ახალი ამბები

პარლამენტის კომიტეტის სხდომების მიმოხილვა. 16 ოქტომბერი, 2001

დარგობრივი ეკონომიკის, საფინანსო – საბიუჯეტო, გადასახადების და შემოსავლებისა კომიტეტები

16 ოქტომბერს დარგობრივი ეკონომიკის, საფინანსო – საბიუჯეტო, გადასახადების და შემოსავლების კომიტეტებმა განიხილეს “საქართველოს 2001 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონში ცვლილებები.

საკომიტეტო მოსმენებზე კანონპროექტი წარადგინეს Fფინანსთა, შემოსავლებისა და გადასახადების, ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრებმა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა. აღნიშნული ცვლილება ითვალისწინებს ბიუჯეტის, როგორც საშემოსავლო, ისე ხარჯვითი ნაწილის შეკვეცას 164,636,500ლარით.

ზურაბ ნოღაიდელის თქმით, ბიუჯეტის კანონში ცვლილება გამოიწვია სავალუტო ფონდის მიმართ აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობამ. სავალუტო ფონდის პროგრამის აღდგენა და მეორე ტრანშის მიღება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ მოხდება ბიუჯეტის შეკვეცა, ლიცენზირების შესახებ კანონის მიღება და ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ცვლილებებისა და დამატებების განხორციელება. 26 ოქტომბერს დანიშნულ სავალუტო ფონდის დირექტორთაA საბჭოს სხდომაზე გადაწყდება საქართველოსთვის პროგრამის აღდგენის საკითხი. სწორედ ამ მიზეზით საჭირო გახდა პარლამენტის რიგგარეშე პლენარული სხდომის მოწვევა.

ბიუჯეტის შეუსრულებლობის ძირითად მიზეზად მიჩნეულია საგარეო დაფინანსების წყაროებისა და პრივატიზაციიდან დაგეგმილი შემოსავლების მიუღებლობა. “სამწუხაროდ, გუშინ გავიდა განაცხადების შეტანის ბოლო ვადა საქართველოს “ტელეკომზე” და “ელექტროკავშირზე” ტენდერის ჩასატარებლად, მაგრამ ქონების მართვის სამინისტროში არცერთი განაცხადი არ შესულა. ნაკლებად სავარაუდოა, რომ 2001 წლის ბიუჯეტში მოხერხდეს პრინატიზაციიდან შემოსული თანხების აკუმულირება”-აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ნოღაიდელმა.

შემოსავლებისა და გადასახადების მინისტრმა, ლევან ძნელაძემ ისაუბრა ზიანზე. რომელსაც პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ენერგეტიკის სფეროში შეღავათიანი დაბეგვრის სისტემის შემოღების შესახებ მოუტანს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილს. კერძოდ, ენერგოსექტორიდან ყოველთვიურად შემოდიოდა 6 მილიონი ლარი, რაც მომდევნო სამ თვეში 600-700 ათას ლარამდე შემცირდება.

ეკონომიკის, მრეწველობის და ვაჭრობის მინისტრმა, ვანო ჩხარტიშვილმა ბიუჯეტის სეკვესტრის მიზეზების და პასუხისმგებელი პირების ძებნა შემოსავლებისა და გადასახადების სამინისტროს საქმიანობაში დაიწყო. მან გააკრიტიკა მიხეილ მაჭავარიანის პერიოდში შემოსავლებისა და გადასახადების სამინისტროში გატარებული პოლიტიკა.

დეპუტატების განცხადებით, ბიუჯეტის 164 მილიონით შეკვეცა არ არის საკმარისი და წლის ბოლომდე აუცილებლობა მოითხოვს, რომ დამატებით 50 მილიონით მაინც მოხდეს სეკვესტრი. ზურაბ ნოღაიდელის პასუხი ასეთი იყო-“იმისთვის, რომ 2001 წლის ბიუჯეტის შესრულებაზე ანგარიში კარგად გამოიყურებოდეს, არ დავუშვებ ბიუჯეტის ერთი თეთრით მაინც შეკვეცას”.

ვიტალი ხაზარაძემ კატეგორიულად მოთხოვა ფინანსთა სამინისტროს ბიუჯეტის შეუსრულებლობის პუნქტების და ამაზე პასუხისმგებელი პირების ნუსხის წარმოდგენა. მისი თქმით-“მთავრობამ სტაბილური გახადა ბიუჯეტის სეკვესტრი. ამაზე უნდა აგოს ვინმემ პასუხი”.

Back to top button