
პრესა ელექტროენერგიაზე ტარიფის მომატებას აპროტესტებს
“რეზონანსი”, “დილის გაზეთი” დღევანდელი პრესა ელექტროენერგიაზე ტარიფის მომატებას აპროტესტებს. ცოტა ხნის წინ გამანაწილებელი ენერგოკომპანია “ეი-ი-ეს თელასი” საქართველოდან გასვლით იმუქრებოდა. ახლა “ინვესტორმა კომპანიამ მიიღო ის, რასაც მთელი წელიწადია ნატრობს – გაზრდილი ელექტროტარიფი”. თბილისის მაცხოვრებლები 1 ნოემბრიდან 9,8 თეთრის ნაცვლად 11,9 თეთრს გადაიხდიან, რომელსაც ყოველთვიული სააბონენტო ორი ლარი დაემატება. ეს ხდება მაშინ, როდესაც საქართველოს ყველა დანარჩენ რეგიონში ელექტროენერგიაზე გადასახადმა იკლო. ელექტროენერგიის ტარიფი აჭარაში 8,5 თეთრიდან 8,1 თეთრამდე შემცირდა. დანარჩენ რეგიონებში კი მოსახლეობა 8,4 თეთრის ნაცვლად 8 თეთრს იხდის. “ხელისუფლების სხვადასხვა წრეებისთვის, რომლებიც ერთსულოვნად უჭერდნენ მხარს “ეი-ი-ეს”-ის ყოველგვარ კაპრიზს, ეტყობა, ძნელი დასანახია უბრალო მოქალაქეების გაჭირვება”, წერს “რეზონანსი”. მისთვის გაუგებარი რჩება, თუ როგორ უნდა გადაიხადოს გაზრდილი გადასახადი უპენსიოდ და უხელფასოდ დარჩენილმა მოსახლეობამ. “საქართველოში “ეი-ი-ეს”-ს დაუთმეს ის, რაც სხვაგან არსად გაუკეთებიათ… მისი ერთადერთი იმედი საქართველოს ხელისუფლება იყო და გუმანმაც არ უმტყუნა”, წერს “დილის გაზეთი”. ის ტარიფის მომატებაში საქართველოს ხელისუფლებას ადანაშაულებს. “საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ჰიდროელექტროენერგის მიღება 2 თეთრიც არ ჯდება და სადაც გამანაწილებელ კომპანიას პროდუქციის ღირებულებაზე ოთხჯერ მეტს უხდიან… უხდიან მარტო იმიტომ, რომ არც კანონიერებისა ესმით რამე, არც ეკონომიკური დასაბუთებისა და არც საკუთარი მოსახლეობის მატერიალური შესაძლებლობებისა”, წერს გაზეთი.