
ვინ ბომბავს საქართველოს ტერიტორიას – რუსეთი თუ აფხაზები?
ემზარ კვიციანის განცხადებით, დაბომბვის მსვლელობისას მას დაუკავშირდნენ ქართველი მესაზღვრეები, რომლებმაც მომხდარის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. ამის შემდეგ მესაზღვრეები კავშირზე აღარ გამოსულან. თავად საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტი არანაირ კომენტარს მომხდართან დაკავშირებით არ აკეთებს. დაბომბვის შედეგად მსხვერპლის არსებობის შესახებ ინფორმაცია გუშინ პირველმა საქართველოს უშიშროების მინისტრმა ვახტანგ ქუთათელაძემ გაავრცელა, თუმცა მას მხცვერპლის რაოდენობა და მოკლულთა ვინაობა არ დაუსახელებია. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და დაზვერვის დეპარტამენტი ამ ინფორმაციას დღესაც არ ადასტურებენ. თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ დაბომბილია დაუსახლებელი ტერიტორიები და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ დასტურდება. “შემთხვევის ადგილას გაგზავნილია სამინისტროს ჯგუფი, რომელიც ყველა დეტალს ადგენს”, განაცხადა თავდაცვის სამინისტროს პრეს-მდივანმა ნინო სტურუამ. ასევე უცნობია თუ ვის ეკუთვნოდა აღნიშნული ექვსი მი-24 ტიპის ვერტმფრენი, აფხაზებს თუ რუსეთს. თავდაცვისა და უშიშროების სამინისტროებში აცხადებენ, რომ შესაძლებელია ეს როგორც აფხაზური ასევე რუსი სამხედროების ვერტმფრენები ყოფილიყო. მით უმეტეს, რომ რუსული სააგენტო “აპეენ-ის” ცნობით რუსეთი აფხაზეთს არამარტო სამხედრო ტექნიკით არამედ, კვალიფიციური ცოცხალი ძალით, მათ შორის მფრინავებითაც ეხმარება. რაც შეეხება 17 ოქტომბერს ორი გამანადგურებლის მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტს, ამასთან დაკავშირებით უკვე დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ საზღვრის დარღვევა რუსეთის სამხედრო ავიაციის მიერ მოხდა. სუ-25 ტიპის გამანადგურებელმა რუსეთის მხრიდან, მესტიის მიდამოებში გადმოკვეთეს საქართველოს საჰაერო სივრცე და აფხაზეთის მიმართულებით, მარუხის უღელტეხილისაკენ აიღეს გეზი. ამის შემდეგ გამანადგურებლები კვლავ რუსეთისაკენ გაემართნენ. ამისდა მიუხედავად რუსი სამხედროები ირწმუნებიან, რომ საქართველო-რუსეთის საზღვრის აფხაზურ მონაკვეთზე 17 ოქტომბერს რუსეთის საჰაერო ძალებს გაფრენა არ უწარმოებიათ. საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ რუსეთს საპროტესტო წერილი გაუგზავნა. აღსანიშნავია, რომ რუსეთის ავიაციის მიერ 9 ოქტომბერს საქართველოს საზღვრის დარღვევის შემდეგ, თავდაცვის მინისტრმა დავით თევზაძემ განაცხადა, რომ ნებისმიერი გამანადგურებელი, რომელიც დაარღვევდა საქართველოს საჰაერო სივრცეს ჩამოგდებული იქნებოდა. თუმცა ამგვარ ფაქტს ჯერჯერობით ადგილი არ ჰქონია. პრეზიდენტმა შევარდნაძემ დაგმო გუშინ მომხდარი ორივე შემთხვევა და განცხადა, რომ 16 ოქტომბერს პრეზიდენტ პუტინთან “კონსტრუქციული” სატელეფონო საუბრის შემდეგ მისთვის მომხდარი სრული მოულოდნელობა იყო.17 ოქტომბერს, საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი აფხაზეთში მდებარე მარუხის უღელტეხის დაბომბვის შედეგად რამოდენიმე ქართველი მესაზღვრეა დაკარგული, აცხადებს კოდორის ხეობაში პრეზიდენტის რწმუნებული ემზარ კვიციანი. მარუხის უღელტეხილი სოხუმიდან გამოფრენილმა ექვსმა მი-24 ტიპის ვერტმფრენმა დაბომბა.