ახალი ამბები

დეპუტატები სრულ ინფორმაციას არ ფლობენ

პარლამენტის პოზიცია აფხაზეთში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით

გიორგი კალანდაძე, ცივილ ჯორჯია, თბილისი

კოდორის ხეობის ქართული სოფლების დაბომბვას, რომელიც, ერთ-ერთი ვერსიით, რუსეთის სამხედრო თვითმფრინავებიდან განხორციელდა, პარლამენტი ერთნიშვნელოვნად უარყოფითად გამოეხმაურა. ოპოზიციური ფრაქციების წარმომადგენლებმა აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით პარლამენტის პლენარული სხდომის დახურვა და ძალოვანი მინისტრების მოწვევა მოითხოვეს. “ჩვენ არ გვაქვს სრული ინფორმაცია, თუ რა ხდება აფხაზეთში”, – განაცხადა 9 ოქტომბერს, პლენარულ სხდომაზე, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ოპოზიციური ფრაქცია “სოციალისტის” წევრმა, ვახტანგ რჩეულიშვილმა. ინფორმაციის სიმცირეზე საუბრობენ ასევე პრეზიდენტ შევარდნაძის მომხრე პარლამენტარებიც.

“პირველ რიგში, მინდა გავიმეორო ის, რაც პრეზიდენტმა ამ დღეებში არაერთხელ აღნიშნა – აფხაზეთში საგანგაშო არაფერი ხდება”, – აცხადებს ფრაქცია “ალიანსი ახალი საქართველოსთვის” თავმჯდომარე ირაკლი გოგავა. მის ფრაქციას ღიად დაფიქსირებული პროშევარდნაძისეული პოზიცია გააჩნია. გოგავას განცხადებით, “როგორც ჩანს, აღმასრულებელი ხელისუფლება სიტუაციას ფლობს, რადგან პრეზიდენტის განცხადება ჰაერზე არ გაკეთდებოდა”.

გოგავას კოლეგა, ფრაქცია “სოციალისტის” თავმჯდომარე ირაკლი მინდელი დარწმუნებულია, რომ აფხაზეთში “საშინელი ავანტიურა მოხდა”. მისი განცხადებით, “ყველა ქართველ პოლიტიკოსს გაუჭირდება, მხარი არ დაუჭიროს აფხაზეთში მოქმედ ქართველ პარტიზანებს. თუმცა, იმ რესურსებით, რაც, ჩვენი ინფორმაციით, გაგვაჩნია, ეს მოძრაობა ახალ მსხვერპლს მოიტანს და თან იმედი არცა მაქვს, რომ მხოლოდ დღეს არსებული საშუალებებით აფხაზეთს დავიბრუნებთ”.

ირაკლი მინდელს აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ორი ვერსია გააჩნია. პირველი ვერსიის მიხედვით, აფხაზეთის მოვლენები საქართველოს ხელისუფლების მიერაა დაგეგმილი და ის შეთანხმებულია სხვა ქვეყნების, პირველ რიგში კი, რუსეთის, მთავრობებთან. მეორე ვერსიით, შევარდნაძის ხელისუფლება ჩაერთო ავანტიურაში, საიდანაც გამოსვლა რთული იქნება. ფრაქცია “სოციალისტის” ლიდერი არ გამორიცხავს, რომ ჩეჩნების შეყვანა აფხაზეთში მოსკოვის ნება-სურვილით განხორციელდა, რათა რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ჩეჩნები რუსეთის ტერიტორიაზე კი არა, არამედ აფხაზეთში გაანადგურონ.

ფრაქცია “სოციალისტი” გაერთიანებულია საპარლამენტო უმცირესობაში, რომლის წევრებიც დაახლოებით ორი თვის წინათ აფხაზეთში ვითარების დაძაბვას “წინასწარმეტყველებდნენ”. სწორედ უმცირესობის ლიდერის, ჯემალ გოგიტიძისგან გახდა ცნობილი, რომ აფხაზეთისა და სამეგრელოს ადმინისტრაციულ საზღვარზე, მდინარე ენგურთან, ჩეჩენთა 700-კაციანი რაზმი იყო დაბანაკებული. უმცირესობის კიდევ ერთი ლიდერი გიორგი თარგამაძე კი აცხადებს, რომ თუ ამჟამად აფხაზეთში მიმდინარე მოვლენები ამ რეგიონში ვითარებას კიდევ უფრო დაძაბავს, მაშინ ოპოზიცია პრეზიდენტ შევარდნაძესა და მთელ სახელისუფლებო გუნდს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას დააკისრებს. სხვათა შორის, 9 ოქტომბერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მეთაური ასლან აბაშიძე, რომლის პოლიტიკური დასაყრდენიცაა საპარლამენტო უმცირესობა, თბილისსა და სოხუმს შორის შუამავლის მისიის შესრულების იდეით გამოვიდა.

“საქართველოს ხელისუფლება პასუხისმგებელი უნდა იყოს იმაზე, თუ რა გადაადგილებები ხდება მის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე”, – აცხადებს ირაკლი მინდელი. სხვადასხვა საიფორმაციო საშუალებებით, ამჟამად აფხაზეთში მყოფი ჩეჩნები ამ რეგიონში პანკისის ხეობიდან ჩავიდნენ. “თუ ეს ვერსია სწორია, მაშინ აუცილებლად უნდა დადგეს საქართველოს ხელისუფლების, კერძოდ კი, ძალოვნების პასუხისმგებლობის საკითხი”, – მიაჩნია ოპოზიციური ფრაქცია “ახალი მემარჯვენეების” წევრს, ფიქრია ჩიხრაძეს.

ნაკლებად კატეგორიულია ფრაქცია “მოქალაქეთა კავშირის” თავმჯდომარე რევაზ ადამია. მისი განცხადებით, “ჩეჩნები აფხაზეთში რუსეთის ტერიტორიიდან შეიძლება მოხვედრილიყვნენ. ზაფხულში თავად მოვიარე მარუხისა და ქლუხორის უღელტეხილები და დავრწმუნდი, რომ საზღვარს სერიოზულად არც ქართული და არც რუსული მხარე არ იცავს”. თუმცა ადამია არც იმ ვერსიას გამორიცხავს, რომ ჩეჩნები პანკისიდან, საქართველოს ტერიტორიის გავლით შეიძლება, მოხვედრილიყვნენ აფხაზეთში, “მაგრამ ძნელი დასაჯერებელია, ჩეჩნებს აფხაზეთამდე მთელი მანძილი მარშით გაეარათ. მათ შეეძლოთ, მსუბუქი მანქანებით გადასულიყვნენ აფხაზეთში”.

“აფხაზეთში მიმდინარე მოვლენების შეფასება გამიჭირდება, რადგან სრული ინფორმაცია არა მაქვს”, – აცხადებს რევაზ ადამია. თუმცა, დასძენს იგი, “ოფიციალური ხელისუფლება რომ ამ მოვლენებში არ მონაწილეობს, თვალნათლივ ჩანს. საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების ნაწილები იქ არ არიან”. ადამია აფხაზეთის პრობლემის მოგვარებას უკავშირებს ანტიტერორისტული ალიანსის ჩამოყალიბებას, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები ხელმძღვანელობს. ფრაქცია “მოქალაქეთა კავშირის” თავმჯდომარე იხსენებს პრეზიდენტ შევარდნაძის ვიზიტს აშშ-ში. “მექმნება შთაბეჭდილება, რომ შესაძლოა, ამ თვალსაზრისით მოხდეს შეთანხმებული მოქმედება როგორც აშშ-სთან, ისე რუსეთთან”, – აცხადებს რევაზ ადამია და კოდორის ხეობის დაბომბვას, რაშიც ის ბრალს რუსეთს სდებს, ამ ქვეყნის “სამხედროთა ინერციით” ხსნის.

საქართველოს ხელისუფლებას გაცილებით ლოკალური ხასიათის ამოცანას უსახავს ფიქრია ჩიხრაძე. მისი განცხადებით, ხელისუფლებამ, უპირველესად, უნდა იზრუნოს კოდორის ხეობის იმ ნაწილის გამაგრებაზე, რომელზეც ჯერ კიდევ ვრცელდება საქართველოს იურისდიქცია. გარდა ამისა, პარლამენტარი მიიჩნევს, რომ თბილისმა უახლოეს მომავალში უნდა მიაღწიოს დსთ-ს (დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა) სამშვიდობო ძალების ინტერნაციონალიზაციას.

“ჩვენ აფხაზეთის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მომხრენი ვართ”, – აცხადებს ფრაქცია “ალიანსი ახალი საქართველოსთვის” ლიდერი ირაკლი გოგავა, – “თუმცა არსებობს ასეთი ძველი ნათქვამი – თუ გინდა მშვიდობა, ემზადე ომისთვის”.

Back to top button