ახალი ამბები

საქართველო რუსეთისგან ახსნა-განმარტებას ითხოვს

“რეზონანსი”, “დილის გაზეთი”

გუშინ გამთენიისას კვლავ დაირღვა საქართველოს საჰაერო სივრცე. ქართული მხარის განცხადებით, კოდორის ხეობაში ემ-24 და სუ-25 ტიპის ექვსი ვერტმფრენი და ოთხი თვითმფრინავი სოხუმის მხრიდან შემოფრინდა. მათ მარუხის უღელტეხილი დაბომბეს. აფხაზური მხარე უარჰყოფს ინფორმაციას და თავს იმით იმართლებს, რომ მას ასეთი ტექნიკა საერთოდ არ გააჩნია.

მისი ინფორმაციით, საჰაერო თავდასხმა 20 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა. დაბომბვას მსხვერპლი არ მოჰყოლია, რადგან ნაღმები დაუსახლებელ ტერიტორიაზე, კერძოდ საძოვრებზე ჩამოვარდა. “თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ საჰაერო თავდასხმა ფსიქოლოგიური ზეწოლის მიზნით განხორციელდა… საგარეო საქმეთა სამინისტრო მომხდართან დაკავშირებით ღრმა პროტესტს გამოთქვამს და რუსეთისგან შესაბამის ახსნა-განმარტებას ითხოვს”, წერს “რეზონანსი”. გაზეთი აქვეყნებს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების ნაწილს, სადაც ნათქვამია, რომ “აღნიშნული ფაქტები კარგად ასახავს იმ აგრესიულ პოლიტიკას, რასაც რუსეთის ფედერაცია საქართველოს მიმართ ახორციელებს”.

თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ბარამიძე ეთანხმება სამინისტროების მიერ გავრცელებულ განცხადებებს და “რეზონანსთან” საუბრისას აღნიშნავს, რომ “რუსეთი სხვადასხვა საბაბით და სხვადასხვა ფორმით ახორციელებს აგრესიას საქართველოს მისამართით”. უშიშროების ყოფილი მინისტრი ირაკლი ბათიაშვილი კი, მომხდარზე პასუხისმგებლობას საქართველოს ძალოვან სტრუქტურებს აკისრებს.

მიუხედავად იმისა, რომ საჰაერო ტექნიკას არ ჰქონდა ამოსაცნობი ნიშნები, საქართველოს პრეზიდენტი აპირებს პროტესტი გამოთქვას ამ მოქმედებების გამო, წერს “დილის გაზეთი”. პუბლიკაციაში არ არის აღნიშნული, თუ კონკრეტულად ვის მიმართ სურს პრეზიდენტს პროტესტის გამოთქმა.

გარდა დაბომბვის ფაქტისა, “დილის გაზეთი” გალის რაიონში შექმნილ ვითარებაზეც საუბრობს. მისი თქმით, აფხაზეთის სეპარატისტული რესპუბლიკის ამ ნაწილში კვლავ გრძელდება ქართული მოსახლეობის შევიწროება. გაზეთს ადამიანის გატაცების რამდენიმე ფაქტზე მიუთითებს და აცხადებს, რომ აფხაზ კრიმინალებს ხშირად აფხაზეთის მილიციაც უწყობს ხელს. “ვარაუდობენ, რომ აფხაზებს ყოველივე ამაში რუსი “მშვიდობისმყოფელებიც” ეხმარებიან”, წერს გაზეთი. ის სიტყვა “მშვიდობისმყოფელებს” ბრჭალებში მოიხსენიებს, რაც სამშვიდობო ძალების ოფიციალურ მისიაში ეჭვის შეტანაზე მიუთითებს.

 

Back to top button