ახალი ამბები

წამყვანი პარლამენტარების პოზიცია 1 ნოემბრის მოვლენებთან დაკავშირებით

1 ნოემბერს პრეზიდენტმა მთავრობის სრული შემადგენლობა დაითხოვა, თანამდებობიდან პარლამენტის თავმჯდომარე ზურაბ ჟვანიაც გადადგა. პარლამენტის მხრიდან დიდი ზეწოლის შემდეგ გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა გენერალურმა პროკურორმა გია მეფარიშვილმა. პარლამენტის შენობის წინ კი კვლავაც მიმდინარეობს ხალხმრავალი აქცია, რომელიც დაშლას ჯერჯერობით არ აპირებს. მათი ერთი ნაწილი საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის გადადგომას მოითხოვენ.

შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით “სივილ ჯორჯიას” ვებ გვერდზე კომენტარებს აკეთებენ წამყვანი პარლამენტარები: ზურაბ ჟვანია, მიხეილ სააკაშვილი, დემურ გიორხელიძე, ვახტანგ ხმალაძე, გიორგი თარგამაძე და უკვე ყოფილი გენერალური პროკურორი გია მეფარიშვილი.

————————

ზურაბ ჟვანია, ყოფილი პარლამენტის თავმჯდომარე
იმედი მაქვს, რომ პროცესები ქუჩიდან შენობაში, პირველ რიგში კი პარლამენტის შენობაში გადავა. ჩვენს საზოგადოებასთან ერთად უნდა ვიპოვოთ გამოსავალი იმ კრიზისიდან, რომელშიც აშკარად არის ჩვენი სახელმწიფო. სამწუხაროა, რომ ქუჩის გამოსვლებამდე საქმე ხელისუფლებამ, პირველ ყოვლისა კი, პრეზიდენტის მხრიდან მიუღებელმა გადაწყვეტილებებმა მიიყვანა.

რაც შეეხება პრეზიდენტის გადადგომას, ახლა ამ ნაბიჯის გადადგმა კატეგორიულად მიუღებლად მიმაჩნია, რადგან ეს გზას გაუხსნის სამოქალაქო ომს.


მიხეილ სააკაშვილი, ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი
ქუჩის აქციები ასე მარტივად არ დამთავრდება. ვფიქრობ, რომ მთავრობის დაკომპლექტების საკითხი ძალიან სერიოზულ პრობლემად რჩება.

ასევე უნდა დადგეს პრეზიდენტის ინსტიტუტეს გადახედვის საკითხიც. პრეზიდენტი ფარაონი არ არის, ხალხის განწყობა მის მიმართ კრიტიკულია.


დემურ გიორხელიძე, ფრაქცია “ახალი აფხაზეთი და ქრისტიან-დემოკრატების” წევრი
ეს ასეც უნდა მომხდარიყო და ეჭვი არ მეპარებოდა, რომ მოვლენები ამ ხაზით განვითარდებოდა. ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, ქართველი ხალხი და საქართველო კატასტროფის წინაშე აღმოჩნდებოდა, საქართველოს ხელისუფლების სათავეში კი მოვიდოდა მარიონეტული მთავრობა.

უახლოეს მომავალში პრეზიდენტი, როგორც კონსტრიტუციისა და სტაბილურობის გარანტი, და პარლამენტი დაიწყებენ კონსულტაციებს. ჩვენ რამდენიმე თვეში მთლიანად უნდა ჩამოვაყალიბოთ საქართველოში ახალი მმართველობითი სისტემა.

დღეს ისტორიული დღეა. ჩვენ მართლაც დავიწყეთ სამოქალაქო საზოგადოებისა და ცივილიზებული სახელმწიფოს შენება.


ვახტანგ ხმალაძე, ფრაქცია “მრეწველების” წევრი
ვფიქრობ, რომ არსებულ ვითარებაში ეს იყო საუკეთესო გამოსავალი. მხედველობაში მაქვს არჩევანის გაკეთება რევოლუციურსა და ევოლუციურ ცვლილებებს შორის. ჩვენ ამ გადაწყვეტილებით მოგვეცა შანსი განვახორციელოთ ევოლუციური ცვლილება.

ჩვენ ერთ კვირაში უნდა დავიწყოთ კონსტიტუციური ცვლილებების განხილვა, და თუ ეს პროცესი წავიდა სწორი მიმართულებით, აღმასრულებელი ხელისუფლება მთლიანად გადაინაცვლებს მინისტრთა კაბინეტის ხელში. ანუ ჩვენ გადავალთ საპრეზიდენტო რესპუბლიკიდან საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელზე. ამით შევძლებთ გამოვიყენოთ ზემოქმედების ისეთი ბერკეტები, როგორიცაა უნდობლობის გამოცხადება, პოლიტიკური მიზანშეუწონლობის გამო მთავრობის გაკიცხვა და გადაყენება.

ჩემი აზრით, ასეთი ცვლილებების მიღებას უნდა მოყვეს რიგგარეშე არჩევნები. ამ შემთხვევაში, ჩვენ გვექნება პოლიტიკური ორგანო, რომელიც ასახავს ქვეყანაში ამჟამად შექმნილ რეალურ სურათს. ამდენად, ყოველივე ეს ჩვენ მოგვცემს შანსს, რომ 3-4 თვეში გვყავდეს ახალი ხელისუფლება.


გიორგი თარგამაძე, ფრაქცია “აღორძინების” წევრი
საქართველოში ვითარებამ ისეთ კულმინაციურ წერტილს მიაღწია, რომ განმუხტვის ფორმები აუცილებლად უნდა მონახულიყო. ამდენად, მივესალმები ამგვარი ფორმებით მოქმედებას პარლამენტში. თუმცა ის ეიფორია და აჟიოტაჟი, რაც გამოიხატება ზურაბ ჟვანიას გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ცოტა სასაცილოა. ამ პიროვნებასა და მისი გუნდის წევრებს პასუხი უნდა ეგოთ ქვეყანაში შექმნილ მძიმე ვითარებაზე და აგებენ კიდეც.

რაც შეეხება მინისტრთა კაბინეტის შემოღებას, ჩვენ ალბათ უახლოეს ხანებში მზად ვიქნებით, რომ დავიწყოთ ამ საკითხზე მსჯელობა. ისე კი, მინისტრთა კაბინეტისა და გუნდური პასუხისმგებლობის ქართულ სახელისუფლებო ვერტიკალში შემოტანის წინააღმდეგ ჩვენ არასოდეს ვყოფილვართ. უბრალოდ, მივიჩნევდით, რომ შევარდნაძეს, ამ შემთხვევაში, მაოხრებელი გზირის ფუნქცია არ უნდა ეთამაშა, გადააბარებდა რა ხავერდოვანი გზით ზურაბ ჟვანიას მთელ ხელისუფლებას.

დღეს სიტუაცია სერიოზულად შეიცვალა. პოლიტიკური რეალობა განსხვავებულია. აქედან გამომდინარე, ჩვენ მზადა ვართ, ჩავატაროთ კონსულტაციები მინისტრთა კაბინეტთან დაკავშირებით.


გია მეფარიშვილი, ყოფილი გენერალური პროკურორი
ხვალ საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება, რომ სახეზე გვაქვს ჩვეულებრივი ბრძოლა ხელისუფლებისათვის და სხვა არაფერი.

რაც შეეხება ჩემი გადადგომის საკითხს, ჩემი თანამდებობა არ მიღირს ქუჩაში მყოფი ბავშვების შეწუხებისა და ქვეყანაში მოსალოდნელი დესტაბილიზაციის მოხდენის ფასად.


ფრაქცია “ახალი მემარჯვენეების” წევრი ირაკლი ბათიაშვილი
ვფიქრობთ, პარლამენტის თავმჯდომარემ და პრეზიდენტმა სერიოზული ნაბიჯი გადადგეს. მიმაჩნია, რომ ეს შეიძლება გამოყენებული იყოს რეალური ათვლის წერტილად ქვეყანაში რეფორმების გატარებისათვის. ჩვენ მონაწილეობას მივიღებთ კონსულტაციებში მინისტრთა კაბინეტთან დაკავშირებით.

მსგავსი/Related

Back to top button