ახალი ამბები

პარლამენტის ბიუროს სხდომის მიმოხილვა. 15 ოქტომბერი. 2001

15 ოქტომბერს გამართულ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განიხილეს პარლამენტის 17 ოქტომბრის რიგგარეშე სხდომისა და 23-26 ოქტომბრის პლენარული სხდომების დღის წესრიგი. 17 ოქტომბერს საკანონმდებლო ორგანო რიგგარეშე სხდომაზე განიხილავს 2001 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცლილებების პროექტს, რომელიც ბეუჯეტის 164,6 მლნ. ლარის ოდენობით შემცირებას ითვალისწინებს. ბიუროს სხდომაზე ფრაქცია “აღორძინების” წარმომადგენელმა, ვალერი გელბახიანმა მოითხოვა, რომ ბიუჯეტის საკითხის მომხსენებელი იყოს არა ფინანსთა მინისტრი, არამედ სახელმწიფო მინისტრი გიორგი არსენიშვილი. “17 ოქტომბერს ჩვენ საბიუჯეტო კატასტროფის გაფორმება მოგვიწევს. ბიუჯეტის პრობლემა მხოლოდ იმ პირთა “დამსახურება” არ არის, რომელთაც ფინანსთა მინისტრის სავარძელი უკავიათ”, – განაცხადა ფრაქცია “ერთიანი საქართველოს” თავმჯდომარემ, გიორგი თარგამაძემ. საბოლოოდ, პარლამენტის ბიურომ რეკომენდაცია მისცა პრეზიდენტს, რომ მან ბიუჯეტის საკითხზე მომხსენებლად სახელმწიფო მინისტრი დანიშნოს.

რაც შეეხება 23-26 ოქტომბრის პლენარული სხდომების დღის წესრიგს, მასში ბიუროს წევრებმა შეიტანეს კანონპროექტი “ორგანულ კანონში “საქართველოს საარჩევნო კოდექსი” ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ”. გარდა ამისა, ბიუროს წევრებს დაურიგდათ კანონპროექტი “ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა – საკრებულოთა ვადის გაგრძელების შესახებ”. ეს კანონპროექტი წარმოადგინა პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა და მისი მომზადება აუცილებელი გახდა თვითმმართველობის ორგანოებში არჩევნების გადადებიდან გამომდინარე. მას შემდეგ, რაც ბიუროს რამდენიმე წევრმა ყურადღება გაამახვილა კანონპროექტის იურიდიულ ხარვეზებზე, ფრაქცია “მრეწველების” წევრმა, ზურაბ ტყემალაძემ მოითხოვა კანონპროექტის დღის წესრიგიდან ამოღება და არჩევნების 15-25 დეკემბრამდე ჩატარება, სანამ დღეს მოქმედ საკრებულოებს უფლებამოსილების ვადა შეუწყდებათ. ტყემალაძის განცხადებას მხარი არ დაუჭირეს სხვა ოპოზიციური ფრაქციების წარმომადგენლებმა. ვალერი გელბახიანის განცხადებით, ამ საკითხზე ოპოზიციას კონსულტაციები არ ჰქონია. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი არჩევნების ვადის გადაწევას მხარს არ დაუჭერს, ოპოზიცია მოითხოვს, დაუყოვნებლივ შევიდეს ცვლილება თვითმმართველობის შესახებ კანონში, რათა თვითმმართველობის მეორე დონეზე არჩევნები ჩატარდეს პროპორციული წესით.

ამ კანონპროექტის მომზადებას წინ უძღოდა პრეზიდენტ შევარდნაძის წერილი პარლამენტისადმი, რომელიშიც ის ითხოვდა არჩევნების თარიღის გადადების იურიდიული მექანიზმების ამოქმედებას. თავის მხრივ, პრეზიდენტი დაეყრდნო ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეკომენდაციას, არჩევნები ერთი წლით გადადებულიყო. კომისიამ თავისი გადაწყვეტილება ბიუჯეტიდან სათანადო ფინანსური უზრუნველყოფის არარსებობის გამო მიიღო. როგორც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ვალერი ხაბურზანიამ განაცხადა, არჩევნები გადაიდო არა იმდენად ფინანსური პრობლების გამო, არამედ იმის შედეგად, რომ პარლამენტში არსებულმა პოლიტიკურმა ძალებმა სართო ენა მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით ვერ გამონახეს.

საბოლოოდ, ბიურომ მიიღო გადაწყვეტილება, 23-26 ოქტომბრის პლენარული სხდომების დღის წესრიგში შეეტანა აღნიშნული კანონპროექტი. თუმცა, არჩევნების გადადების საკითხის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით პარლამენტში შეიქმნება სპეციალური კომისია.  

Back to top button