ახალი ამბები

რას შესთავაზებს ჟვანია მოსკოვს?

“რეზონანსი”, “დილის გაზეთი”

“რუსეთ-საქართველოს შორის უაღრესად გამწვავებული ურთიერთობების ფონზე უწევს მოსკოვში ვიზიტი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ზურაბ ჟვანიას და საქართველოს პარლამენტის დელეგაციას”, წერს “რეზონანსი”, რომელიც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე საუბრობს. მისი ინფორმაცით, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში საქართველოს პრეზიდენტის “დესტრუქციული მოქმედების” განხილვას აპირებენ. რუსეთის სათათბიროში ასევე შესაძლოდ მიიჩნევენ, განიხილონ აფხაზი სეპარატისტების წინადადება რუსეთის ფედერაციაში ასოცირებულ წევრად მიღების თაობაზე.

“რუსეთის უსიმოვნო სიურპრიზებს მიჩვეული ქართველი დიპლომატები დუმის დეპუტატთა რაოდენობის მიხედვით ერთ-ერთი ყვლაზე დიდი, ლიბერალ-დემოკრატიული ფრაქციის პროექტს არასერიოზულს უწოდებენ”, წერს “რეზონანსი”.

გაზეთი აღნიშნავს, რომ რუსეთის დუმის სპიკერმა გენადი სელეზნიოვმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მას შემდეგ მიიწვია, რაც საქართველოს პარლამენტმა დსთ-ს სამშვიდობო ძალების აფხაზეთიდან გაყვანის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

“დილის გაზეთი” რუსეთის სახელმწიფო სათათბიროსთან დაკავშირებით საპირისპირო მოსაზრებისაა. შესაძლოა, ჟვანიასა და საქართველოს პარლამენტის დელეგაციის მოსკოვში დაპატიჟება გამოწვეული იყო იმით, რომ რუსული “გოსდუმის” დეპუტატები მიხვდნენ, საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებული მკაცრი განცხადებებით გადააჭარბეს. ამიტომ ვითარების შერბილება გადაწყვიტეს, ვარაუდობს გაზეთი.

“დილის გაზეთი”, საუბრობს რა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ზურაბ ჟვანიას შეხვედრაზე მის რუს კოლეგასთან, აღნიშნავს, რომ ფორმატით ამ შეხვედრის შედეგი იქნება “პარლამენტთაშორისი თანამშრომლობის გაღრმავება”. თუმცა, გაზეთის ვარაუდით, ზურაბ ჟვანია რუსულ მხარეს შესთავაზებს სამშვიდობო ოპერაციის ფორმატის შეცვლას, ანუ “მშვიდობისმყოფელთა” გადაადგილებას ენგურიდან ლაღიძემდე, რაც, თუნდაც, გალის რაიონში საქართველოს იურისდიქციის აღდგენას ნიშნავს”, წერს გაზეთი, თუმცა იქვე დასძენს, რომ რუსეთი ამ წინადადებაზე არ დათანხმდება. არ დათანხმდება იმიტომ, რომ თავად აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლება არ იქნება ამ წინადადებაზე თანახმა.

“ზურაბ ჟვანიას ცდა კიდევ ერთი “მესიჯი” იქნება იმის თაობაზე, რომ საქართველო მზად არის სტრატეგიული კომპრომისისათვის რუსეთთან, ოღონდ აფხაზეთის საკითხში რუსეთის უკან დახევის სანაცვლოდ”, წერს გაზეთი და აღნიშნავს, რომ რუსეთი თავად არ არის მზად ასეთი კომპრომისისათვის.

Back to top button