
თურქეთის პრეზიდენტი თბილისში
“საქართველოს-თურქეთის ურთიერთობები რუსეთისადმი ზურგის შექცევას არ ნიშნავს” პრეზიდენტების ეს მოსაზრება დაფიქსირებულია ერთობლივ განცხადებაში რომელსაც მათ შეხვედრის შემდეგ მოაწერეს ხელი. თურქეთის პრეზიდენტის საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი, რომელიც 8 ნოემბერს დაიწყო, ქვეყანაში შექმნილ რთულ შიდა პოლიტიკურ ვითარებას დაემთხვა. მართალია ვიზიტი ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ იყო დაგეგმილი, მაგრამ როგორც თავად აჰმედ ნეჯდეთ სეზერმა, განაცხადა იგი სწორედ ამ რთულ დროს პრეზიდენტ შევარდნაძისადმი მხარდასაჭერად ჩამოვდა. საქართველოს თურქეთთან არა ერთი უმნიშვნელოვანესი ეკონომუკური პროექტი აკავშირებს. ამასთან თურქეთი საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია. ედუარდ შევარდნაძესა და აჰმედ ნეჯდეთ სეზერს შორის გამართული შეხვედრისას საუბარი ძირითადად დაგეგმილ და უკვე დაწყებულ ეკონომიკურ პროექტებს შეეხო. ამავე დროს აღსანიშნავია, რომ ეს პროექტები რეგიონალური თანამშრომლობის ხასიათს ატარებს და მხოლოდ ორი ქვეყნის მონაწილეობით არ შემოიფარგლება. განსაკუთრებული ყურადღება ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის ამოქმედებას დაეთმო, რომელიც უკვე აქთაუ-ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის სახელით იქნება ცნობილი, იქიდან გამომდინარე, რომ პროექტში მონაწილეობაზე ყაზახეთიც დათანხმდა. დაგეგმილ პროექტებიდან განსაკუთრებული ყურადღება შაჰდენიზის გაზსადენის მშენებლობაზე გამახვილდა, რომლითაც აზერბაიჯანული გაზის თურქეთში საქართველოს გავლით ტრანსპორტირებაა გათვალისწინებული. ამასთან დაკავშირებით თურქეთ-საქართველო-აზერბაიჯანს შორის გაფორმებული ხელშეკრულების რატიფიკაცია საქართველოს გარდა დარჩენილი ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებმა უკვე მოახდინეს. “ჯერ საქართველოს პარლამენტს შაჰდენიზისთვის არ ცალია, იმის მიუხედავად, რომ გაზის საკითხი საქართველოსთვის არა ნაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე პარლამენტის თავჯდომარის არჩევა. იმედია პარლამენტი ამ ხელშეკრულების რატიფიკაციასაც მალე მოახდენს”, განცხადა პრეზიდენტმა 9 ნოემბერს, როდესაც სპიკერის ვინაობა ჯერ კიდევ არ იყო გარკვეული (პარლამენტის თავჯდომარე დეპუტატებმა 10 ნოემბერს, გამთენიისას აირჩიეს). პრეზიდენტებს შორის შეხვედრისას აღინიშნა, რომ აუცილებელია დაჩქარდეს ახალქალაქი-ყარსის სარგინიგზო მაგისტრალის მშენებლობა, რომელიც შემდგომში თბილისსაც დაუკავშირდება. აღნიშნულ პროექტებთან ერთად რამოდენიმე ახალ ინიციატივაზეც იყო საუბარი. თურქეთის პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძეს ტერორიზმის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის შესახებ სამხრივი ხელშეკრულების (თურქეთს, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის) დადება შესთავაზა. ამ ინიციატივაზე აჰმედ ნეჯდეთ სეზერმა საქართველოს პრეზიდენტის თანხმობა მიიღო. თავის მხრივ ედუარდ შევარდნაძემ თურქეთს აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში, სამშვიდობო კონტიგენტში მონაწილეობისაკენ მოუწოდა. “ეს საკითხი მხოლოდ იმ შემთხვევაში დადგება დღის წესრიგში, თუ გაერო-ს უშიშროების საბჭო აფხაზეთში მყოფი დ.ს.თ.-ს სამშვიდობო ძალების ინტერნაციონალიზაციის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს,” აღნიშნა შევარდნაძემ. თურქეთის პრეზიდენტი დადებითად შეხვდა ამ წინადადებას. აფხაზეთის საკითხთან დაკავშირებით თურქეთი კვლავ ძველ პოზიციაზე რჩება. პრეზიდენტმა სეზერმა განაცხადა, რომ თურქეთი მხარს უჭერს აფხაზეთის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას, საქართელოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვის პრინციპით. თურქეთს ასევე სურვილი აქვს რომ რუსეთმა რაც შეიძლება მალე შეასრულოს 1999 წლის სტამბოლის, ეუთო-ს სამიტზე ნაკისრი ვალდებულება და მოახდინოს საქართველოში არსებული საკუთარი სამხედრო ბაზების ლიკვიდაცია. თურქეთის პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის შემდეგ, ედუარდ შევარდნაძემ ბრიფინგზე კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ თურქეთ-საქართველოს შორის განსაკუთრებული ურთიერთობები არც ერთი ქვეყნის წინააღმდეგ არ არის მიმართული და არანაირ შიშს არ უნდა იწვევდეს. “საქართველოს ურთიერთობები თურქეთთან და საერთოდ დასავლეთთან არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს რუსეთისადმი ზურგის შექცევას. ჩვენ გვინდა რუსეთთან მეგობრობა – ასე იყო, ასე არის და ასე იქნება”, განაცხადა პრეზიდენტმა შევარდნაძემ. აჰმედ ნეჯდეთ სეზერმა ქართველი კოლეგა ოფიციალური ვიზიტით თურქეთში მიიწვია. თუმცა ვიზიტის ზუსტი თარიღი ჯერ-ჯერობით ცნობილი არ არის. “საქართველო-თურქეთის ურთიერთობები მზარდი ტემპებით ვითარდება”, განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა აჰმედ ნეჯდეთ სეზერმა საქართველოს პრეზიდენტთან ედუარდ შევარდნაძესთან 9 ნოემბერს გამართული შეხვედრის შემდეგ. ამავე აზრისაა თავად ედუარდ შევარდნაძეც. მისი თქმით, “ორ ქვეყანას შორის ურთიერთობიბის გაღრმავება დინამური პროცესია, რომელიც სულ უფრო ვითარდება”.