
გენპროკურატურის თანამშრომლები გაფიცვით იმუქრებიან
მეფარიშვილის საიდუმლო კვლავაც გაუხსნელი რჩება 4 ნოემბერს საქართველოს ყოფილომა გენრალურმა პროკურორმა, რომელიც 1 ნოემბერს იძულებული გახდა თანამდებობა დაეტოვებინა, თანამშრომლებთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა მოაწყო. შეხვედრა საკმაოდ ხმაურიანი გამოდგა. ასეულობით პროკურორი და გამომძიებელი მუშაობის გაგრძელებაზე უარს აცხადებს იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი შევარდნაძე გენერალური პროკურორის პოსტზე გია მეფარიშვილს არ აღადგენს. თავად გია მეფარიშვილისგან მისი ყოფილი თანამშრომლები იმ სიმართლის საჯაროდ გამოაშკარავებას მოითხოვდნენ, რომელის თქმასაც ყოფილი გენპროკურორი 1 ნოემბერს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე აპირებდა. სხდომაზე გამოსვლისას მეფარიშვილი დეპუტატებს ყველა იმ მიზეზის დასახელებას დაჰპირდა, რამაც თბილისში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები გამოიწვია და რასაც მთავრობის მთელი შემადგენლობის გადაყენება მოჰყვა. თუმცა დეპუტატებმა მეფარიშვილის მოხსენების მოსმენა არ ჩათვალეს საჭიროდ და მას სიტყვა არ მისცეს. ყოფილ გენპროკურორს სიმართლის თქმის საშუალება იმავე დღეს, უკვე საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიის პირველ არხზე მიეცა, თუმცა მან საუბრისაგან თავი შეიკავა. მეფარიშვილმა განაცხადა, რომ მისი მოხსენება მომავალ დღეს პრესაში გამოქვეყნდებოდა, რაც დღემდე არ მომხდარა. აღნიშნული ინფორმაცია გია მეფარიშვილმა არც თავის კოლეგებს გაუმხილა, რადგან მისი თქმით სიმართლე ამჟამად სტაბილურობას დაემუქრება. “მე არ ვარ ის კაცი, რომელიც ბუჩქებში დაიმალება. მოვა დრო და ყველაფერს ვიტყვი. ახლა კი, ჩვენთვის მთავარი სტაბილურობის შენარჩუნებაა”, დასძენს ყოფილი გენპროკურორი. ასე რომ მეფარიშვილისეული სიმართლის გამომჟღავნება კვლავ გაურკვეველი ვადით გადაიდო. პროკურორთა და გამომძიებელთა რეაქცია მეფარიშვილის ამ განცხადებაზე კატეგორიული იყო. მათ მიიღეს გადაწყვეტილება შეეწყვიტათ მუშაობა მანამ სანამ მეფარიშვილი თავის პოსტზე არ დაბრუნდებოდა და სიმართლე არ გაირკვეოდა. არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” წარმომადგენელი თინა ხიდაშელი აცხადებს, რომ პროკურორთა ულტიმატუმი და მუშაობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება უკანონოა. “პროკურორებს მუშაობის შეწყვეტისა და გაფიცვის უფლება არ გააჩნიათ, რადგან ეს საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება”. აღსანიშნავია, რომ 5 ნოემბერს, გენერალური პროკურატურის თანამშრომლები თავიანთი მოთხოვნების ფორმულირებას ცვლიან. როგორც უწყების პრეს-სამსახურში აცხადებენ, პროკურორები და გამომძიებლები მუშაობას აგრძელებენ, თუმცა გია მაფარიშვილის გენერალური პროკურორის პოსტზე აღდგენას კვლავაც ითხოვენ. ისინი პრეზიდეტნ შევარდნაძისადმი სპეციალური მიმართვის გაგზავნასაც აპირებენ, სადაც მათი მოთხოვნები იქნება წარმოდგენილი. “იმ შემთხვევაში თუ პრეზიდენტმა არ დააკმაყოფილა გენპროკურატურის თანამშრომლების მოთხოვნა, მაშინ ჩვენ ფრჩხილებს გავხსნით”, განაცხადეს გენერალური პროკურატურის პრეს-სამსახურში. “ფრჩხილების გახსნაში” პროკურორები სიმართლის თქმას გულისხმობენ, რომელიც მეფარიშვილის თქმით სტაბილურობას ემუქრება. პრეზიდენტმა შევარდნაძემ 5 ნოემბერს ბრიფინგზე განაცხადა, რომ “ნაკლებად რეალურად მიაჩნია გია მეფარიშვილის გენერალური პროკურორის პოსტზე აღდგენა” და დასძინა რომ მეფარიშვილი პროფესიონალი იურისტია და მას შესაფერის სამსახურს გამოუძებნის. პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია თუ რას გულისხმობს “შესაფერის სამსახურში”. გია მეფარიშვილი გენპროკურორის პოსტზე 8 თვის წინ დაინიშნა. იმის მიუხედავად, რომ პარლამენტის მაშინდელმა თავჯდომარემ ზურაბ ჟვანიამ გია მეფარიშვილის ამ პოსტზე დამტკიცებას მხარი დაუჭირა, პარლამენტის რეფორმატორთა ფრთის დანარჩენი წარმომადგენლები ამ გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგებოდნენ. მეფარიშვილის გენპროკურორობის წინააღმდეგ განსაკუთრებით კობა დავითაშვილი და ელენე თევდორაძე გამოდიოდნენ (1 ნოემბერს გია მეფარიშვილმა სწორედ ზურაბ ჟვანიას დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ დატოვა თანამდებობა).პროკურატურის თანამშრომლები ხელისუფლებას ულტიმატუმს უყენებენ. ისინი ყოფილი გენერალური პროკურორის გია მეფარიშვილის თანამდებობაზე დაბრუნებას მოითხოვენ.