
საქართველო და თურქეთი ითანამშრომლებენ ტერორიზმის წინააღმდეგ
საქართველოსა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა განაცხადეს, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ ისინი აზერბაიჯანთან ერთად ერთობლივად იმუშავებენ. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ირაკლი მენაღარიშვილმა და მისმა თურქმა კოლეგამ ისმაილ ჯემმა განაცხადეს, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში მათ აზერბაიჯანიც შეუერთდებათ. მენაღარიშვილმა და ჯემმა სტამბოლში, ჩირაგანის სასახლეში საათნახევრიანი შეხვედრა გამართეს, რომლის შემდეგ მათ პრეს-კონფერენცია ჩაატარეს. პრეს-კონფერენციაზე ისაუბრეს სხვადასხვა საკითხებზე, დაწყებული ბაქო-ჯეიჰანის მილსადენის პროექტიდან, ტერორიზმითა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებით დამთავრებული. თანამშრომლობა უსაფრთხოების სფეროში თურქეთს, საქართველოსა და აშშ-ს შორის მენაღარიშვილმა და ჯემმა განაცხადეს, რომ მათმა საუბარმა კარგად ჩაიარა. ჯემმა განაცხადა: “11 სექტემბრის ტერაქტის შემდგომი პერიოდის რეალობის კონტექსტში ჩვენ გადავწყვიტეთ მხარი დავუჭიროთ აშშ-ს, საქართველოსა და თურქეთს შორის თანამშრომლობას და ეკონომიკური და ნაწილობრივ პოლიტიკური კონსულტაციების მექანიზმს. ჩვენ გადავწყვიტეთ ამ ურთიერთობას უსაფრთხოების განზომილებაც შევმატოთ. ამ სფეროში გავმართავთ რამდენიმე ორმხრივ შეხვედრას და ჩვენს აღმოჩენებს აშშ-ს გავუზიარებთ”. ჯემის განცხადებით, თურქეთი და საქართველო თითქმის ყველა სფეროში მსგავსი იდეების მატარებელნი და საერთო ინტერესების ქვეყნები არიან და ისინი აგრძელებენ კავშირების გაუმჯობესებას. მან მსოფლიო მასშტაბით ტერორიზმის წინააღმდეგ სერიოზული ბრძოლის დაწყება აღნიშნა და განაცხადა: “ამ დროში, როდესაც ტერორიზმის წინააღმდეგ სერიოზული საერთაშორისო ბრძოლა დაიწყო, ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ საქართველოსა და თურქეთის ერთობლივ ძალისხმევაზე, რათა გადავარჩინოთ რეგიონი ტერორიზმისგან, როგორც რეგიონში, ისე მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ტერორიზმის დამარცხებით”. მისი განცხადებით, საქართველო და თურქეთი მათ ქვეყნებსა და აზერბაიჯანს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას ახალ განზომილებას მიანიჭებენ. “განვითარებული მოვლენები ამ თანამშრომლობის გაძლიერების საჭიროებისაკენ გვიბიძგებს. არის საჭიროება მხარი დავუჭიროთ ამ თანამშრომლობას ბუნებრივი აირის საკითხში, რომელიც შაჰ დენიზიდან მოდის და შევქმნათ უსაფრთხოების გარემო არა მარტო ამ პროექტისათვის, არამედ უფრო ფართო მასშტაბით. რამდენადაც ტერორიზმის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის საჭიროება დღეს ყველას მიერ არის აღიარებული, აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს შორის უსაფრთხოების სფეროში არსებული კავშირები უფრო ფართომასშტაბიანი თანამშრომლობის ნაწილად უნდა ვაქციოთ”. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის პროექტის უსაფრთხოების შესაძლო რისკებზე ან სხვა შემთხვევებზე, თუკი ავღანეთზე აშშ-ის წინამძღოლობით მიმდინარე დარტყმები ასახვას ჰპოვებს კავკასიაზეც, ჯემმა განაცხადა: “ჩვენ არ ვღელავთ უსაფრთხოების გამო, იქნება ეს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის პროექტი თუ სხვა საკითხი. მე ვსაუბრობ ამას რეგიონის ქვეყნების სახელითაც. თურქეთს შეუძლია ამისთვის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. არ არის განსაკუთრებული საფრთხე. ეს პროექტები წარმატებით განხორციელდება”. ჯემმა საქართველოსა და რუსეთს შორის შესაძლო მედიატორის როლის შესრულების შესახებ განაცხადა: “რა თქმა უნდა ჩვენი როლი არ არის მედიატორის. თურქეთი, ამ მხრივ, სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობის ფაქტორია, თავისი ძალიან კარგი ურთიერთობებით საქართველოსთან და მზარდი კავშირებით რუსეთთან. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ კუთხით პოზიტიური წვლილი შეგვაქვს”. მენაღარიშვილმა განაცხადა, რომ თურქეთს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ტერორიზმის წინააღმდეგ საერთაშორისო ბრძოლაში და “ამ ერთობლივ ბრძოლაში წვლილის შეტანაზე საქართველოს მზადყოფნა” აღნიშნა. მისი თქმით, აფხაზი სეპარატისტები მის ქვეყანაში პროვოცირებულნი იყვნენ იმ ძალების მიერ, რომლებიც წახალისებულნი იყვნენ 11 სექტემბრის თავდასხმით. ჰასან ალთინიშიქ, გაზეთი: “თურქიშ დეილი ნიუსი”, 13.10.200111 სექტემბრის ტერორისტულმა თავდასხმამ აშშ-ზე მსოფლიო ლიდერებს შორის ახალი სახის თანამშრომლობის წარმოქმნას შეუწყო ხელი. თურქეთმა და საქართველომ განაცხადეს, რომ ისინი სტამბოლში მათი საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრისას, ტერორიზმის წინააღმდეგ ძალების გაერთიანების საკითხს განიხილავენ.