
პარლამენტის თავმჯმდომარეობის კანდიდატები გამოიკვეთნენ
გიორგი კალანდაძე, სივილ ჯორჯია
ვინ შეცვლის ზურაბ ჟვანიას? ამ კითხვას პასუხი 6 ნოემბერს გაეცემა, როდესაც დეპუტატები კენჭს უყრიან პარლამენტის სპიკერის კანდიდატურებს. მთავარ პრეტენდენტთა შორისაა პარლამენტის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე და პროპრეზიდენტისტული ფრაქციის ლიდერი ელგუჯა მეძმარიაშვილი.
ორივე კანდიდატურას თითქმის თანაბარი შანსი აქვს, გახდეს პარლამენტის თავმჯდომარე. ჯერჯერობით, უცნობია, ვის დაუჭერენ მხარს ფრაქციები “ახალი მემარჯვენეები” და “აღორძინება”. საპარლამენტო ფრაქციების საბოლოო პოზიციაზე ასევე გავლენას მოახდენს მათი შეხვედრა პრეზიდენტ შევარდნაძესთან
![]() | ![]() |
პარლამენტის ცხრა ფრაქცია 6 ნოემბრის პლენარული სხდომის ჩაშლას გეგმავს. ეს შეიძლება მაშინ მოხდეს, თუ პარლამენტის შენობის წინ მიტინგი გაიმართა. ფრაქციათა წარმომადგენლებმა 5 ნოემბერს ხელი მოაწერეს განცხადებას, რომელშიც სამი მოთხოვნაა ჩამოყალიბებული. კერძოდ, ფრაქციები ითხოვენ, მიეცეთ ნორმალური მუშაობის საშუალება, რაც, პირველ რიგში, პარლამენტის წინ მომიტინგეთა დაშლას ითვალისწინებს. მეორე მოთხოვნის თანახმად, უნდა გაიმართოს კონსულტაციები საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით. მესამე მოთხოვნა კი პარლამენტის თავმჯდომარის კანდიდატურას შეეხება.
ამ უკანასკნელთან დაკავშირებით 5 ნოემბერს მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა კონსულტაციები საპარლამენტო ფრაქციებს შორის და პრეზიდენტთან. შედეგად, ყველაზე მეტი შანსი, დაიკავოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი, აქვთ ნინო ბურჯანაძესა და ელგუჯა მეძმარიაშვილს.
ბოლო დრომდე პარლამენტის სპიკერის ერთ-ერთ ყველაზე რეალურ კანდიდატად ყოფილი უმრავლესობის ლიდერი ნიკო ლეკიშვილი ითვლებოდა. თუმცა მან 5 ნოემბერს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ არ აპირებს პარლამენტის თავმჯდომარეობას.
ჯერჯერობით, გაურკვეველია, რომელ კანდიდატურას დაუჭერენ მხარს “აღორძინების” ბლოკში შემავალი ფრაქციები. ეს საკითხი ერთ-ერთი ცენტრალური იყო საქართველოს პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძისა და აჭარის ავტონომიის ლიდერის, ასლან აბაშიძის ბოლო შეხვედრისას, რომელიც 3 ნოემბერს ბათუმში გაიმართა. კულუარული ინფორმაციით, ბათუმს ამ პოსტზე ორი კანდიდატურა ჰყავს – ყოფილი საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი ჯემალ გოგიტიძე და სოციალისტური პარტიის ლიდერი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ვახტანგ რჩეულიშვილი. თუმცა, ჯერჯერობით დაუზუსტებელი ინფორმაციით, პრეზიდენტთან საუბრისას, ასლან აბაშიძემ პარლამენტის თავმჯდომარეობაზე დადებითი რეკომენდაცია მისცა ფრაქცია “თანადგომის” ლიდერს, ელგუჯა მეძმარიაშვილს.
ფრაქცია “თანადგომა” პრეზიდენტ შევარდნაძის მომხრე ინტელიგენციის წარმომადგენლებს აერთიანებს. მისი წევრები ედუარდ შევარდნაძის გვერდით 1992 წლიდან, მისი საქართველოში დაბრუნების პერიოდიდან დგანან. თავად ფრაქცია ორი თვის წინათ შეიქმნა, როდესაც აშკარა გახდა საპარლამენტო უმრავლესობის რღვევა. ამავე პერიოდში აშკარა გახდა პრეზიდენტსა და პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს, ზურაბ ჟვანიას შორის ურთიერთობის გამწვავების კრიტიკული ეტაპი, რასაც შევარდნაძის მოქალაქეთა კავშირის თავმჯდომარეობიდან წასვლა და საპარლამენტო უმრავლესობის რღვევა მოჰყვა.
ფრაქციის ლიდერად ელგუჯა მეძმარიაშვილის არჩევა, ძირითადად, მის “პირმშოს” – კოსმოსურ ანტენა-რეფლექტორს* უკავშირდება, რომელიც, თავის დროზე, მეძმარიაშვილმა სწორედ პრეზიდენტ შევარდნაძეს მიუძღვნა. ამდენად, ფრაქცია “თანადგომის” წევრებმა, რომლებიც მხოლოდ პრეზიდენტის ერთგული პარლამენტარები არიან, თავისი არჩევანი ფრაქციის ყველაზე გამოჩენილ წევრზე გააკეთეს. არსებობს კიდევ ერთი მიზეზი, თუ რატომ აირჩიეს მეძმარიაშვილი ფრაქციის სახედ. 2000 წლის 9 აპრილის საპრეზიდენტო არჩევნების წინა პერიოდში სწორედ ელგუჯა მეძმარიაშვილი ხელმღვანელობდა ედუარდ შევარდნაძის მომხრე ინტელიგენციის საზოგადოებრივ დარბაზს. ამ მოძრაობამ 2000 წელს მთელი საქართველო მოიცვა.
დღეს ელგუჯა მეძმარიაშვილი პრეზიდენტთან ერთ-ერთი ყველაზე დაახლოებული ადამიანია. საჯარო გამოსვლებში ედუარდ შევარდნაძე, საუბრობს რა საქართველოს ბოლოდროინდელ მიღწევებზე, აუცილებლად ახსენებს ხოლმე ანტენა-რეფლექტორს, რომელიც ქართველმა მეცნიერებმა რუსეთის ბიზნესის ერთ_ერთი მსხვილი წარმომადგენლის, ბორის ბერეზოვსკის ფინანსური დახმარებით დაამზადეს. მაშინ ეს ფაქტი აღქმული იქნა, როგორც რუსეთ-საქართველოს მეგობრობის დადასტურებად. იმ პერიოდში ბორის ბერეზოვსკი დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის აღმასრულებელ მდივნად დაინიშნა და მისი ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი თბილისსა და სოხუმს შორის აფხაზეთის სტატუსთან დაკავშირებით მოლაპარაკების დაწყება გახლდათ.
ელგუჯა მეძმარიაშვილს ღიად ორი ფრაქცია უჭერს – საკუთრივ, “თანადგომა” და “ალიანსი ახალი საქართველოსთვის”. ეს ორი ფრაქცია კოალიციაშია გაერთიანებული, რომლის ჩამოყალიბებაშიც ლომის წვლილი პრეზიდენტ შევარდნაძეს მიუძღვის. კულუარული ინფორმაციით, 21 ოქტომბერს მოქალაქეთა კავშირის მთავარი საბჭოს შეხვედრაზე, რომელიც პარტიის ყოფილი თავმჯდომარის, ედუარდ შევარდნაძის ხელმძღვანელობით გაიმართა, პრეზიდენტმა შესთავაზა ელგუჯა მეძმარიაშვილს პარლამენტში მისი მომხრე ძალების კოალიციაში გაერთიანება.
“ელგუჯა ერთ-ერთი უნიჭიერესი და გამოხდილი შემოქმედია. ამასთან, მან კარგად აუღო ალღო საპარლამენტო ცხოვრებას. თუმცა მე პარლამენტის შიდა საქმეებში ჩარევას არ ვაპირებ. ისე კი, ბევრ სხვა მნიშვნელოვან კანდიდატურასთან ვიმუშავებდი”, – განაცხადა 5 ნოემბერს პრეზიდენტმა შევარდნაძემ.
ერთ-ერთ ასეთ “მნიშვნელოვან კანდიდატურად” შეიძლება მივიჩნიოთ პარლამენტის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე. პარლამენტში გავრცელებული წინასწარი ინფორმაციით, მის კანდიდატურას მხარს უჭერს 6 ფრაქცია და დამოუკიდებელ დეპუტატთა ჯგუფი, დაახლოებით 130 ადამიანი. მათ შორის, ფრაქციები “მოქალაქეთა კავშირი”, “ტრადიციონალისტი”, “მრეწველები”, “ახალი აფხაზეთი და ქრიატიან-დემოკრატები”, “მაჟორიტარი” და “აფხაზეთი”.
ნინო ბურჯანაძე გაცილებით უფრო ცნობილი პოლიტიკური ფიგურაა ვიდრე მისი მეტოქე ელგუჯა მეძმარიაშვილი. იგი არის აკადემიური წრის წარმომადგენელი და კითხულობს ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე. ამასთან ბურჯანაძე პირველი მოწვევის პარლამენტიდან დღემდე არის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავჯდომარე და საქართველოს წარმომადგენელი ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო). “რეფორმატორთა” გუნდის წევრობის მიუხედავად იგი არ განეკუთვნება რადიკალურ ძალებს და ნორმალური საქმინი ურთიერთობა გააჩნია ყვალა საპარლამენტო ძალასთან.
ნინო ბურჯანაძეს, სავარაუდოდ, პრეზიდენტ შევარდნაძის მხარდაჭერაც ექნება. ის პურპროდუქტების ბიზნესში ერთ-ერთი წამყვანი ფიგურის, ანზორ ბურჯანაძის შვილია, რომელიც, თავის მხრივ, პრეზიდენტ შევარდნაძის ოჯახის პირად მეგობრად ითვლება. მისი მეუღლე, მთავარი სამხედრო პროკურორი ბადრი ბიწაძე ასევე ლოიალურად არის განწყობილი პრესიდენტ შევარდნაძის მიმართ. ბურჯანაძეს მხარს უჭერს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის თანამოაზრეთა გუნდიც.
ორივე კანდიდატი რომელიც ფრაქციათა შორის კონსულტაციების შედეგად გამოიკვეთა ზომიერი პოლიტიკოსია. როგორც რეფორმატორთა წარმომადგენლის, ნინო ბურჯანაძის კანდიდატურა ჟვანიას მოწინააღმდეგეებისათვის მიუღებელია, რადგან არსებობს ჟვანიას ხელახალი გაძლიერების სერიოზული შიში.
ბურჯანაძისაგან განსხვავებით ელგუჯა მეძმარიაშვილი ნაკლებად ცნობილი პოლიტიკური ფიგურაა, რომელიც პრეზიდენტის ცნობილი მხარდამჭერია. ამასთან მას ძალზედ მცირე პოლიტიკური მოწინააღმდეგე ჰყავს. აქედან გამომდინარე პოლიტიკური რევანშის მსურველი ფრაქციები შეეცდებიან შედარებით სუსტი კანდიდატურის მხარდაჭერას ვიდრე პოლიტიკური ამბიციების მქონე პარლამენტარისა.
თუმცა იმის მიუხედავად, თუ ვინ გახდება პარლამენტის თავმჯდომარე, ერთი რამ ნათელია, საქართველოს პარლამენტის სათავეში შედარებით სუსტი პოლიტიკური ფიგურა მოვა.
*საკომუნიკაციო სისტემებისათვის განკუთვნილი კონსტრუქცია, რომლის ავტორიც არის თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფი ელგუჯა მეძმარიაშვილის ხელმძღვანელობით. 1999 წლის ზაფხულში კონსტუქციამ წარმატებით გაიარა ექსპეტიმენტი. ანტენა-რეფლექტორი რუსული ორბიტალური სადგურიდან “მირი” გაუშვეს.