skip to content
ახალი ამბები

“კოდორის ხეობა შესაძლოა აფხაზეთის დაბრუნების საბაბი გახდეს”

ემზარ კვიციანი –
საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებული კოდორის ხეობაში,
თავდაცვის სამინისტროს ოპერატიული მიმართულება “კოდორის ხეობის” უფროსი, პოლკოვნიკი.

გივი ორდენიდძე, სივილ ჯორჯია (გ.ო.): ბატონო ემზარ ამჟამად რა სიტუაციაა კოდორის ხეობაში?

ემზარ კვიციანი (ე.კ.): ამჟამად სიწყნარეა, არანაირ ექსცესებს ადგილი არა აქვს. მოსახლეობა ერთგვარად დამშვიდდა, როდესაც დაინახა, რომ საქართველოს გააჩნია ვერტმფრენების ჩამოგდების საშუალება.

გ.ო.: სად იმყოფება თავად ქართულ-ჩეჩნური შეიარაღებული დაჯგუფება, დატოვეს თუ არა მათ აფხაზეთის ტერიტორია?

ე.კ.: არ ვიცი, ვერაფერს გეტყვით.

გ.ო.: კონკრეტულად ვინ ჩამოადგდო ის ვერტმფრენები, რომლებიც თქვენ აღნიშნეთ?

ე.კ.: საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა, ადგილზე მყოფმა თავდაცვის სამინისტროს კონტიგენტმა. მთავარია, რომ ჩვენ გვაქვს ვერტმფრენების ჩამოგდების საშუალება.

გ.ო.: კოდორის ხეობის დაბომბვების შედეგად თუ იყო მსხვერპლი? ასევე რა ინფორმაცია გაქვთ პარტიზანებს შორის არსებული დანაკარგების შესახებ?

ე.კ.: არანაირი მსხვერპლი არც მშვიდობიან და არც საქართველოს შეარაღებულ ძალებს შორის ხეობაში არ ყოფილა. ჩვენ ერთადერთი დაღუპული მესაზღვრე გვყავს, ისიც არა დაბომბვის, არამედ ნაღმზე აფეთქების შედეგად. რაც შეეხება პარტიზანებს, როგორც ვიცი მხოლოდ ერთი ქართველი პარტიზანია დაღუპული, რომელიც სოფელ გეორგევსკოეში დაკრძალეს. ჩეჩნების დანაკარგების შესახებ არაფერი ვიცი.

გ.ო.: ბატონო ემზარ რამდენად შესაძლებელია კოდორის ხეობიდან აფხაზეთში გადასული ჩეჩენი მეომრები ისევ კოდორის ხეობაში დაბრუნდნენ. ამ შემთხვევაში ხომ არ გამწვავდება ურთიერთობა მათსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის?

ე.კ.: არა მგონია რომ უკან დაბრუნდნენ და თუ ასეც მოხდა ამაში არაფერია საშიში. კოდორის ადგილობრივ მოსახლეობას მათთან არანაირი ურთიერთობა არ ქონია და არც ექნება.

გ.ო.: რამდენად არსებობს იმის საშიშროება, რომ სოხუმის ხელისუფლებამ სტრატეგიული კოდორის ხეობის აღება გადაწყვიტოს, თუნდაც იმიტომ, რომ მომავალში მსგავსი თავდასხები აიცილონ თავიდან.

ე.კ.: ისე ღმერთმა ქნას, რომ მაგათი მხრიდან მოხდეს კოდორის ხეობის აღების მცდელობა, რადგან ეს შეიძლება გახდეს მთლიანად აფხაზეთის დაბრუნების საბაბი.

გ.ო.: მაგ შემთხვევაში ვინ იქნება ჩვენი დასაყრდენი თავდაცვის სამინისტრო თუ ადგილობრივი მოსახლეობა?

ე.კ.: რა თქმა უნდა თავდაცვის სამინისტრო და მთლიანად საქართველო, საქართველოს პატრიოტული ძალები.

გ.ო.: ესეიგი თქვენ აფხაზეთის ძალისმიერი მეთოდით დაბრუნების მომხრე ხართ?

ე.კ.: იცით როგორი მომენტია? მომხრე ვარ მაგრამ ჩვენ არ უნდა ვიყოთ დამწყებები.

გ.ო.: რამდენად რელურად მიგაჩნიათ აფხაზეთის დაბრუნება მანმადე სანამ იქ რუსეთის ბაზაა განლაგებული?

ე.კ.: იქ არის სამშვიდობო ძალები და იმათ უფლება არა აქვთ ჩაერიონ ჩვენს კონფლიქტში და თუ ჩაერევიან მაშინ ჩვენი სიტყვა უნდა ვთქვათ ისე, როგორც გვეკადრება. ბოლოს და ბოლოს ჩვენი ქვეყანაა, ჩვენი მიწაწყალია.

გ.ო.: რამდენად ნეიტრალურები არიან რუსეთის სამშვიდობო ძალები დღესდღეობით?

ე.კ.: შეიძლება ნეიტრალურები იყვნენ ის ძალები, რომლებსაც გააჩნიათ აფხაზეთის შეერთებაზე პრეტენზია? მე ძალიან ბევრი ფაქტი ვიცი იმისა, რომ აფხაზებს ეხმარებიან ქართველების მოსაკლავად და ქართველებს ეხმარებიან აფხაზების მოსაკლავად.

გ.ო.: საერთოდ რა მოხდა აფხაზეთში, როგორ შეაფასებდით იქ განვითარებულ მოვლენებს?

ე.კ.: ფაქტი ის არის რომ დაგეგმილი და ჩაფიქრებული იყო ძალიან დიდი პროვოკაცია, მაგრამ უფლის წყალობით საქართველომ იგი თავიდან აირიდა. ამ ყველაფრის მიზანი კი ალბად სამეგრელოს დაბომბვა და ზუგდიდში საბრძოლო მოქმედებების შეტანა იყო.

გ.ო.: რა არის თავად ჩეჩენი მებრძოლების მიზანი ამ კონფლიქტში?

ე.კ.: მე ვიცი მაგათი მიზანი. ისინი მიდიოდნენ თავიანთ გზაზე და უნდა გადასულიყვნენ საკუთარ ქვეყანაში. სადაც საშუალება ექნებოდათ იმ მხარეზე გადავიდოდნენ. რაც შეეხება გავრცელებულ მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ თითქოს ჩეჩნები იმიტომ წავიდნენ აფხაზეთში, რათა წინა ომის დროს დაშვებული შეცდომა გამოესყიდათ (1992-93 წწ-ის შეიარაღებული კონფლიქტის დროს ჩეჩნები აფხაზების მხარეს იბრძოდნენ), ეს არის ზღაპარი და სისულელე.

გ.ო.: ამჟამად თუ ჰყავს ერთ ან მეორე მხარეს ტყვეები?

ე.კ.: არ ვიცი. მე მხოლოდ წითელი ჯვრის ინფორმაცია გამაჩნია, რომლის წარმომადგენლებმაც მითხრეს, რომ აფხაზებს 9 ქართველი ყავთ ტყვედ აყვანილი. ყავთ თუ არა ქართველ პარტიზანებს ტყვეები ამის შესახებ ინფორმაცია არ გამაჩნია.

გ.ო.: ბოლო დროინდელი საომარი ოპერაციების შედეგად აფხაზეთის სომეხი მშვიდობის მოსახლეობაში არსებული მსხვერპლის შესახებ ოფიციალურმა ერევანმა შეშფოთება გამოხატა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაღუპულია 14 სომეხი ეროვნების ადამიანი. რა კომენტარს გაუკეთებდით ამ ფაქტს?

ე.კ.: ისინი დაიხოცნენ კოდორის ხეობის ქვედა ნაწილის დაბომბვის შედეგად, რომელიც განახორციელეს აფხაზებმა. მე მიმაჩნია რომ თავისი ხალხის დასაცავად ერევანმა რადილკალურ ზომებს უნდა მიმართოს.

აფხაზეთში ომის დროს ადგილობრივი სომხების დიდი ნაწილი ჩვენს წინააღმდეგ იბრძოდა. მოვა დრო და ჩვენ დავბრუნდებით აფხაზეთში და ის სომხები რომლებიც ქართველების წინააღმდეგ იბრძოდნენ აფხაზეთში ჩვენთან ერთად ვეღარ იცხოვრებენ.

ახლახანს სომხეთის ტელევიზიით ასეთი დეზინფორმაციაც კი გაავრცელეს, რომ თითქოს მე სომხების გენოციდს ვაწყობ. ეს არის სრული სისულელე, როგორ შეიძლება მე ვინმეს გენოციდს ვუწყობდე თბილისიდან. ან საერთოდ რატო უნდა ვაწყობდე გენოციდს? სომხები არამარტო აფხაზების არამედ ჩვენს მხარეზეც იბრძოდნენ.

მსგავსი/Related

Back to top button