ახალი ამბები

მოქალაქეთა კავშირი იშლება

მოქალაქეთა კავშირში სრული ქაოსი და დაბნეულობაა. მმართველი პარტია და უმრავლესობა ნაწილ ნაწილ იშლება. 28 სექტემბერს გამართულ სხდომაზე უმრავლესობა (მოქკავშირი, 100 კაცი და საქართველოს რეგიონები – მაჟორიტარები, 20 კაცი) ოფიციალურ გუნდებად დაიშალა, რომლებიც სავარაუდოთ ფრაქციებად გამოცხადდებიან.

გამოიკვეთა ოთხი სავარაუდო ფრაქცია/ჯგუფი, შემდეგი პირობითი სახელებით:

  1. ჟვანიას ფრაქცია ანუ იგივე რეფორმატორები
  2. რადიკალ რეფორმატორები
  3. მამალაძის ფრაქცია 
  4. კანცელარიის, იგივე ხატიძის ფრაქცია (პრეზიდენტის ერთგული დეპუტატები)

“ჟვანიას ფრაქცია/რეფორმატორები” სავარაუდოდ იქნება მოქალაქეთა კავშირის ბაზაზე ჩამოყალიბებული ყველაზე მსხვილი გაერთიანება – როგორც მას უწოდეებენ – მთავარი ფრაქცია, რომელსაც სათავეში რევაზ ადამია ჩაუდგება. მასში დაახ. 40 კაცი გაერთიანდება.

“რადიკალ რეფორმატორებში” (ეს ტერმინი მათ მოწინააღმდეგე გუნდმა უწოდა) გაერთიანდებიან “თავგამოდებული” რეფორმატორები, როგორებიც არიან: კობა დავითაშვილი, ვასილ მაღლაფერიზე, ვანო მერაბიშვილი, გიორგი ბარამიძე, კოტე კემულარია, ელენე თევდორაძე, ლადო ჭიპაშვილი და სხვები. მათი რაოდენობა ამ დროისათვის 11-12 კაცს შეადგენს. კოტე კემულარიას განცხადებით ამ რიცხვმა შესაძლოა 15-17 კაცსაც მიაღწიოს. მისივე განცხადებით მიხეილ სააკაშვილი, ვაკის არჩევნების გამარჯვების შემთხვევაში, სწორედ ამ ფრაქციაში შევა.

ეჭვს არ იწვევს ისიც, რომ “ჟვანიას ფრაქცია” და “რადიკალ რეფორმატორები” რეალურად ერთ ძალას წარმოედგენენ და მათი ფრაქციებად დაყოფა შესაძლოა გარკვეულ ტაქტიკურ დატვირთვას ატარებს და მისი მიზანია რაც შეიძლება მეტი დეპუტატი მიიზიდონ რეფორმატორთა გუნდში. ამასვე ადასტურებს კოტე კემულარია, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ რეფორმატორთა ამგვარი დაყოფა არც შედგეს.

რაც შეეხება “მამალაძის ფრაქციას”  (ლევან მამალაძე -პრეზიდნეტის რწმუნებული ქვემო ქართლის რეგიონში) იგი ძირითადად ქვემო ქართლიდან მაჟორიტარული წესით არჩული დეპუტატებით დაკომპლექტდება და მას სათავეში ირაკლი გოგავა ჩაუდგება (დსთ – ქვეყნებთან ურთიერთობების ქვეკომიტეტის თავჯდომარე). სააგენტო პრაიმ-ნიუსის ცნობით მათი რაოდენობა დაახლოებით 16 იქნება.

“კანცელარიის” იგივე “ხატიძის ფრაქციაში” (ბადრი ხატიძე _ სახელმწიფო კანცელარიის რეგიონული პოლიტიკისა და მართვის სამსახურის უფროსი) ძირითადად პრეზიდენტის ერთგული დეპუტატები გაერთიანდებიან. კოტე კემულარიას განცხადებით ამ ფრაქციის თავჯდომარეობის სურვილი ერთდროულად ოთხ ადამიანს აქვს. ესენი არიან: არჩილ გოგელია, თენგიზ გაზდელიანი, არმაზ შამანაური და სულიკო პავლიაშვილი. ამიტომ კემულარიას მტკიცებით ყველაზე დიდი გაურკვევლობა სწორედ ამ გუნდის შიგნითაა. არაა გამორიცხული რომ პარლამენტარი ნიკო ლეკიშვილი ამ ფრაქციის წევრად ან თავჯდომარედაც მოგვევლინოს, მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ, რომ იგი პრეზიდენტის გუნის წევრია, როგორც ეს მან ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავჯდომარის ზურაბ ადეიშვილის განცხადებით საპარლამენტო უმრავლესობაში ახალი ფრაქციების ჩამოყალიბება ამ გაერთიანების დაშლას არ წარმოადგენს. “დავიშალოთ და ვიყოთ ერთად” სიტუაციას დიდი ხნის ერთიანობა არ უწერია თუ გავითვალისწინებთ იმას რომ ამ დიდ გუნში რომელსაც უმრავლესობა ჰქვია სრულიად განსხვავებული მსოფლმხედველობისა და პრინციპების ერთგული ადამიანები არიან, თუნდაც ისეთ მნიშვნელოვან საკითხში როგორიცაა კორუფციასთან ბრძოლა. ამიტომ ზურა ადეიშვილის ნახსენები ერთიანობა თუ შედგა ალბათ მცირე ხნიანი იქნება და ისიც იმიტომ რომ გუნდებმა დრო მოიგონ და საბრძოლო გეგმა შეიმუშავონ.

ამ ახალი ძალთა გადანაწილების ფონზე შესაძლოა ახალი უმრავსესობაც ჩამოყალიბდეს. ამ მხრივ თვალში საცემია “ტრადიციონალისტების”, “მრეწველებისა” და “ახალი აფხაზეთი ქრისტიან დემოკრატების”  ალიანსის ამ ბოლო დროინდელი დაახლოება ჟვანიას გუნდთან. რეფორმატორების მიმართ საკმაოდ ლოიალურადაა განწყობილი ფრაქცია XXI საუკუნის ლიდერი ვახტანგ ბოჭორიშვილიც, რომელმაც მიხეილ სააკაშვილის მიმართ დაუფარავი მხარდაჭერა გამოხატა. აქედან გამომდინარე ახალი უმრავლესობა შესაძლოა შემდეგი სქემით ჩამოყალიბდეს:     

  • რეფორმატორები (“რადიკალ რეფორმატორები” და “ჟვარიას ფრაქცია”) დაახ. – 60 კაცი
  • ფრაქცია “ტრადიციონალისტი” – 13 კაცი
  • “მრეწველები” – 14 კაცი
  • “ახალი აფხაზეთი – ქრისტიან დემოკრატები” – 10 კაცი
  • ფრაქცია XXI საუკუნე – 10 კაცი

ამ შემთხვევაში შესაძლო ახალი უმრავლესობის მთლიანი რაოდენოაბა 107 პარლამენტარია. თუ ამ გაერთიანებამ დამატებით 11 პარლამენტარის მოზიდვაც შეძლო ისინი “სრულფასოვან” უმრავლესობას შექმნიან და კვორუმის (118 კაცი) მოგროვებასაც შეძლებენ.

რათქმაუნდა, ზემოთ მოცემული სქემები არ არის ზუსტი და ისინი მხოლოდ პარლამენტში შესაძლო ძალთა გადანაწილებებს წარმოადგენენ, თუმცა აღნიშნული პროგნოზები ამ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებსა და სხვადასხვა საპარლამენტო ძალების პოზიციებს ეფუძნება. უნდა აღინიშნოს ისისც, რომ პარლამენში ახალი ძალთა გადანაწილებისთვის დიდი მნიშვნელობა ექნება მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებას საკანონმდებლო ორგანოში, რომელიც თავისი გუნდისათვის დიდ ძალას და ერთერთ ლიდერს წარმოადგენს. ეს კი რათქმაუნდა იმ შემთხვევაში მოხდება თუ იგი 21 ოქტომბერს დაგეგმილ ვაკის მაჟორიტარულ არჩევნებს გაიმარჯვებს.

გივი ორდენიძე

მსგავსი/Related

Back to top button