ახალი ამბები

მთავრობის სხდომა. 22 სექტემბერი, შაბათი, 2001

22 სექტემბერს, რამოდენიმეჯერ გადადებულ მთავრობის სხდომის დღის წესრიგში ერთადერთი საკითხი იდგა. აღმასრულებელმა ხელისუფლებამ 2002 წლის ცენტრალური ბიუჯეტის ხარჯვითი პარამეტრები განიხილა.

ფინანსთა მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა 40 მილიონი ლარით გაზრდილი ხარჯები წარმოადგინა. როგორც ცნობილია, ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრი ვანო ჩხარტიშვილი ხარჯების 100 მილიონით გაზრდის აუცილებლობას საკითხს ლობირებდა. პრეზიდენტი კი ხარჯების, სულ ცოტა 50 მილიონით გაზრდა მოითხოვა.

ძირითად სამინისტროთა და უწყებებათა მიხედვით ხარჯები შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • შინაგან საქმეთა სამინისტრო         59. 841. 000 ლარი
  • თავდაცვის სამინისტრო                    55. 500. 000 ლარი
  • ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო 54. 500. 000 ლარი
  • საგარეო საქმეთა სამინისტრო         24. 469. 000 ლარი
  • განათლების სამინისტრო                   23. 789. 400 ლარი
  • იუსტიციის სამინისტრო                        12. 944. 400 ლარი
  • სახელმწიფო ტელევიზია                     10. 000. 000 ლარი
  • სასამართლოები                               9. 960. 000 ლარი

აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილი პროექტი მთავრობის წევრებმა, ისევე როგორც გუბერნატორებმა გააგრიტიკეს. ხარჯების სტრუქტურა განსაკუთრებით ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებმა არ მოიწონეს. შინაგან საქმეთა მინისტრომა კახა თარგამაძემ განაცხადა, რომ იმ თანხით, რომელიც მისი სამინისტროსთვის არის გამოყოფილი კრიმინალურ სამყაროსთან ბრძოლა შეუძლებელი იქნება.

წარმოდგენილ ბიუჯეტში, გარკვეულ წილად გათვალისწინებულ იქნა თავდაცვის სამინისტროს პოზიცია. თავდაპირველ ვარიანტში შეიარაღებული ძალებისთვის მხოლოდ 36 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი, მაშინ როდესაც თავდაცვის მინისტრი დავით თევზაძე 71 მილიონს ითხოვდა. მართალია თევზაძის მოთხოვნა სრულად არ დააკმაყოფილეს, თუმცა ბიუჯეტის თავდაპირველ ვარიანტთან შედარებით დაფინანსება მაინც გაუზარდეს.

ეკონომიკის, ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრმა ვანო ჩხარტიშვილმა ბიუჯეტის პროექტს კორუფციული უწოდა, რადგან იქ არსებული პარამენტრები, მისი აზრით, სახელმწიფო მოსამსახურეს ქრთამის აღებისკენ უბიძგებს. ჩხარტიშვილის განცხადებით სახელმწიფოში არსებობს რეზერვები. გადასახადების ეფექტურად ამოღების შემთხვევაში ბიუჯეტში ორჯელ უფრო მეტი შემოსავლები შევიდოდა ვიდრე ეხლა შედის. თუმცა ამასთან დაკავშირებით, ფინანსთა მინისტრი აცხადებს, რომ არსებულ პირობებში წარმოდგენილი პროექტი ყველაზე რეალურია, რომლის სეკვესტრის საჭიროებაც მომავალ წელს არ დადგება.

რაც შეეხება პრეზიდენტ შევარდნაძის პოზიციას. მიუხედავად გარკვეული შენიშვნებისა, მან მთლიანობაში მოიწონა ფინანსთა მინისტრის მიერ წარმოდგენილი პარამეტრები. მისი განცხადებით ბიუჯეტით კმაყოფილი მინისტრი არც ერთ სახელმწიფოში არ არსებობს. “ეს პარამეტრები ყველაზე ოპტიმალურია რისი გაკეთებაც ახლა შეგვიძლია”, განაცხადა პრეზიდენტმა.

მსგავსი/Related

Back to top button