
ისევ გამოიყენებს რუსეთი ვეტოს უფლებას?
“დილის გაზეთი”, “რეზონანსი” დღეს გაეროს უშიშროების საბჭო აფხაზეთის სტატუსის განსაზღვრას მიუბრუნდება და თბილისსა და სოხუმს შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნის საკითხზე იმსჯელებს. ქართული პრესა შიშობს, რომ, შესაძლოა, რუსეთმა კვლავ გამოიყენოს ვეტოს უფლება და დაბლოკოს აფხაზეთის სტატუსის შემოთავაზებული პროექტი. “რუსეთის ტენდენციური პოლიტიკის გამო რამდენი ხანია უკვე გაეროს უშიშროების საბჭო აფხაზეთის სტატუსის განსაზღვრასა და თბილისსა და სოხუმს შორის უფლებამოსილების გამიჯვნის განხილვის მცდელობას ვერ გასცდა”, აღნიშნავს “დილის გაზეთი”. მისი ვარაუდით, დღეს საბჭო მიიღებს მორიგ რეზოლუციას, რომელშიც აფხაზეთში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო შეშფოთება იქნება გამოთქმული. გაზეთის ინფორმაციით, აფხაზეთის სტატუსის პროექტი, რომლის წარდგენასაც აპირებენ გაეროს უშიშრობის საბჭოს სხდომაზე, მხარეებთან შეუთანხმებლად, მაგრამ მათი ინტერესების გათვალისწინებით არის შემუშავებული. პროექტთან დაკავშირებით მხოლოდ ერთი რამ არის ცნობილი: აფხაზეთის სტატუსი უნდა განისაზღვროს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის გათვალისწინებით. “რეზონანსს” მიაჩნია, რომ თუ რუსეთი გაეროს მიერ შემუშავებულ აფხაზეთის სტატუსის შესახებ ვარიანტის განხილვას დათანხმდება, ეს იქნება მისთვის სასურველი დოკუმენტი. მეორეს მხრივ, ფრაქცია “აფხაზეთის” თავმჯდომარე გივი ლომინაძე გაზეთთან საუბრისას აღნიშნავს, რომ “სავარაუდოდ, რუსეთი ცდილობს შეასრულოს ის დაპირება, რაც ქართულ მხარეს მისცა და მხარი არ დაუჭიროს აფხაზ სეპარატისტებს”.