ახალი ამბები

საქართველოს ტერიტორიის დაბომბვა ჩვეულებრივ მოვლენად იქცა

“დილის გაზეთი”, “ახალი თაობა”, “ალია”, “რეზონანსი”

კოდორის ხეობის განახლებულმა დაბომბვებმა ქართული პრესის აღშფოთება გამოიწვია. “რუსეთმა ჩვეულებას არც ამჯერად უღალატა და რუსეთის სახელმწიფო დუმაში ვიზიტით მყოფ საქართველოს პარლამენტის დელეგაციასთან ერთგვარ დათბობას, გუდაუთის სამხედრო ბაზიდან მძიმე ტექნიკის გაყვანას გუშინ და გუშინწინ კოდორის ხეობის დაბომბვა მოაყოლა”, წერს “დილის გაზეთი”. მისი აზრით, რუსეთმა დაბომბა ის იმედი, რომელიც ზურაბ ჟვანიას მოსკოვში ვიზიტისას გაჩნდა.

მთავარია, რუსეთმა ისურვოს და მას ყველაფერი შეუძლია: საქართველოსთან ადამიანურ ენაზე საუბარიც, გუდაუთის ბაზიდან სამხდრო ტექნიკის გაყვანაც და საქართველოს ტერიტორიის დაბომბვაც. ის ყველა ამ მეთოდის ერთად დემონსტრირებას ახდენს, წერს გაზეთი.

“ახალი თაობას” მიაჩნია, რომ საქართველოს ტერიტორიის დაბომბვა ისეთ ჩვეულებრივ მოვლენად იქცა, რომ მას საქართველოს მოსახელობა უკვე შეეჩვია. კოდორის ხეობის პირველად დაბომბვის შემდეგ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ჩამოგდებული იქნებოდა ყველა ის საფრენი აპარატი, რომელიც საქართველოს საჰაერო სივრცეს დაარღვევდა. მიუხედავად მუქარისა, მსგავსი არაფერი მომხდარა, აღნიშნავს გაზეთი.

“ალიაში”, მეორეს მხრივ, ნათქვამია, რომ კოდორის ხეობაში განლაგებული სამხედრო ნაწილები ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებების მწვავე დეფიციტს განიცდიან.  

“აფხაზები კოდორის დასამორჩილებლად რუსეთთან ერთად ხეობას ბომბავენ… არაერთგზის ითქვა, რომ აფხაზების გეგმა კოდორის ხეობიდან ქართველების გაყრაა. ამ გეგმის განხორციელების შემდეგ კი სამეგრელოს “დალაშქვრა”, წერს “რეზონანსი”. გაზეთი თავად არ არ უკეთებს კომენტარს ბოლო დროს განხორციელებულ დაბომბვის ფაქტებს და ზოგადად აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში შექმნილ ვითარებას, არამედ კომენტარს სთხოვს სხვადასხვა სახელმწიფო პირებს.

“საქართველოს პრეზიდენტი რუსეთის ქმედებას უარყოფითად აფასებს და ამბობს, რომ ვლადიმერ პუტინის სიტყვა და რუსი გენერლების მოქმედება ერთმანეთს სცილდება… საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მარუხის უღელტეხილის დაბომბვას საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მიმართულ აგრესიას უწოდებს და რუსეთში უკვე მესამე საპროტესტო ნოტას აგზავნის”. აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე თამაზ ნადარეიშვილი კოდორის ხეობის დაბომბვას მორიგ პროვოკაციას უწოდებს. მისი თმით, ეს ის საკითხია, რომელიც არა პარტიზანებმა, არამედ ხელისუფლებამ უნდა მოაგვაროს. ნადარეიშვილი ზუგდიდის რაიონში სიტუაციის დაძაბვას არ გამორიცხავს, წერს გაზეთი.

“პარტიზანები აფხაზების მოქმედებებს შორსგამიზნულ გეგმებს უწოდებენ. ისინი დარწუნებულები არიან, რომ რუსეთი სეპარატისტებს მათთვის ჭკვიანურ დავალებას აძლევს. ამჯერად, ეს დავალება სვანეთის აღება, სამეგრელოში დესტაბილიზაცია და მთელი საქართველოს ფართომასშტაბიან ომში ჩათრევაა”, წერს “რეზონანსი”.

 

Back to top button