ახალი ამბები

ბურჯანაზე პარლამენტის თავჯდომარე ხდება

ორ ტურიანი არჩევნები პარლამენტმა გამთენიისას დაასრულა

ნინო ბურჯანაძე პარლამენტის თავმჯდომარეა. მის სასარგებლოდ 10 ნოემბერს 129 პარლამენტარმა მისცა ხმა. მისი მთავარი მეტოქის, ბაღდათის რაიონის მაჟორიტარის, ვაჟა ლორთქიფანიძის მონაგარი 98 ხმაა. პარლამენტის თავმჯდომარის ვინაობა არჩევნების მეორე ტურმა, 10 ნოემბერს დილით, 4:20 საათზე გამოავლინა.

პირველი ტურის შედეგების მიხედვით, რომელიც დაახ 1:10 საათზე გახდა ცნობილი, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, ნინო ბურჯანაძეს ხმა მისცა 104 დეპუტატმა, ვაჟა ლორთქიფანიძეს – 71-მა, რაც შეეხება მესამე კანდიდატს, ფრაქცია “აღორძინების” თავმჯდომარეს, ჯემალ გოგიტიძეს, მის სასარგებლოდ არჩევანი 52-მა პარლამენტარმა გააკეთა. არჩევნების მეორე ტურის წინ გოგიტიძის მომხრეები საკონსულტაციოდ შეიკრიბნენ. საბოლოოდ, მათი ხმები ორ ნაწილად გაიყო და ორივე კანდიდატის სასარგებლოდ გადანაწილდა.

“მოქალაქე” ნინო ბურჯანაძის კანდიდატურა ფრაქცია “ტრადიციონალისტმა” 5 ნოემბერს წარადგინა. ეს ფრაქცია პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ზურაბ ჟვანიას პოლიტიკურ მოკავშირეთა ბანაკს განეკუთვნება. ამდენად, ნინო ბურჯანაძის მოწინააღმდეგეთა მთავარი არგუმენტი ის იყო, რომ მისი არჩევით სწორედ ზურაბ ჟვანია აღიდგენდა კონტროლს პარლამენტზე.

ზურაბ ჟვანიამ ბურჯანაძის არჩევა პირად გამარჯვებად მიიჩნია. “ძალიან მნიშვნელოვანი იყო, თუ ვინ დაიკავებდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტს. მიმაჩნია, რომ ნინო ბურჯანაძე გააგრძელებს 6 წლის განმავლობაში პარლამენტში ჩამოყალიბებულ საუკეთესო ტრადიციებს”, – დასძინა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ. ჟვანიამ არ დააკონკრეტა, როგორ იმოქმედებს მისი გუნდის წევრის არჩევა პარლამენტში არსებულ ძალთა გადანაწილებაზე ანუ გახდება თუ არა ბურჯანაძის არჩევა ახალი საპარლამენტო უმრავლესობის შექმნის წინაპირობა. 

ნინო ბურჯანაძეს სპიკერად არჩევა საქართველოს საპარლამენტო ცხოვრების რთულ პერიოდში მოხდა. პარლამენტში არ არსებობს მყარი უმრავლესობა. ამდენად, ბურჯანაძეს მოუწევს რადიკალურად დაპირისპირებულ საპარლამენტო ჯგუფებს შორის მთავარი დამბალანსებლის ფუნქციის შესრულება. “პარლამენტში არსებული ვითარება დესტაბილიზაციის სერიოზული წყაროა”, – აცხადებს “სივილ ჯორჯიასთან” საუბარში ნინო ბურჯანაძე, – “მე ყოველთვის, მათ შორის უმწვავეს საკითხებთან დაკავშირებითაც კი ზომიერების შენარჩუნების მომხრე ვარ”.

ზოგიერთი ექსპერტი პარლამენტის თავმჯდომარის არჩევნებს ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ურთიერთობის ჭრილშიც განიხილავდა. ალბათ, ამის მიზეზი იყო ის ფაქტი, რომ ბურჯანაძისაგან განსხვავებით, მისი ორივე კონკურენტი გამოკვეთილად პრორუსული ორიენტაციის პოლიტიკურ ძალებს მიეკუთვნებიან. ვაჟა ლორთქიფანიძეს 4 წლის მანძილზე რუსეთში საქართველოს ელჩის თანამდებობა ეკავა, ჯემალ გოგიტიძე კი აჭარის ავტონომიის მეთაურის, ასლან აბაშიძის პოლიტიკურ თანამოაზრეთა ჯგუფს მიეკუთვნება. აბაშიძე ზედმეტადა ლოიალურადაა განწყობილი რუსეთის მიმართ.
8 ნოემბერს ტელეკომპანია “რუსთავი-2”-ის ეთერით გამოსვლისას აჭარის ავტონომიის მეთაურმა ასლან აბაშიძემ მკაცრად გააკრიტიკა სპიკერობის კანდიდატი ვაჟა ლორთქიფანიძე და მის არჩევას პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე შეცდომა უწოდა. როგორც ჩანს, “აღორძინების” დეპუტაციის გადაწყვეტილებაზე, თუ ვისთვის დაეჭირათ მხარი სპიკერის არჩევის მეორე ტურში, სწორედ აბაშიძის ამ პოზიციამ იქონია გავლენა. როგორც წესი, “აღორძინების” დეპუტატები ყველა მნიშვნელოვან საკითხს ასლან აბაშიძეს უთანხმებენ ხოლმე.
ამდენად, აჭარის ავტონომიის ლიდერის უარყოფითმა პოზიციამ ლორთქიფანიძის მიმართ, ბევრწილად, ხელი შეუწყო ნინო ბურჯანაძის გასპიკერებას. 

გიორგი კალანდადზე, “სივილ ჯორჯია”

მსგავსი/Related

Back to top button