
პარტიზანული მოძრაობა ახალ ფაზაში შედის
“რეზონანსი”, “დილის გაზეთი”, “ახალი თაობა” აფხაზეთის ტერიტორიაზე პარტიზანული მოძრაობა შენელდა. “რეზონანსის” აზრით, იგი ახალ ფაზაში შედის. პარტიზანები აფეთქებებისგან თავს იკავებენ და მძევლების აყვანას იწყებენ. გაზეთის ინფორმაციით, აფხაზებმა გალის რაიონში მძევლად აიყვანეს 15 მშვიდობიანი მოსახლე, მათ შორის ბავშვები და ქალები. აფხაზებს ასევე ტყვედ ჰყავთ 6 ქართველი პარტიზანი და 7 პარტიზანის ცხედარი. ტყვეები ჰყავთ ქართველებსაც. ამ ინფორმაციას ადასტურებს აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე თამაზ ნადარეიშვილი. პარტიზანული მოძრაობა “ტყის ძმების” ლიდერი დათო შენგელია კი აცხადებს, რომ ქართველებს მძევლები არ ჰყავთ. “პარტიზანული მოძრაბის ტაქტიკა ასეთია: ისინი ხან გააქტიურდებიან, ხან მიიმალებიან”, ასე ხსნის თამაზ ნარეიშვილი აფხაზეთში პარტიაზნული მოძრაობის შენელებას და დასძენს, რომ, თუ კონფლიქტი არ დარეგულირდა, პარტიზანული მოძრაობა უფრო გააქტიურდება. ტყვეების გაცვლაზე მოლაპარაკებები ჯერ არ დაწყებულა. ოფიციოზი ირწმუნება, რომ ეს პარტიზანების მოსაგვარებელი საქმეა. “დღემდე არაფერია ცნობილი იმ ქართველ მესაზღვრეებზეც, რომელბიც კოდორის ხეობის დაბომბვისას დაიკარგნენ. აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ახალს არაფერს ამბობენ თავდაცვის სამინისტროშიც”, წერს გაზეთი. “დილის გაზეთში” ვხვდებით ინტერვიუს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილესთან, აფხაზეთის პრობლემებთან დაკავშირებით დროებითი კომისიის თავმჯდომარესთან ვახტანგ ყოლბაიასთან. მისი თქმით, აფხაზეთიდან დევნილები გამოთქვამენ პროტესტს ხელისუფლების მიმართ, რომელიც უძლურია მოაგვაროს აფხაზეთის საკითხი. დევნილთა პროტესტის ერთ-ერთი ნიშანი პარტიზანული მოძრაობაა. ვახტანგ ყოლბაია საქართველოსა და რუსეთს შორის ახალ ურთიერთობაზე საუბრობს. ის არ გამორიცხავს, რომ, შესაძლოა, საქართველოში რუსეთთან დაკავშრიებით პოლიტიკური ვითარება შეიცვალოს. უახლოეს ხანებში შევარდნაძე და პუტინი ერთმანეთს შეხვდებიან. ყოლბაიას მიაჩნია, რომ ეს შეხვედრა ხელს შეუწყობს კონკრეტული საკითხების, მათ შორის, აფხაზეთის პრობლემის გადაწყვეტას. ეროვნულ ძალთა გაერთიანების ერთ-ერთი ლიდერი ზვიად ძიძიგური საპირისპირო მოსაზრებისაა. როგორც მან “ახალ თაობას” განუცხადა, “საქართველოს ხელისუფლებას აფხაზეთის დაბრუნება არ შეუძლია, ვერც შეძლებს და არც აქვს ამის სურვილი”.