
ძველი მეტოქეები ბრძოლას პარლამენტში გააგრძელებენ
შეიქმნება თუ არა ახალი უმრავლესობა და ვინ შექმნის მას? გიორგი კალანდაძე, სივილ ჯორჯია 2000 წლის გაზაფხულზე ვაჟა ლორთქიფანიძემ სახელმწიფო მინისტრის პოსტზე უარი განაცხადა. ვაჟა ლორთქიფანიძის იძულებითი შესვენება, მეტწილად, ზურაბ ჟვანიას, მიხეილ სააკაშვილისა და მათი მომხრეების დამსახურებაა. ამდენად, ამ ორი პოლიტიკოსის დაპირისპირება, ახლა უკვე პარლამენტის ჭერქვეშ გაგრძელდება. “მიხეილ სააკაშვილის პარლამენტში მოსვლა ფრაქცია “მოქალაქეთა კავშირის” დაშლას გამოიწვევს. ალბათ, სააკაშვილი მოძებნის 10-12 მომხრეს და ფრაქციას ჩამოაყალიბებს”, – აცხადებს ფრაქცია “სოციალისტის” ლიდერი ირაკლი მინდელი. მისი პროგნოზით, “ზურაბ ჟვანიას ან სააკაშვილის “დაჩაგვრა” და პრეზიდენტ შევარდნაძის დაცვა მოუწევს, ან ღიად დააფიქსირებს იმ დაპირისპირებას, რაც მის გუნდსა და შევარდნაძეს შორის არსებობს”. “ვაჟა ლორთქიფანიძის სახით ის ძალა იკვეთება, რომელიც ზურაბ ჟვანიას გუნდს დაუპირისპირდება”, – აცხადებს ფრაქცია “ახალი მემარჯვენეების” თავმჯდომარე დავით გამყრელიძე. მის ფრაქციას აშკარად გამოხატული უარყოფითი დამოკიდებულება გააჩნია პარლამენტის თავმჯდომარის, ზურაბ ჟვანიასა და მისი პოლიტიკური პარტნიორების, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ. თუმცა, 1999 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როდესაც ამჟამინდელი “ახალი მემარჯვენეების” სულის ჩამდგმელები, მოქალაქეთა კავშირის სიით გავიდნენ პარლამენტში და ამ პარტიის საპარლამენტო წარმომადგენლობის ლიდერთა შორისაც მოიხსენიებოდნენ, ისინი ვაჟა ლორთქიფანიძის საწინააღმდეგო კამპანიაში იყვნენ ჩართულნი. დღეს “ახალი მემარჯვენეებსა” და ვაჟა ლორთქიფანიძეს საერთო მოწინააღმდეგე და მიზანი აქვთ. მათი თანამშრომლობა, სავარაუდოდ, მანამდე გაგრძელდება სანამ, პარლამენტის თავმჯდომარე ზურაბ ჟვანია იქნება. “ახალი მემარჯვენეები”, ისევე როგორც სხვა საპარლამენტო ფრაქციები და კოალიციები, ახალი უმრავლესობის ჩამოსაყალიბებლად კონსულტაციებს მართავენ. ბათუმურ ალიანსში გაწევრიანებული ფრაქცია “სოციალისტის” თავმჯდომარე ირაკლი მინდელი არ გამორიცხავს, რომ ახალი უმრავლესობის ერთ-ერთ ძირითად ნაწილს შეადგენენ ბლოკ “აღორძინებაში” შემავალი ფრაქციები. ამას გარდა, მინდელის ვერსიით, უმრავლესობაში შევლენ “ახალი მემარჯვენეები” და ყოფილ უმრავლესობაში შემავალ ფრაქციათა ერთი ნაწილი. “ეს იქნება უმრავლესობა, რომელსაც ცალსახად ვერც ედუარდ შევარდნაძე და ვერც ასლან აბაშიძე ვერ გააკონტროლებს”, – აცხადებს ფრაქცია “სოციალისტის” ლიდერი. ის უფრო შორს მიდის და პარლამენტის თავმჯდომარის ჯერ არგათავისუფლებულ თანამდებობაზე იმ პოლიტიკოსს ხედავს, რომელიც “ასლან აბაშიძესთანაც იმუშავებს და ედუარდ შევარდნაძესთანაც”. ირაკლი მინდელი არ აკონკრეტებს, ვინ შეიძლება იყოს ეს პიროვნება, თუმცა აცხადებს, რომ არც მომავალი უმრავლესობის (თუ ის შეიქმნა) ლიდერი და მით უფრო არც მომავალი პარლამენტის თავმჯდომარე ვაჟა ლორთქიფანიძე არ იქნება. “მოქალაქეთა კავშირის დაშლა ჩვენი ბრძოლის შედეგია. ასევე მოვახერხეთ, რომ პრეზიდენტი შევარდნაძე გადადგა ამ პარტიის თავმჯდომარის თანამდებობიდან. როდესაც ასეთ წარმატებას მიაღწევ, მართვის სადავეები სხვას რატომ უნდა ჩააბარო? რა დამსახურება მიუძღვის ლორთქიფანიძეს ჩვენს წინაშე, რომ პოსტები მას ჩავაბაროთ?” – კითხულობს ირაკლი მინდელი. მისი პროგნოზით, ვაჟა ლორთქიფანიძე შეიძლება 10-12 კაციანი ფრაქციის ლიდერად მოგვევლინოს, რომლის წევრებიც ყოფილ უმრავლესობაში იყვნენ გაერთიანებულნი. ამ ვერსიას იზიარებს ფრაქცია “ტრადიციონალისტის” წევრი ალექსანდრე შალამბერიძე. მისი თქმით, ვაჟა ლორთქიფანიძე იქნება ერთ-ერთი ის დეპუტატთაგანი, რომელსაც პარლამენტში მიმდინარე პროცესებზე გავლენის მოხდენა არ შეეძლება. “ლორთქიფანიძე შევარდნაძის მომხრეა და მის იდეებს ვერ გასცდება”, – დასძენს შალამბერიძე. ახალი უმრავლესობის შექმნის აუცილებლობაზე პრეზიდენტი შევარდნაძეც ამახვილებს ყურადღებას. 21 ოქტომბერს, სახელმწიფო კანცელარიაში მოქალაქეთა კავშირის მთავარი საბჭოს სხდომაზე, რომელიც შევადნაძემ პარტიის გადადმდგარი ლიდერის სტატუსით ჩაატარა, მან ე.წ. საპარლამენტო კოალიციაზე ისაუბრა. მასში, ძირითადად, ყოფილი უმრავლესობის შემადგენელი ფრაქციები გაერთიანდებიან. საპარლამენტო კოალიციის შექმნის აუცილებლობაზე პრეზიდენტმა 22 ოქტომბერს რადიოინტერვიუშიც აღნიშნა. ყოფილ უმრავლესობაში შემავალი ფრაქცია “ალიანსი ახალი საქართველოსათვის” თავმჯდომარე ირაკლი გოგავა აცხადებს, რომ ქვეყანას სჭირდება გადაწყვეტილების მიღების უნარის მქონე კოალიცია. რაც შეეხება ირაკლი მინდელს, მას არ სჯერა, რომ შესაძლებელია ყოფილი უმრავლესობის აღდგენა. დავით გამყრელიძეს კი მიაჩნია, რომ ახალი უმრავლესობა შედგება თუ არა, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. “ჩვენ საკუთარი ხედვა გაგვაჩნია, თუ სად უნდა ვიყოთ. მყარი უმრავლესობის გაფორმება და პოლიტიკური თანამოაზრეობა ნაადრევად მიმაჩნია” – აცხადებს “ახალი მემარჯვენეების” ლიდერი.მიხეილ სააკაშვილი და ვაჟა ლორთქიფანიძე უკვე პარლამენტარები არიან. პირველის მოსვლას პარლამენტში წინ უსწრებდა იუსტიციის მინისტრობიდან მისი სკანდალური გადადგომა და პრეზიდენტთან დაპირისპირება, მეორე კი არჩევნებამდე დაახლოებით ორი წლის განმავლობაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობდა.