონპროექტის თაობაზე უარყოფით პოზიციას აფიქსირებდა.

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი

ეკონომიკური პოლიტიკის 16 ნოემბრის საკომიტეტო მოსმენის მიზეზი გახდა წყნეთის მოსახლეობის საპროტესტო აქცია ხე-ტყის უკანონო გაჩეხვასთან დაკავშირებით.

წყნეთის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟის გამო თავის კომპეტენტური დასკვნა წარმოადგინა კონტროლის პალატის თავჯდომარემ სულხან მოლაშვილმა. მისი თქმით – “ეს პრობლემა არის კლასიკური მაგალითი იმისა, თუ რა შორს დგას ერთმანეთისაგან ხელისუფლება და მოსახლეობა”. სულხან მოლაშვილის ცნობით განადგურებულია უნიკალური ტყის მასივები უკანონო მშენებლობების ხარჯზე. კონტროლის პალატამ უამრავი დარღვევა აღმოაჩინა და შესაბამის სამართალდამცავ სტრუქტურებს გაუგზავნა მასალები შესწავლისათვის. “მაგრამ არცერთი ასეთი ფაქტი სამართალდამცავების ყურადღების ქვეშ არ მოხვედრილა” -განაცხადა კონტროლის პალატის თავჯდომარემ.

მოლაშვილმა კონკრეტული სტრუქტურები და თანამდებობის პირები ამხილა უკანონო მოქმედებებში: თბილისის სატყეო მეურნეობის თავჯდომარე შოთა მეფარიძე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო, გარდაბნის რაიონის გამგეობა და სხვანი. უკანონოდ გაცემული სააგარკე მიწის ნაკვეთის უკან დგანან კონკრეტული ჩინოვნიკები, რომელთა თანამდებობიდან გადაყენების შუამდგომლობას დასვამს კონტროლის პალატა. მოლაშვილის განცხადებით ყველა მათ მიერ მოძიებული საქმე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანაშრომლების უკანონო ქმედებების ჩავლით, გადაეცემა პროკურატურას ორი თვის ვადაში განსახილველად. უკანონოდ მითვისებული მიწის ნაკვეთები ჩამოერთმევათ მათ “მფლობელებს”.

ტაშის გრიალით შეხვდა დარბაზი მიხეილ სააკაშვილის განცხადებას სატყეო მეურნეობის თავჯდომარის შოთა Mმეფარიძის თანამდებობიდან მოხსნის შესახებ. სააკაშვილმა განაცხადა, რომ ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯი იყო ამ სფეროში უკანონობის წინააღმდეგ. აღსანიშნავია, რომ მეფარიძემ თანამდებობის დაკარგვის შესახებ სხდომაზე შეიტყო.

Back to top button