
პრეზიდენტმა გადაწყვეტილება შეცვალა?
შეიცვლის თუ არა გადაწყვეტილებას პარლამენტი? პრეზიდენტი დარწმუნდა, რომ მის მიერ პარლამენტისთვის შესათავაზებელი მინისტრთა კანდიდატურები და მთავრობის სტრუქტურული ცვლილებები რეალობისგან საკმაოდ შორს იდგა. პარლამენტის ფრაქციათა დიდმა ნაწილმა პირდაპირ განაცხადა, რომ ისინი ამ კანდიდატურების უმრავლესობას უყოყმანოდ ჩააგდებდნენ. ამის მიზეზი კი გახდა ის, რომ პრეზიდენტმა სავარაუდო ახალი მთავრობა პარლამენტისთვის მიუღებელი ძველი მინისტრებით დააკომპლექტა. პარლამენტმა მკაცრად გააკრიტიკა პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი ახალი სამთავრობო სტრუქტურაც. 19 ნოემბერს საპარლამენტო ფრაქციები მინისტრობის კანდიდატების განხილვას იწყებენ. “აღორძინების” ბლოკის ფრაქციათა ლიდერები 15 ნოემბერს ბათუმში გაემგზავრნენ, სადაც აჭარის ავტონომიის მეთაურთან ასლან აბაშიძესთან ერთად მიიღებენ გადაწყვეტილებას, თუ მთავრობის წევრობის რომელ კანდიდატს დაუჭირონ მხარი. რაც შეეხება “მოქალაქეებს”, მინისტრობის აბსოლუტური უმრავლესობის მიმართ ისინი კვლავაც უარყოფით დამოკიდებულებას ინარჩუნებენ. ახალი კანონპროექტის მიხედვით, უქმდება საგადასახადო შემოსავლების სამინისტრო და მასში შემავალი ქვეუწყებები. საბაჟო სამსახური, საგადასახადო დეპარტამენტი და საგანგებო ფინანსური ლეგიონი, ფინანსთა სამინისტროს უერთდება. ასევე მოხდება ეკონომიკის, ვაჭრობისა და კომუნიკაციების სამინისტროს შერწყმა სახელმწიფო ქონების მართვის უწყებასთან. ახალ სამინისტროს ეკონომიკის სამინისტრო ეწოდება. გაერთიანება ელის მშენებლობა-ურბანიზაციისა და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროებსაც. პარლამენტში ახალი სტრუქტურული ცვლილებების მიმართაც ცალსახად უარყოფითი დამოკიდებულება არსებობს. ფრაქცია “ტრადიციონალისტის” წევრი ალექსანდრე შალამბერიძე აცხადებს, რომ მისი ფრაქცია ამ სახის “მექანიკურ ცვლილებებს” არ იწონებს. თუმცა ცვლილებათა ეს ვარიანტი, პარლამენტარის განცხადებით, გაცილებით სჯობს კანონპროექტის საწყის ვარიანტს, რომელიც პრეზიდენტმა შევარდნაძემ დეპუტატებს 10 დღის წინ წარუდგინა. ძველი პროექტით, გაუქმებული საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს ქვედანაყოფები უშუალოდ სახელმწიფო მინისტრის გამგებლობაში გადადიოდა. ეკონომიკის გაერთიანებული სამინისტროს შემადგენლობაში კი უნდა შესულიყო მშენებლობა-ურბანიზაციის უწყება. რაც შეეხება მინისტრობის კანდიდატთა სიას, მასში უმნიშვნელო ცვლილებები შევიდა – იუსტიციის მინისტრობის კანდიდატად თბილისის სახელმწოფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილის, პაატა ცნობილაძის ნაცვლად იუსტიციის ყოფილი მინისტრი როლანდ გილიგაშვილი მოგვევლინა. თავის მხრივ, გილიგაშვილი, ძველი სიის მიხედვით, გენერალური პროკურორის თანამდებობაზე სახელდებოდა. ამ პოსტზე დღეს თბილისის ყოფილი პროკურორი და შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი ნუგზარ გაბრიჩიძეა წარდგენილი. პარლამენტში მინისტრობის კანდიდატურებს რთული დღეები ელით. დეპუტატები მათგან სამოქმედო პროგრამის წარდგენას მოითხოვენ. “თუ ჩვენ მათი პროგრამა არ მოგვეწონა, მხარს ვერ დავუჭერთ”, – აცხადებს ფრაქცია “ტრადიციონალისტის” წევრი ალექსანდრე შალამბერიძე. თუმცა მის ფრაქციას უკვე ჰყავს ფავორიტები – ყველა ძალოვანი და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატები. “დღეს საქართველოს უნდა ჰყავდეს ძალოვანი მინისტრები. რაც შეეხება სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატს, დავით კირვალიძეს, მან ამ პოსტზე მუშაობისას ამ სექტორში კორუფციის მინიმუმამდე დაყვანა და საერთაშორისო დახმარებების კონკრეტულ ადრესატამდე, ფერმერებმდე მიტანა შეძლო”, – აღნიშნავს შალამბერიძე. სავარაუდოა, რომ ბლოკი “აღორძინება” განსაკუთრებულად უარყოფით პოზიციას ორი კანდიდატის მიმართ დაიწერს. ესენია, სათბობ-ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი დავით მირცხულავა (რომლის პასუხისმგებლობის საკითხის დასმასაც უკვე დიდი ხანია ითხოვს “აღორძინების” ბანაკის წევრი ფრაქცია “სოციალისტი”) და ფინანსთა ყოფილი მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი. “აღორძინებას” ფინანსთა მინისტრის პოსტზე საკუთარი კანდიდატი ჰყავს – პარლამენტარი ნოდარ ჯავახიშვილი, რომელსაც 1994-1998 წლებში საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოსტი ეკავა. პარლამენტის ყველაზე მრავალრიცხოვან ფრაქციას “მოქალაქეთა კავშირს” მინისტრობის კანდიდატურებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. როგორც ფრაქციის წევრი პეტრე ცისკარიშვილი აცხადებს, მათ შესაძლოა, ყველა კანდიდატურის წინააღმდეგ მისცენ ხმა. მიუხედავად პრეზიდენტის მიერ კანდიდატთა სიის გადახალისებისა, პარლამენტის პოზიცია ძირითადად უცვლელი რჩება. საკანონმდებლო ორგანოში გასვლის ყველაზე კარგი შანსი აქვთ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით თევზაძეს და უშიშროების მინისტრობის კანდიდატს, ვალერი ხაბურძანიას. უფრო ნაკლები – სოფლის მეურნეობის ყოფილ მინისტრს, დავით კირვალიძესა და შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატს, კობა ნარჩემაშვილს. პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ დანარჩენ კანდიდატურებს კი გასვლის შანსი ფაქტიურად საეთოდ არ გააჩნიათ. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით თუ პარლამენტმა ჩააგდო პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი კანდიდატურა, პრეზიდენტს შეუძლია თავიდან წარმოადგინოს იგი და ეს პროცესი შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს. თუმცა ფრაქცია “მრეწველების” წევრის ვახტანგ ხმალაძის განცხადებით წარდგენა-ჩაგდების გაწელილი პროცესი პრეზიდენტის არც თუ ისე სახარბიელო იმიჯს კიდევ უფრო სერიოზულად შელახავს. გიორგი კალანდაძე, სივილ ჯორჯიაახლად არჩულ პარლამენტის თავმჯდომარესთან 14 ნოემბერს გამართულმა შეხვედრამ საქართველოს პრეზიდენტს ახალ მთავრობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება შეაცვლევინა. შეხვედრაზე ნინო ბურჯანაძემ ედუარდ შევარდნაძეს პარლამენტში მის მიერ წარმოდგენილ კანონპროექტთან და მინისტრების კანდიდატებთან დაკავშირებული უარყოფითი დამოკიდებულების შესახებ აცნობა.
მინისტრობის კანდიდატების საბოლოო სია პრეზიდენტმა პარლამენტს საკონსტიტუციო 14-დღიანი ვადის გასვლამდე რამდენიმე საათით ადრე (15 ნოემბერს დაახლოებით 20:00 საათზე) წარუდგინა. მინისტრობის 22 კანდიდატურას შორის არიან ისეთები, რომლებმაც დღესვე იციან, რომ მათ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტში დებატები შეიძლება არც კი გაიმართოს. ეს კი იმ შემთხვევაში მოხდება, თუ პარლამენტი დაამტკიცებს პრეზიდენტის ინიციატივით წარდგენილ სამთავრობო სტრუქტურული ცვლილებების ახალ ვარიანტს.