ახალი ამბები

ახალი სტრუქტურა – ძველი კანდიდატები

პრეზიდენტი პარლამენტს მთავრობის ახალ სტრუქტურასა და ძველ მინისტრებს წარუდგენს

საქართველოს ხელისუფლება გარდამავალი მთავრობისთვის ემზადება. პრეზიდენტმა შევარდნაძემ 12 ნოემბერს პარლამენტს მთავრობის ახალი სტრუქტურა წარუდგინა, რომლითაც არსებული 17 სამინისტრო 15-მდეა შემცირებული. ჯერჯერობით უცნობია, ვინ გახდება გარდამავალ მთავრობაში მინისტრი, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, ახალი მთავრობა ძირითადად ძველი მინისტრებით დაკომპლექტდება.

14 ნოემბერს იწურება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ვადა, რომლის დროსაც პრეზიდენტმა პარლამენტს მინისტრობის კანდიდატურები უნდა წარუდგინოს. შევარდნაძეს, ჯერჯერობით, პარლამენტისთვის მთავრობის ახალი შემადგენლობა ოფიციალურად არ წარუდგენია. თუმცა მან ჟურნალისტებთან საუბრისას რამდენჯერმე მიანიშნა, რომ ახალი მთავრობის ბირთვს ძველი მინისტრები შეადგენენ.

შევარდნაძემ დანამდვილებით მხოლოდ ის თქვა, რომ ახალ მთავრობაში ვერც “რკინის კაცად” შერაცხულ კახა თარგამაძეს ვიხილავთ და ვერც ტელეკომპანია “რუსთავი-2”-ზე ზეწოლაში მხილებულ ვახტანგ ქუთათელაძეს. შევარდნაძე თანამდებობაზე არც ყოფილი გენერალური პროკურორის, გია მეფარიშვილის დაბრუნებას აპირებს. სახელმწიფო კანცელარიიდან არაოფიციალური არხებით გავრცელებული ინფორმაციით, თარგამაძეს შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე მინისტრის მოადგილე კობა ნარჩემაშვილი შეცვლის. უშიშროების მინისტრის თანამდებობაზე კი პრეზიდენტის ამჟამინდელი საპარლამენტო მდივანი ვალერი ხაბურზანია მოგვევლინება.

რაც შეეხება მომავალ გენპროკურორს, იმავე წყაროს ინფორმაციით, ამ პოსტზე ყოფილი პარლამენტარი და ასევე ექს იუსტიციის მინისტრი როლანდ გილიგაშვილი სახელდება. მას, თავის მხრივ, იუსტიციის სამინისტროს მესაჭის თანამდებობაზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი, იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილე პაატა ცნობილაძე  შეცვლის. სხვა ახალი სახე მომავალ მთავრობაში ალბათ არ იქნება.

გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტი არ გამოცვლის განათლების, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის, თავდაცვის, კულტურის, ლტოლვილთა და განსახლების, საგარეო საქმეთა, სათბობ-ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობისა და სურსათის, ტრანსპორტისა და კომუნიკაციების, ფინანსთა და ჯანდაცვის მინისტრებს.

12 ნოემბერს პრეზიდენტი პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივით წარდგა და წარადგინა ცვლილებათა პროექტი კანონში “აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ”. ცვლილებების მიხედვით, უქმდება 1999 წლის ბოლოს შექმნილი საგადასახადო შემოსავლების სამინისტრო. ამ უწყებაში შემავალი სამი დეპარტამენტის – საბაჟოს, საგადასახადოსა და საგანგებო ლეგიონის ხელმძღვანელობა, ახალი კანონპროექტის მიხედვით, სახელმწიფო მინისტრს დაევალება.

12 ნოემბერს პრეზიდენტმა შევარდნაძემ მომავალი სახელმწიფო მინისტრი დაახასიათა როგორც “ახალგაზრდა, პროფესიონალი და ფისკალურ სფეროში მუშაობის გამოცდილების მქონე”. პრეზიდენტის ამ შეფასების შემდეგ მას-მედიაში გაჩნდა ერთადერთი ვერსია – მომავალ სახელმწიფო მინისტრად საგადასახადო შემოსავლების ყოფილი მინისტრი ლევან ძნელაძე იქნება წარდგენილი.

კანონპროექტი მთავრობის კიდევ ერთ სტრუქტურულ ცვლილებას ითვალისწინებს. კერძოდ, პროექტის მიხედვით, ეკონომიკის, ვაჭრობისა და მრეწველობის სამინისტროს უერთდება სახელმწიფო ქონების მართვისა და მშენებლობა-ურბანიზაციის სამინისტროები. ახალ უწყებას კომპაქტური სახელი – ეკონომიკის სამინისტრო ერქმევა და მას სახელმწიფო ქონების მართვის ექს-მინისტრი გიორგი გაჩეჩილაძე უხელმძღვანელებს.

საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტი პარლამენტს მთავრობის ახალ შემადგენლობას ძველის დათხოვნიდან 14 დღეში წარუდგენს. თუმცა კანონმდებლობა არ აწესებს ვადას, რა პერიოდში უნდა განიხილოს და დაამტკიცოს მინისტრების კანდიდატურები პარლამენტმა. ეს საკანონმდებლო ნიუანსი პრეზიდენტს მინისტრების კანდიდატურების წარდგენისას ძალზე გამოადგება, საუბარია დროის გაწელვაზე. საქმე ისაა, რომ სანამ პარლამენტს არ მიუღია ცვლილებები აღმასრულებელ ხელისუფლების სტრუქტურაში, პრეზიდენტს მინისტრების წარდგენა ამჟამად მოქმედი კანონის საფუძველზე მოუწევს. შესაბამისად, წარდგენილი იქნება რამდენიმე ისეთი კანდიდატი, რომელთაც წინასწარ ეცოდინებათ, რომ მათ კანდიდატურებს, სტრუქტურული ცვლილებების მიღების შემთხვევაში (საუბარია რამდენიმე სამინისტროს გაუქმებაზე), პრეზიდენტი უკანვე გამოიწვევს. მოხდება რამდენიმე მინისტრის წარდგენა-გამოწვევა.       

გიორგი კალანდაძე, “სივილ ჯორჯია”

მსგავსი/Related

Back to top button