ახალი ამბები

აფხაზებს რუსეთი ეხმარება სამხედრო და ფინანსური თვალსაზრისით

“დილის გაზეთი”, “რეზონანსი”

“დილის გაზეთის” აზრით, აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში რუსი სამშვიდობოების რომელიმე სხვა ქვეყნის ან საერთაშორისო ორგანიზაციის ძალებით ჩანაცვლება არარეალურია. მას მიაჩნია, რომ, იმ შემთხვევაში, თუ დ.ს.თ.-ს სამშვიდობო ძალები დატოვებენ აფხაზეთის კონფლიქტის ზონას, შეიქმნება სიტუაციის კონტროლიდან გამოსვლის საფრთხე. სწორედ ამიტომ გუშინ ეუთო-ს წევრი ქვეყნების ელჩებთან შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე გამოვიდა ინიციატივით, კონფლიქტის ზონაში ამჟამად განლაგებული რუსული სამშვიდობო ძალები საერთაშორისო კონტინგენტით შეიცვალოს. “დილის გაზეთს” უკვირს შევარდნაძის, როდესაც ის აცხადებს, რომ საერთაშორისო კონტინგენტის ფორმირებაში მონაწილეობა უნდა მიიღოს რუსეთმაც და, შესაძლოა, მან გადამწყვეტი როლიც კი შეასრულოს ამაში. მისი აზრით, შევარდნაძის განცხადებიდან გამომდინარე, რუსეთი კვლავ დომინანტ ქვეყნად რჩება აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარებაში.

“დილის გაზეთი” აფხაზეთის სამხედრო ტექნიკაზეც საუბრობს. როგორც ირკვევა, “საქართველოს შეიარაღებულ ძალებსა და აფხაზურ არმიას დაახლოებით თანაბარი რაოდენობის იარაღი აქვთ”, წერს გაზეთი და დასძენს, რომ ამაში გასაკვირი არაფერია. “სიამდვილეში, რაოდენობრივი პარიტეტი შექმნა რუსეთმა ჯერ კიდევ პირველი ომის დროს აფხაზეთში.” ერთადერთი სამხედრო უპირატესობა ჯარისკაცთა რაოდენობაში გამოიხატება. საქართველოს შეუძლია 27 ათასი ჯარისკაცისა და ოფიცრის გამოყვანა, ხოლო აფხაზეთის “რეგულარული არმია” მხოლოდ 5 ათას კაცს ითვლის. გარდა ამისა, გაზეთის ცნობით, სოხუმს 25 ათასი რეზერვისტის გამოყვანა შეუძლია. “ბუნებრივია, აქ იგულისხმება “გარედან” აფხაზეთში გადასროლილი ძალებიც”, აღნიშნავს გაზეთი. მისი აზრით, ომი აფხაზეთში ხანგრძლივი იქნება.

“რეზონანსიც” აფხაზების სამხედრო აღჭურვილობაში რუსეთის წვლილზე საუბრობს. თბილისში მყოფი აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლება და საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აცხადებენ, რომ აფხაზები პარტიზანების წინააღმდეგ იმ ტექნიკას იყენებენ, რომელიც არძინბას არმიას ფიზიკურად არ გააჩნია. “სამხედრო იარაღის დიდი ნაწილი აფხაზებს ჯერ კიდევ აფხაზურ-ქართული კონფლიქტის მიმინარეობის დროს რუსი სამხედროებისგან აქვთ მიღებული. გუდაუთის სამხედრო ბაზაზე არსებული შეიარაღების ნაწილის გამოყენებას ისინი დღემდე წარმატებით ახერხებენ”, წერს “რეზონანსი”.

გაზეთი რვა წლის წინანდელ მოვლენებს იხსენებს და ამბობს, რომ 1992 წელს ომის დროს აფხაზებს ეხმარებოდნენ ჩრდილოკავკასიელები, რომლებსაც რუსეთის გავლენიანი პირები აფინანსებდნენ. დღეს აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ბიუჯეტს არ გააჩნია სახსრები, რათა მეომრები დაიქირავოს. “თუმცა არსებობს არასაბიუჯეტო სახსრებიც – სანატორიუმების უმრავლესობა არძინბას ქალიშვილს ეკუთვნის”. გაზეთი ასევე აღნიშნავს, რომ აფხაზეთის ე.წ. მთავრობის თითქმის ყველა წევრი რუსეთის მოქალაქეა და რუსეთში საბანკო ანგარიშები აქვს გახსნილი. “აფხაზეთს თუ რაიმე რესურსი გააჩნდა, მათ ყველაფერი კერძო ანგარიშებზე მიითვისეს”, აღნიშნავს გაზეთი.

“რეზონანსი” არ გამორიცხავს, რომ ამჯერადაც შესაძლოა, სეპარატისტების მთავრობამ რუსეთისგან სამხედრო მხარდაჭერასთან ერთად ფინანსური მხარდაჭერაც მიიღოს.

მოამზადა სალომე ჯაშმა

Back to top button