
მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატები არჩევნების გაყალბებაში ერთმანეთს ადანაშაულებენ
“რეზონანსი”, “დილის გაზეთი” გუშინ ვაკის მაჟორიტარული არჩევნები საკმაოდ დაძაბულ ვითარებაში ჩატარდა. არჩევნებში გამარჯვების ყველაზე მეტი შანსი ჰქონდათ იუსტიციის ექს-მინისტრს მიხეილ სააკაშვილს და ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერს ირინა სარიშვილი-ჭანტურიას. “სააკაშვილმა, ღამის პირველი საათის მონაცემებით, ხმების უმრავლესობა მიიღო… რაც შეეხება ედპ-ს, ისინი დანებებასა და არჩევნების შედეგების სამართლიანად ცნობას არ აპირებენ”, წერს “რეზონანსი”. ირინა სარიშვილი-ჭანტურიას აზრით, ვაკეში არჩევნები თავად ქალაქის მერმა ვანო ზოდელავამ მიხეილ სააკაშვილის სასარგებლოდ გააყალბა. “მისი თქმით, ზოდელავა იმიტომ გაურიგდა სააკაშვილს, რომ ექს-მინისტრი ვაკეში არჩევნების წაგების შემთხვევაში, თურმე, ქალაქის მერის თანამდებობაზე აპირებდა კენჭის ყრას. თუმცა, ძნელი სათქმელია, შეუშლის თუ არა სააკაშვილს დეპუტატობა ხელს, ქალაქის მერის პოსტზე ბედი სცადოს, თუკი არჩევნები დაინიშნა… თუმცა არც ისაა გამორიცხული, სარიშვილმაც სცადოს ქალაქის მერობა”, წერს “რეზონანსი”. როგორც ჩანს, სარიშვილის არგუმენტს გაზეთი აბსურდულად მიიჩნევს. აშკარაა, სტატიის ავტორის სიმპათიები მიხეილ სააკაშვილისკენ იხრება. “დილის გაზეთი”, მეორეს მხრივ, უარყოფითად არის განწყობილი მიხეილ სააკაშვილის მიმართ და მას სტატიის დასაწყისში ირონიულად მოიხსენიებს. მისი აზრით, სააკაშვილმა ხალხში სახელი ხალხოსნური მოღვაწეობითა და პოპულიზმით მოიხვეჭა. “წინასწარი მონაცემებით, დამარცხებული სარიშვილი-ჭანტურიასთვის, სამწუხაროდ, ამომრჩევლის არჩევანი მის ძირითად კონკურენტზე შეჩერდა”, წერს გაზეთი. პრესა არჩევნების დაძაბულ მსვლელობას აღწერს, რომელსაც ექსცესების გარეშე არ ჩაუვლია. “პარლამენტარი კოტე Kკემულარია (იუსტიციის ყოფილი მინისტრის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი) ვაკის არჩევნების დროს სხვა კანდიდატების მხარდამჭერებს “შემოელეხათ”, წერს “რეზონანსი”. საკმაოდ სერიოზული ინციდენტი მოხდა სხვა უბნებშიც. “საარჩევნო უბნებზე დაძაბულობამ 19 საათისთვის არნახულ მასშტაბებს მიაღწია”. გაიტაცეს ორი საარჩევნო ყუთი. ედპ-ს გენერალური მდივნის აზრით, ყუთების გატაცება “მოქკავშირის” (ანუ მიხეილ სააკაშვილის) აქტივის მიერ იყო პროვოცირებული, წერს “დილის გაზეთი”. “რეზონანსი” თავის სტატიაში საპირისპირო მოსაზრებას აფიქსირებს. სააკაშვილის მხარდამჭერები ყუთის გატაცებაში ეროვნულ დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარეს ირინა სარიშვილს ადანაშაულებენ, წერს გაზეთი, თუმცა დასძენს, რომ როგორც ირინა სარიშვილი-ჭანტურია აცხადებს, ეს იყო პროვოკაცია და არანაინი ყუთების გატაცებას მისი მხარდამჭერების მხრიდან არ ჰქონია.