
მორიგი ტაქტიკური სვლა
ვინ გახდება პარლამენტის თავჯდომარე? გიორგი კალანდაძე, “სივილ ჯორჯია” 6 ნოემბერს პარლამენტმა ვერ შეძლო პარლამენტის თავმჯდომარის არჩევა და საკითხის განხილვა 9 ნოემბრისთვის გადადო. საპარლამენტო დებატებისას გამოიკვეთა ერთი გარემოება, ვერც ნინო ბურჯანაძე და ვერც ვაჟა ლორთქიფანიძე ხმათა საკმარის ოდენობას ვერ აგროვებდნენ. სხდომაზე გადაწყდა, რომ ორივე კანდიდატურასთან დაკავშირებით ფრაქციებში კონსულტაციები გაიმართება. “მოქალაქე” ნინო ბურჯანაძის კანდიდატურა ფრაქცია “ტრადიციონალისტმა” 5 ნოემბერს წარადგინა. ეს ფრაქცია პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ზურაბ ჟვანიას პოლიტიკურ მოკავშირეთა ბანაკს განეკუთვნება. ნინო ბურჯანაძის მოწინააღმდეგეთა მთავარი არგუმენტია ის, რომ მისი არჩევით სწორედ ზურაბ ჟვანია აღიდგენს კონტროლს პარლამენტზე. თავდაპირველად, ბურჯანაძეს მხარს 6 საპარლამენტო ფრაქცია და დამოუკიდებელ დეპუტატთა ჯგუფი უჭერდა. მხარდამჭერთა საერთო ოდენობა 130-ს აღწევდა. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ მაშინ ბურჯანაძეს კონკურენციას ფრაქცია “თანადგომის” თავმჯდომარე ელგუჯა მეძმარიაშვილი უწევდა. მეძმარიაშვილს საპარლამენტო საქმიანობის მწირი გამოცდილება გააჩნია მაშინ, როცა ნინო ბურჯანაძე მეორე მოწვევის პარლამენტის წევრია და ამ ხნის მანძილზე იურიდიული და საგარეო საკითხთა კომიტეტების თავმჯდომარეთა პოსტები ეკავა. 5 ნოემბერს ვაჟა ლორთქიფანიძის კანდიდატურის დაყენებამ ბურჯანაძის მომხრეთა რაოდენობა შეამცირა. ის პარლამენტარები, რომლებმაც წინა დღით არჩევანი ბურჯანაძესა და მეძმარიაშვილს შორის პირველის სასარგებლოდ გააკეთეს, ლორთქიფანიძის მომხრეთა ბანაკში აღმოჩნდნენ. თავის მხრივ, ვაჟა ლორთქიფანიძემ, რომელმაც 21 ოქტომბერს პარლამენტში ბაღდათის მაჟორიტარულ ოლქში არჩევნები მოიგო, განაცხადა, რომ მზადაა, დაიკავოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა. ვაჟა ლორთქიფანიძეს მხარი დაუჭირეს პროშევარდნაძისტულმა ფრაქციებმა “თანადგომა” და “ალიანსი ახალი საქართველოსთვის”. ასევე ფრაქციამ “ახალი მემარჯვენეები”, რომლის ზოგიერთ წევრსაც სპიკერობის ამ კანდიდატთან მეგობრობა აკავშირებს. ხმები გაიყო ორ ფრაქციაში, რომელიც ერთი დღის წინათ ცალსახად ნინო ბურჯანაძეს უჭერდა მხარს. ეს ფრაქციებია – “აფხაზეთი” და “ახალი აფხაზეთი და ქრისტიან-დემოკრატები”. ლორთქიფანიძის კანდიდატურა ფრაქცია “თანადგომამ” დააყენა, რომლის ლიდერიც, ელგუჯა მეძმარიაშვილი 5 ნოემბერს ბურჯანაძეს ერთადერთ კონკურენტად ითვლებოდა. ამავე დღეს, ჟურნალისტებთან საუბარში პრეზიდენტმა სწორედ მეძმარიაშვილზე გააკეთა მინიშნება. როგორც ჩანს, პროპრეზიდენტისტულმა ძალებმა, მეძმარიაშვილის კარდიდატურის წარდგენით და შემდეგ უკან გამოწვევით, სწორი სვლა გააკეთეს, რითაც ზუსტად დაინახეს პარლამენტში არსებული ძალთა ბალანსი. საბოლოო გადაწყვეტილება, თუ ვის მხარდაჭერას აპირებს 9 ნოემბერს დაგეგმილ კენჭისყრაზე, არ მიუღია “აღორძინების” ბლოკში შემავალ ოთხ ფრაქციას – “აღორძინებას”, “ერთიან საქართველოს”, “სოციალისტსა” და “21-ე საუკუნეს”. ისინი გადაწყვეტილებას 8 ნოემბერს “აღორძინების კავშირის” ლიდერთან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მეთაურთან, ასლან აბაშიძესთან კონსულტაციის შემდეგ მიიღებენ. ამასთან ბლოკი არ გამორიცხავს, რომ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა წამოაყენოს. ნინო ბურჯანაძე მეორე მოწვევის პარლამენტარია. 1995-99 წლების პარლამენტში მას ჯერ იურიდიულ საკითხთა და კანონიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, შემდეგ კი კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი ეკავა. იგი სამოქალაქო კოდექსის ერთ-ერთი ავტორია. ბურჯანაძე აკადემიური წრის წარმომადგენელია და ლექციებს კითხულობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე. 1999 წელს ნინო ბურჯანაძე მოქალაქეთა კავშირის საარჩევნო სიით მეორედ ხდება პარლამენტის წევრი და საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს იკავებს. ახალ თანამდებობაზე მოსვლის შემდეგ ის საგარეო ვალების ხარჯვის კანონიერების შესწავლას იწყებს. ამასთან, ბურჯანაძე ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტია. მისი ინიციატივით ამ ორგანიზაციაში აფხაზეთის პრობლემებზე მომუშავე სპეციალური კომიტეტი ჩამოყალიბდა. სავარაუდოდ ნინო ბურჯანაძეს, რეფორმატორების გარდა პრეზიდენტ შევარდნაძის მხარდაჭერაც ექნება. ის პურპროდუქტების ბიზნესში ერთ-ერთი წამყვანი ფიგურის, ანზორ ბურჯანაძის შვილია, რომელიც, თავის მხრივ, პრეზიდენტ შევარდნაძის ოჯახის პირად მეგობრად ითვლება. მისი მეუღლე, მთავარი სამხედრო პროკურორი ბადრი ბიწაძე ასევე ლოიალურად არის განწყობილი პრეზიდენტ შევარდნაძის მიმართ. 6 ნოემბერს გავრცელებული ინფორმაციით, რომელიც ჯერჯერობით არ დასტურდება, ბადრი ბიწაძეს გენერალური პროკურორის თანამდებობა შესთავაზეს, რომელიც 1 ნოემბერს გია მეფარიშვილის პოსტიდან წასვლის შემდეგ ვაკანტური გახდა. აღნიშნული შეთავაზება, თუ ეს ინფორმაცია მართალია, საეჭვოდ დაემთხვა პარლამენტის თავმჯდომარის არჩევნებს, რომელშიც ბადრი ბიწაძის მეუღლე მონაწილეობს. რაც შეეხება მის კონკურენტს, დიდ პოლიტიკაში ვაჟა ლორთქიფანიძე 21 ოქტომბერს, ბაღდათის რაიონში, არჩევნების მოგებით დაბრუნდა. ამით, ლორთქიფანიძე დაბრუნდა იმ პარლამენტში, რომელმაც 2000 წელს აიძულა პრეზიდენტი შევარდნაძე, მისი კანდიდატურა სახელმწიფო მინისტრის პოსტზე ხელახლა არ წარედგინა. სახელმწიფო მინისტრად ლორთქიფანიძე 1998 წელს დაინიშნა, როდესაც ამ პოსტიდან წავიდა ნიკო ლეკიშვილი და მთავრობის სხვა წევრებს მოუწოდა, მისთვის მიებაძათ. მანამდე ლორთქიფანიძე 1995 წლიდან რუსეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გახლდათ. ამდენად, მას კარგი ურთიერთობები აქვს რუსეთის პოლიტიკურ წრეებთან. ვაჟა ლორთქიფანიძე მუდამ პრეზიდენტ შევარდნაძის გუნდში იმყოფებოდა. თუმცა, მეტწილად, სწორედ პრეზიდენტის პოზიციამ გამოიწვია მისი მარცხი ზურაბ ჟვანიას გუნდთან და 2000 წლის გაზაფხულზე პოლიტიკიდან წასვლა. ამის შემდეგ ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პედაგოგიურ საქმიანობას მიჰყო ხელი. იმ პერიოდში გავრცელებული ინფორმაციით, ლორთქიფანიძისთვის უნივერსიტეტის რექტორის სავარძელიც თავისუფლდებოდა. ლორთქიფანიძის პერსონით პრესის ხელახალი დაინტერესება რუსეთში მოღვაწე და ამჟამად ოფიციალურად დევნილობაში მყოფი ბიზნესმენის, ბადრი პატარკაციშვილის საქველმოქმედო საქმიანობას უკავშირდება. პატარკაციშვილის ფინანსური დახმარებით, ლორთქიფანიძეს ევროპიდან თბილისში ჩამოაქვს შუა საუკუნეებში შექმნილი ქართული ხატები. პატარკაციშვილი აფინანსებს სამეცნიერო ექსპედიციას ინდოეთში, რომელიც მიზნად ისახავს მე-17-ე საუკუნეში სპარსეთში წამებით მოკლული წმინდანად შერაცხული ქართველი დედოფლის ნეშტის საქართველოში ჩამოსვენებას. ამ ექსპედიციას ვაჟა ლორთქიფანიძე ხელმძღვანელობდა. 21 ოქტომბრის არჩევნებით, ის პარლამენტში დაბრუნდა, 6 ნოემბერს, პარლამენტის მიერ მისი უფლებამოსილების დადასტურების დღეს, ლორთქიფანიძე აცხადებს პრეტენზიას, დაიკავოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა, ის პოსტი, რომელიც სულ რაღაც რამდენიმე დღის წინათ მის მთავარ პოლიტიკურ მოწინააღმდეგეს, ზურაბ ჟვანიას ეკავა. 9 ნოემბერს გადაწყდება, ვინ გახდება სპიკერი – ნინო ბურჯანაძე, ვაჟა ლორთქიფანიძე, თუ ვინმე მესამე კანდიდატი, რომლის თაობაზეც ჯერჯერობით არავინ საუბრობს. ყველაფერი “აღორძინების” დეპუტაციის პოზიციაზეა დამოკიდებული. კულუარებში საუბრობენ იმასაც, რომ შესაძლოა, “მოქალაქეები” დათანხმდნენ, მხარი დაუჭირონ “აღორძინების” კანდიდატს, ოღონდ ეს პოსტი ვაჟა ლორთქიფანიძემ არ დაიკავოს. რაც შეეხება “აღორძინებას”, ის ცალსახად გამოდის ნინო ბურჯანაძის წინააღმდეგ. თუმცა, ამ შემთხვევაში, ანგარიშგასაწევია ის, რომ “აღორძინება” გადაწყვეტილებას ასლან აბაშიძის გარეშე არ იღებს, აჭარის ავტონომიის ლიდერი კი პარლამენტის თავმჯდომარის პოსტთან დაკავშირებით პრეზიდენტთან კონსულტაციას აუცილებლად გამართავს. თუ ამ კონსულტაციების თანახმად პარლამენტში თავჯდომარეობის მესამე კანდიდატი მოგვევლინა, ის ალბათ ისეთი პოლიტიკური ფიგურა იქნება რომელსაც შევარდნაძეც და აბაშიძეც თანაბრად ენდობიან.ვაჟა ლორთქიფანიძის კანდიდატურის დაყენებამ პარლამენტის სპიკერის პოსტზე მეორე პრეტენდენტის, ნინო ბურჯანაძის მომხრეთა ბანაკი საგრძნობლად შეათხელა. თუმცა, ჯერჯერობით, ორივე მათგანი ინარჩუნებს შანსს, გახდეს პარლამენტის თავმჯდომარე.