
ეკონომიკური თუ პოლიტიკური დაპირისპირება?
ბიუჯეტის 164,6 მილიონით შემცირებას შესაძლოა რამდენიმე მინისტრი გადაყვეს გიორგი კალანდაძე, სივილ ჯორჯია “სეკვესტრი უნდა განხორციელდეს, თუმცა, ამავე დროს, უნდა დადგეს კონკრეტულ ვალდებულებათა შეუსრულებლობის გამო ცალკეულ თანამდებობის პირთა პასუხიმგებლობის საკითხი. ბიუჯეტის შეუსრულებლობის გამო მთავრობის საქმიანობა უნდა შეფასდეს არადამაკმაყოფილებლად”, – აცხადებს პარლამენტის საბიუჯეტო-საფინანსო კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა სიორიძე. მისი კომიტეტი ფინანსთა მინისტრის ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური ოპონენტია. კომიტეტის დასკვნის მიხედვით, “ცვლილებების პროექტი წარმოადგენს ზედმეტად ოპტიმისტურ ვარიანტს. სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების 164,6 მლნ. ლარით შემცირება არ იქნება საკმარისი ხარჯებისა და შემოსავლების დაბალანსებისათვის, რადგან გათვალისწინებული არ არის საკუთარ შემოსავლებში (საგადასახადო, სპეციალური ფონდებისა და არასაგადასახადო შემოსავლები) 9 თვეში 75 მლნ ლარის გარღვევა”. კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის სოლომონ პავლიაშვილის განცხადებით, “ფინანსთა მინისტრს კანონით მინიჭებული აქვს უფლება, განახორციელოს ხარჯების ყოველთვიური პროპორციული შემცირება 10%-ის ფარგლებში. მთავრობას ეს ნაბიჯი მაშინ უნდა გადაედგა, როდესაც ცნობილი გახდა, რომ 6 თვის შედეგების მიხედვით, ბიუჯეტის გარღვევამ საკუთარ შემოსავლებში 31 მლნ ლარი შეადგინა”. 6 თვის შედეგების განხილვისას, მთავრობის ცალკეული წევრები, მათ შორის, სახელმწიფო მინისტრი გიორგი არსენიშვილი, რომელსაც პრეზიდენტის დავალებით, მთავრობის ეკონომიკური ბლოკის უწყებათა საქმიანობის კოორდინაცია ევალება და ფინანსთა მინისტრი, ზურაბ ნოღაიდელი საქართველოში საბიუჯეტო კრიზისის დასრულებაზე საუბრობდნენ. ამ მოვლენიდან 3 თვის თავზე, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მოთხოვნის შესაბამისად, მთავრობა პარლამენტს ბიუჯეტის სეკვესტრის განსახორციელებლად თანხმობას სთხოვს. 26 ოქტომბერს აშშ-ში, ვაშინგტონში, უნდა გაიმართოს საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორთა საბჭოს სხდომა, რომელზეც საქართველოსთვის საფინანსო პროგრამის აღდგენის საკითხის განხილვა მოხდება. პროგრამა, რომელიც 2001 წლის გაზაფხულზე საბიუჯეტო პრობლემების გამო შეწყდა, საქართველოს ფინანსთა მინისტრის განცხადებით, შესაძლოა, აღდგეს, რაც ქვეყანას დამატებითი საგარეო დაფინანსების საშუალებას მისცემს. საუბარია მსოფლიო ბანკის რამდენიმე კრედიტზე, რომელთა საერთო ოდენობა დაახლოებით 65 მლნ ლარია. ზურაბ ნოღაიდელის განმარტებით, მათი მიღება უშუალოდაა დაკავშირებული სავალუტო ფონდის მიერ საქართველოსთან თანამშრომლობის პროგრამის აღდგენასთან. ფინანსთა მინისტრი აცხადებს, რომ პარლამენტში სეკვესტრის საკითხის შეტანა გამოწვეულია არა ქვეყნის სახარჯო პოლიტიკის მოწესრიგებით, არამედ ის უკავშირდება სავალუტო ფონდის დირექტორთა საბჭოს 26 ოქტომბრის სხდომას. ამასთან, მინისტრი აცხადებს, რომ ხელახალი სეკვესტრის საკითხი დღის წესრიგში არ დაისმება. მინისტრის ოპტიმიზმს არ იზიარებენ პარლამენტში. საბიუჯეტო-საფინანსო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი ეჭვს გამოთქვამს, რომ 2001 წლის ბოლოს პარლამენტის წინაშე ბიუჯეტის შეკვეცის აუცილებლობა კიდევ ერთხელ დადგება. ამავე მოსაზრებას იზიარებს კონტროლის პალატის თავმჯდომარე სულხან მოლაშვილი. “ჩვენი დამოკიდებულება ამ საკითხისადმი კრიტიკულია. ფინანსისტებთან და სხვა ექსპერტებთან მრავალმხრივი კონსულტაციების შედეგად დავრწმუნდი, რომ მეორადი სეკვესტრის აუცილებლობა ნამდვილად დადგება”, – აცხადებს მოლაშვილი. მისი თქმით, ფინანსთა სამინისტროსა და სხვა სამთავრობო უწყებების მხრიდან ადგილი აქვს კონტროლის პალატის წინადადებებისა და შენიშვნების უგულებელყოფას. მთავრობა დასაჭერია, – ასეთი დასკვნა შეიძლება გაკეთდეს კონტროლის პალატის მოხსენების წაკითხვისას, რომელიც საქართველოს 2001 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 6 თვის შედეგების შესრულებას შეეხება. Mმოხსენების მიხედვით, დარღვეულია “საქართველოს 2001 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონის 16 მუხლი. ამავე დოკუმენტის მიხედვით, მოქმედ კანონმდებლობას ყველა სახელმწიფო უწყება არღვევს. “დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ზემოაღნიშნულმა პროცესმა არა ცალკეული შემთხვევების, არამედ სისტემის და სავალალო ტრადიციის ხასიათი შეიძინა. უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყანაში ჯერ კიდევ არ არის შექმნილი საბიუჯეტო მოწყობის, ფუნქციობისა და რეგულირების სრულყოფილი სისტემა, ამიტომ ბიუჯეტი ჯერ კიდევ ვერ წარმოგვიდგება სოციალური სამართლიანობის, ეკონომიკის სტაბილურობისა და ქვეყნის განვითარების მტკიცე გარანტად”, – ასეთია კონტროლის პალატის დასკვნა, რომლის თავმჯდომარესა და ფინანსთა მინისტრს შორის არსებულმა დაპირისპირებამ, პარლამენტში სეკვესტრის საკითხის განხილვამდე რამდენიმე დღით ადრე, პიკს მიაღწია. საქმე ისაა, რომ სულხან მოლაშვილსა და ზურაბ ნოღაიდელს შორის კრიტიკული დამოკიდებულების არსებობა სავსებით გამართლებულია, რადგან საქართველოს კანონმდებლობით, კონტროლის პალატას ევალება კიდეც გააკონტროლოს, რამდენად კანონიერად ხარჯავენ სამთავრობო ორგანიზაციები საბიუჯეტო სახსრებს. თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში დაპირისპირების გაღრმავება უფრო იმ პოლიტიკურმა პროცესებმა გამოიწვია, რომელიც ქვეყნის ხელისუფლებაში მიმდინარეობს. შენიშვნა: პრეზიდენტი შევარდნაძე დადებითად აფასებს იმ ფაქტს, რომ პარლამენტმა შესაძლოა, მინისტრთა ერთი ნაწილი თანამდებობიდან დაითხოვოს. “გამორიცხული არ არის, ეს კარგიც იყოს”, – განაცხადა 17 ოქტომბერს, მთავრობის სხდომაზე პრეზიდენტმა, რომელსაც არ დაუკონკრეტებია, რომელი მინისტრის გადაყენება იქნებოდა მისთვის სასურველი. მთავრობის წინააღმდეგ პარლამენტის გალაშქრება 2001 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის სეკვესტრმა გამოიწვია. მთავრობის მიერ წარდგენილი პროექტი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის 164,6 მლნ ლარის ოდენობით შემცირებას ითვალისწინებს.
აგვისტოში მთავრობის წევრებს შორის არსებული დაპირისპირების შედეგად, თანამდებობა დატოვა საგადასახადო შემოსავლების მინისტრმა მიხეილ მაჭავარიანმა. ერთი თვის შემდეგ მისი “ბედი” გაიზიარა იუსტიციის მინისტრმა, მიხეილ სააკაშვილმა. პირველის ღია მეტოქე ეკონომიკის მინისტრი ვანო ჩხარტიშვილი იყო, ხოლო მეორე კი შინაგან საქმეთა და უშიშროების მინისტრებს დაუპირისპირდა. როგორც მაჭავარიანი, ისე სააკაშვილი პარლამენტის თავმჯდომარის, ზურაბ ჟვანიას გუნდს, ე.წ. “რეფორმატორების” ჯგუფს მიეკუთვნებიან. ამ გუნდის მოსვლა აღმასრულებელ ხელისუფლებაში 1997 წელს, ფინანსთა მინისტრად, მიხეილ ჭკუასელის დანიშვნით დაიწყო. 2001 წლის ზაფხულში კი აშკარად ჩანს ამ პროცესის დაღმასვლა. გარდა დასახელებული ორი ყოფილი მინისტრისა, უახლოეს პეროიდში პოსტის დატოვება ფინანსთა მინისტრსაც მოუწევს. იმ თანამდებობის პირთა შორის, რომელთა პასუხისმგებლობის საკითხსაც პარლამენტარები, როგორც ოპოზიციიდან, ისე ყოფილი უმრავლესობიდან, სეკვესტრის საკითხის გამო აყენებენ, ვანო ჩხარტიშვილთან ერთად, ზურაბ ნოღაიდელიცაა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სააკაშვილისა და მაჭავარიანის წასვლის შემდეგ ნოღაიდელი დღევანდელ აღმასრულებელ ხელისუფლებაში “რეფორმატორთა” ჯგუფის უკანასკნელი წარმომადგენელია.