ახალი ამბები

ქართული პრესა რუსეთს ტერორიზმში ადანაშაულებს

“დილის გაზეთი”

“დილის გაზეთში” გამოქვეყნდა სტატია სათაურით “აგრესული სეპარატიზმი და ტერორიზმი – ერთი მედლის ორი მხარე”, რომელშიც საუბარი აფხაზეთში ნაწარმოებ პირველ ომზე და იქ განხორციელებულ ტერორიზმზე. ავტორს მიაჩნია, რომ აგრესიული აფხაზი სეპარატისტები იყვნენ მარიონეტები. იგი აფხაზეთში ტერორიზმისა და სეპარატიზმის სულისჩამდგმელად რუსეთს ასახელებს. “აფხაზეთში ტერორის იარაღი იყო დაქირავებული მეომრები, რუსეთის რეგულარული სამხედრო ნაწილების პირდაპირი მონაწილეობა, რომელმაც გადაწყვიტა კიდეც ომის ბედი”.

უკვე მერვე წელია, გაეროს უშიშროების საბჭო და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები მხოლოდ თანაგრძნობითა და კეთილი სურვილებით კმაყოფილდებიან, მაშინ, როდესაც 300 ათასზე მეტი დევნილი სასოწარკვეთილი ელოდება მშობლიურ ადგილებში დაბრუნებას, წერს ავტორი. მისი აზრით, “არ მიეცა ჯეროვანი შეფასება Aაფხაზეთში ტერორის ფაქტებს, რომლის დროსაც ქართული მოსახლეობის გაძევება, ეთნიკური წმენდა და გენოციდი განხორციელდა”. 

ავტორს მოჰყავს ტერორისტთა მეთოდები, რომლითაც აფხაზი სეპარატისტები თუ მათი დამხმარე ძალები სარგებლობდნენ. ეს მეთოდები იყო: 1. მასობრივი დაბომბვები უცხო ქვეყნის საჰაერო-სამხედრო საშუალებებით ზღვიდან და ხმელეთიდან; 2. კაცთმოძულეობა, ზიზღი, არნახული სისატიკე მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ, ღალატი, დაუდონდობლობა, მასობრივი მკვლელობები; 3. საერთაშორისო და სახელმწიფო ტერორიზმის ჩვეული მოვლენა იყო ვერაგობა, მიღებულ ხელშეკურლებათა და მორიგებათა დარღვევა.  

სტატიაში მოყვანილია რამდენიმე მაგალითი იმის, თუ როგორ დაირღვა ხელშეკრულებები სეპარატისტული აფხაზეთისა თუ რუსეთის მხრიდან, რის შედეგადაც საქართველომ აფხაზეთი დაკარგა.

“აგრესიულმა სეპარატიზმმა და მისი მიზნების განხორციელების საშუალებამ – ტერორიზმმა აფხაზეთში შეიწირა 12 ათასამდე მშვიდობიანი მოსახლე”, წერს ავტორი. მისი აზრით, მსოფლიო ტერორიზმის წინააღმდეგ მებრძოლმა ძალებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისათვის, რომ დედამიწის ყველა წერტილში დაიხუროს ყველა ცხელი წერტილი, მათ შორის აფხაზეთი, ვინაიდან სწორედ ასეთი უკონტროლო ტერიტორიები იქცევა ხოლმე ტერორიზმის ბუდედ.

გუშინ კოდორის ხეობა ისევ დაიბომბა. “დილის გაზეთს” მიაჩნია, რომ, “თუ იერიში მართლაც რუსულმა ავიაციამ განახორციელა, უკვე დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ პარტიზანული მოძრაობის ერთკვირიანი გააქტიურება აფხაზეთის ტერიტორიაზე კარგად დაგეგმილი და გათვლილი პროვოკაცია იყო, ხოლო რუსი პრეზიდენტის ცინიზმი საქართველოსთან მიმართებაში ისეთივე უსაზღვრო და დიდია, როგორც თავად რუსეთი”.

მოამზადა სალომე ჯაშმა

Back to top button