ახალი ამბები

ვინ აფერხებს აფხაზეთის პრობლემის მოგვარებას?

“დილის გაზეთი”

(ქართული პრესის მიმოხილვა. “სივილ ჯორჯია”. 17.11.01) – ეუთო-ს სტამბოლის სამიტის შეთანხმების თანახმად, რუსეთს ჯერ კიდევ 1 ივლისამდე უნდა მოეხდინა გუდაუთის ბაზის ლიკვიდაცია. რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტომ 9 ნოემბერს გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც, გუდაუთის სამხედრო ბაზიდან სამხედრო კონტინგენტი და ტექნიკა რუსეთმა უკვე გაიყვანა. ქართულმა მხარემ განცხადების დასაბუთება მოითხოვა, თუმცა პასუხი არ მიუღია. “დილის გაზეთი” აფხაზეთის თემას მიმოიხილავს.

“ჩვენს ჩრდილოელ მეზობელ ქვეყანას ჰყოფნის თავხედობა, ოფიციალურად ამტკიცოს, რომ თითქოს გუდაუთის ბაზა უკვე დაშლილი და საქართველოს ტერიტორიიდან გაყვანილია”, წერს გაზეთი, რომელიც დარწმუნებულია, რომ ბაზა არ გაუქმებულა. ამის ვარაუდის საფუძველს იძლევა ის ფაქტი, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გუდაუთის ბაზა დოკუმენტურად არ გადასცემია.

თუ მართლაც მოხდა გუდაუთის ბაზის საქართველოდან გაყვანა, რატომ არ იყო ეს პროცესი ტრანსპარენტული და რატომ შეიტყო ქართულმა მხრემ, ისევე როგორც საერთაშორისო საზოგადოებამ, ამ ფაქტის შესახებ მხოლოდ პოსტფაქტუმ, კითხულობს გაზეთი.

“ისიც კი, რასაც მოსკოვი ბაზის დახურვას ეძახის, უკვე იძლევა შეშფოთების საფუძველს: გუდაუთის სამხედრო ბაზაზე არსებული 34 ერთეული ჯავშანტექნიკიდან რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე გაყვანალია 24, ხოლო 10 ერთეული კოდორის ხეობაში განლაგებული სამშვიდობო ძალების ბლოკ-პოსტებზეა გადაყვანილი. რუსული ოფიციალური ინფორმაციის თანახმადვე, გუდაუთის ბაზიდან 375 სამხედრო მოსამსახურე სამშვიდობო ოპერაციის ზონაში გადაიყვანეს, ხოლო თავად ბაზაზე დარჩენილია 600-კაციანი პერსონალი”, წერს “დილის გაზეთი”. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აინტერესებთ, თუ რის საფუძველზე დარჩა გაუქმებული ბაზის ტერიტორიაზე 600 სამხედრო მოსამსახურე.

დღესდღეობით აფხაზეთში რუსი “სამშვიდობოების” ამა თუ იმ ძალით ჩანაცვლებაზე საუბრობენ. ჰელსინკის მოქალაქეთა ასამბლეის საქართველოს წარმომადგენლობის თავმჯდომარე ალექსანდრ რუსეცკი “დილის გაზეთთან” საუბრისას აღნიშნავს, რომ ქართველებსა და აფხაზებს შორის უსაფრთხოების გარანტირების მიზნით უნდა მოხდეს, პირველ რიგში, დევნილების მოლაპარაკებების პროცესში ჩართვა. “მხოლოდ მეორე ეტაპი უნდა იყოს აფხაზეთში საერთაშორისო კონტინგენტის შეყვანა”, მიაჩნია რუსეცკის. მისი აზრით, აფხაზეთის ბედი, გარკვეულწილად, ბუშისა და პუტინის შეხვედრაზე იქნება დამოკიდებული.
 
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ ანთაძე აცხადებს, რომ 30 ოქტომბერს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომამ ღიად დაასახელა რუსეთი ქართულ-აფხაზური მოლაპარაკებების შემაფერხებლად.

“როგორც ჩანს, ხელისუფლებაში მსგავს მომენტებს კვლავაც მნიშვნელოვან ადგილს ანიჭებენ”, წერს “დილის გაზეთი”. მისი აზრით, მხოლოდ ეს განცხადება არაფრის მქმნელია, მითუმეტეს მაშინ, როდესაც იმავე სხდომაზე მეგობარმა ქვეყნებმა ასევე უარყოფითად შეაფასეს ჩეჩნების გამოჩენა აფხაზეთში და აფხაზეთის პრობლემის მოუგვარებლობაში ქართულ-აფხაზური მხარეებიც დაადანაშაულეს.

Back to top button