ახალი ამბები

რუსეთის პოლიტიკა საქართველოს მიმართ მისი “სტილია”

“დილის გაზეთი”, “რეზონანსი”

ქართული პრესის მთავარ თემად კვლავ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები რჩება. ის ცდილობს გაუმკლავდეს იმ საინფორმაციო ომს, რომელსაც რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ აწარმოებს.

“ბოლო წლებში რუსებმა ქართველების გაბაიბურების კარგ მეთოდს მიაგენეს: მათი პრეზიდენტები სიტყვით ცნობენ საქაართველოს დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს, ბევრს ლაპარაკობენ ორი ქვეყნის კეთილმეზობლური თანამშრომლობის მიზანშეწონილობაზე… ამასობაში კი მათი ხელქვეითები გეგმაზომიერად უთხრიან ძირს საქართველოს სტაბილურობას და უსაფრთხოებას, ბომბავენ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიას”, წერს “დილის გაზეთი”.  

გაზეთის აზრით, ბორის ელცინის პოლიტიკა არაფრით განსხვავდება ვლადიმირ პუტინის პოლიტიკისგან. გაზეთი წარსულს იხსენებს, როდესაც რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი ელცინი თავად დაუდგა გარანტად ქართველებსა და აფხაზებს შორის სისხლის შეწყვეტას და სწორედ ამის შემდეგ მოსწყდა აფხაზეთი საქართველოს ტერიტორიას. გაზეთის აზრით, მაშინ საქართველოს არ ეყო გამბედაობა, ყველაფრისთვის თავისი სახელი დაერქმია. მან შექმნა ილუზია, რომ საბოლოოდ ყველაფერი კარგად დამთავრდებოდა, რომელიც, ცხადია, არ გამართლდა. “მიუხედავად ამისა, ხელისუფლებისგან არავის უცდია, ამ მწარე ალიყურიდან სათანადო დასკვნები გამოეტანა და ყველაფრისთვის თავისი სახელი დაერქმია”, წერს გაზეთი.

რუსეთის პოლიტიკა ანალოგიურია ახლაც, როდესაც პუტინის ნათქვამი არ ემთხვევა რეალურ მოქმედებებს. გაზეთს მიაჩნია, რომ ასეთი პოლიტიკა რუსეთის “სტილია”.

“დილის გაზეთმა” საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული რუსული სამშვიდობო ძალების თაობაზე კომენტარი სთხოვა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორს კახა სიხარულიძეს, რომელმაც შემდეგი განაცხადა: “მშვიდომისმყოფელთა საქმიანობა სერიოზულ ეჭვებს ბადებს და იმ პროვოკაციის ნაწილია, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე განსახორციელებლად დაიგეგმა. სამშვიდობო ძალები მშვიდობისმყოფელები არიან თუ ომის მყოფელები, თანდათან ძნელი გასარჩევი ხდება”.

“რეზონანსი” საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე სხვა ასპექტით წერს. მაში ვხვდებით ჭიათურის მიტროპოლიტის აბრაამის წერილს სმოლენსკისა და კალინინიგრადის მიტროპოლიტის მიმართ. წერილში ჭიათურის მიტროპოლიტი საუბრობს საქართველოსა და რუსეთს შორის გამწვავებულ პოლიტიკურ ურთიერთობებზე და, ამავე დროს, აღნიშნავს, რომ რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის ზოგიერთი მაღალი იერარქი უხეშად ერევა საქართველოს ავტოკეფალიური ეკლესიის შინაურ საქმეებში და ქართველებსა და აფხაზებს შორის კონფრონტაციისა და უნდობლობის გამაღრმავებელ ნაბიჯებს დგამს.

Back to top button