ახალი ამბები

კანონი არამართლზომიერად მოპოვებული ქონების სახელმწიფოსათვის გადაცემის შესახებ – ბოლშევიზმი თუ დემოკრატია?

ეკონომიკისაგან, პოლიტიკისა და სოციალური სფეროსაგან განსხვავებით, საქართველოში კორუფცია ყველაზე წარმატებით ვითარდება. ამ ფონზე ქართული სამართალდამცავი ორგანოების როლი კორუფციასთან ბრძოლაში მინიმალურია. შარშანდელი სტატისტიკური მონაცემებით სასამართლოში კორუფციის ბრალდებით მხოლოდ ხუთი საქმეა შესული და აქედან მხოლოდ 2 ადამიანის მიმართ იქნა გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილება. ისიც არა თავისუფლების აღკვეთა, არამედ დაახ. 100-150 ლარიანი ჯარიმები. ამასთან პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავჯდომარის ზურა ადეიშვილის განცხადებით “ეს ადამიანები იყვნენ ძალიან წვრილი თევზები კორუფციის დიდ ოკეანეში”.

იუსტიციის სამინისტრომ შეიმუშვა კანონპროექტი უკანონო და დაუსაბუთებელი ქონების სახელმწიფოსათვის დაბრუნების შესახებ, რომელიც იუსტიციის მინისტრმა მიხეილ სააკაშვილმა 8 აგვისტოს გამართულ მთავრობის სხდომაზე მინისტრებისა და პრეზიდენტის წინაშე წარმოადგინა. კანონს რამდენიმე მინისტრის მხრიდან ნერვიული და მწვავე რეაქცია მოჰყვა. ვანო ჩხარტიშვილმა (ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის), კახა თარგამაძემ (შინაგან საქმეთა) და ვახტანგ ქუთათელაძემ (უშიშროების მინისტრი) კანონპროექტს ბოლშევიკურ-კომუნისტური, ხოლო თავად იუსტიციის მინისტრს პოპულისტი უწოდეს. მთავრობის სხდომაზე პრეზიდენტმა და მთავრობის წევრების უმრავლესობამ იუსტიციის სამინისტროს მიერ კანონპროექტის დახვეწა მოითხოვეს.

პრეზიდენტმა კანონპრეოქტთან დაკავშირებით სპეციალური 13 კაციანი სამთავრობო კომისია შექმნა, რომლის შემადგენლობაშიც ძირითადად მოქმედი იურისტები და მეცნიერები შევიდნენ. იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლის გიორგი არველაძის განცხადებით კომისიამ დადებითად შეაფასა კანონპროექტი და მეტიც მიზანშეწონილად ჩათვალა მისი კიდევ უფრო გამკაცრება.

საინტერესოა ის ნიშანდობლივი ცვლილებები: რომელიც კანონპროექტმა დახვეწის შემდეგ განიცადა:

  • კანონპროექტის სათაურში სიტყვები უკანონო და დაუსაბუთებელი ქონება, რომლიც გაღიზიანებას იწვწვდა მის ოპონენტთა შორის შეიცვალა სითყვებით არამართლზომიერად მოპოვებული ქონება.
  • დოკუმენტს დაემატა შესავალი, სადაც ხაზია გასმული სამართლიანი და დემოკატიული სახელმწიფოს პრინციპების, ასევე ევროპის საბჭოს ანტიკორუფციული კონვენციების მოთხოვნების გათვალისწინებაზე. შესავალში აშკარად ჩანს, რომ ავტორები ცდილობენ გააბათილონ კანონპროექტისადმი წაყენებული ბრალდებები მისი ბოლშევიკურ-კონუნისტური ხასიათის შესახებ. 
  • ტერმინი “მოხელე” შეიცვალა ტერმინით “თანამდებობის პირი” და თან დაერთო ჩამონათვალი, სადაც კონკრეტულადაა მითითებული თუ ვინ იგულისხმება ამ ტერმინში დაწყებული საქართველოს პეზიდენტიდან დამთავრებული ქალაქის რაიონილ პროკურორამდე. ეს ცვლილება გამოიწვია კანონის მოწინააღმდეგეების მტკიცებამ, რომ იგი მთლიანად ხალხის კეთილდღეობის წინააღმდეგაა მიმართული. იუსტიციის სამინისტრომ რამდენჯერმე დააკონკრეტა, რომ საქმე ეხება უშუალოდ 100-150 სახელმწიფო მოხელეს. 
  • მეოთხე საინტერესო განსხვავება არის ის რომ კანონპროექტში საერთოდ ამოიღეს მეექვსე მუხლი სახელწოდებით “სტიმულირება”, რომლის მიხედვითაც თუ სახელმწიფოს ქონება უბრუნდება მომჩივანს “გადაეცემა დაბრუნებული ქონების 4% ან მისი ექვივალენტური ფულადი თანხა”.  
  • და ბოლოს დახვეწილ პროექტს დაემატა, შემდეგი პუნქტი: თუ პირი “საქმის გაგანხილვის დაწყებამდე ნებაყოფლობით გადასცემს სახელმწიფოს სადავო ქონებას, ამ ქონებასთან დაკავშირებით თავისუფლდება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან (მუხლი 5, პუნქტი 4).

ასე რომ კანონპროექტის დახვეწა ითვალისწინებდა მის შედარებით შერბილებას და გამაღიზიანებელი ტონის შეცვლას, თუმცა აღსანიშნავია, რომ იდეა და ფუნქცია უცვლევლი დარჩა. 

კანონპროექტის წინააღმდეგ არსებობს ორი ძირითადი არგუმენტი: პირველი – კორუფციასთან საბრძოლველად არაა საჭირო ახალი ველოსიპედის გამოგონება და მასთან ბრძოლა შეიძლება უკვე არსებული კანონმდებლობით, ხოლო თუ არ მუშაობს ძველი კანონმდებლობა მაშინ არ იმუშავებს ახალიც, მთავრი არის პოლიტიკური ნება. და მეორე – კანონი ბოლშევიკურია, ის ითვალისწინებს მოსახლეობის განკულაკებას და რეპრესიებს.

რითი განსხვავდება ეს კანონპროექტი სხვა უკვე არსებული მსგავსი კანონებისაგან? ამ კანონპროექტის მიზანია კორუფციასთან ბრძოლის პროცესს ჩამოაშოროს სამართალდამცავი ორგანოები, პირველ რიგში პროკურატურა, რომლებიც მრავალი პოლიტიკოსისა თუ მოქალაქის აზრით, თავად წარმოადგენენ კორუფციის ბუდეს და ხალხს მისცეს საშუალება თავად ჩაერთოს ამ პროცესში.

ახალი კანონი ეკუთვნის სამოქალაქო და ადმინისტრაციულ კოდექსს, როცა ძველები შედიან სისხლის სამართლის კოდექსის სფეროში. სამოქალაქო საქმეებს კი უშუალოდ განიხილავს სასამართლო. სისხლის სამართლის საქმეებს ჯერ პოლიცია გადასცემს პროკურატურას და შემდეგ ეს უკანასკნელი წყვეტს საჭიროა თუ არა, რომ საქმე გადაეცეს სასამართლოს. ამასთან ახალი კანონპროექტის მიხედვით თანამდებობის პირის წინააღმდეგ სარჩელის შეტანის უფლება აქვს ყველა მოქალაქეს და იურიდიულ პირს. ძველი კანონმდებლობით კი თანამდებობის პირის კორუფციაში მხილება მხოლოდ სახელმწიფოს შეეძლო.

კანონის მიერ პროკურატურისა და ძალოვნების ჩამოშორების შემდეგ არსებობს კიდევ ერთ პრობლება, საქმე უნდა განიხილოს სასამართლომ, რომელიც ძალოვანი სტრუქტურების მსგავსად კორუფციის ჯაჭვის ერთ-ერთ თვალსაჩინო ნაწილს წარმოადგენს. “სასამართლო რეფორმა ხელისუფლებამ მიზანმიმართულად შეაჩერა. ამიტომ სინამდვილეში ეს არ არის რეფორმირებული სასამართლო” – აცხადებს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელი გიორგი არველაძე. ამ ფონზე იუსტიციის სამინისტროს შემოაქვს კიდევ ერთი კანონპროექტი, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შემოღების შესახებ, რომელიც სწორედ კორუფციასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავს. ანუ ზურა ადეიშვილის მოსწრებული გამონათქვამის თანახმად “სარჩელის შეტანისას როგორც სამართალდამცველ ორგანოებს ჩაანაცვლბენ მოქალაქეები ასევე სასამართლო უფლებამოსილებები ჩანაცვლებულ იქნა ხალხის სასამართლოთი, რასაც ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ჰქვია”.

რაც შეეხება ბოლშევიზმს: ზურა ადეიშვილის განცხადებით მსგავსი კანონები არსებობენ როგორც ევროპაში ასევე ჰონკონგში, სინგაპურში, იგივე პრინციპებს ითვალისწინებენ სხვადასხვა ევროპული კონვენციებიც, მაგ. ევროპული კონვენცია ფულის გათეთრების წინააღმდეგ. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი კანონის მიღება საგანგებო ზომებს უკავშირდება.

კანონპროექტის ბოლშევიკურობას აბათილებს ისიც, რომ მისი მხარდამჭერი სტატიები გამოჩნდა დასავლურ პრესაში. დოკუმენტმა ასევე საქართველოში ვიზიტად მყოფი ევროპის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ლორდ რასელ ჯონსტონის უშუალო მოწონება დაიმსახურა (თუმცა ბლოკ აღორძიბის წევრის, გიორგი თარგამაძის განცხადებით ჯონსტონს კანონპროექტი არც კი წაუკითხავს და მას მხოლოდ იმიტომ დაუჭირა მხარი, რომ სააკაშვისის მომზადებული იყო). ამასთან იუსტიციის სამინისტროს კანონპროექტის მხარდამჭერი წერილი მისწერა ევროპის 20 ქვეყნის პარლამენტების დეპუტატთა დიდმა ნაწილმა. აქედან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ დემოკრატიის სამშობლოდ წოდებული დასავლეთი აღნიშნულ კანონპროექტს დადებითად აფასებს.

საინტერესოა თავად კანონპროექტის მომავალი, რა ელის მას? კანონპროექტი ჯერ ისევ მთავრობის სხდომაზე უნდა წარადგინონ და ფაქტიურად თუ პრეზიდენტი (და მინისტრთა უმრავლესობა) მხარს დაუჭერს შემდეგ პარლამენტს გადაეგზავნება გავსახილველად. არსებობს მოსაზრება, რომლის მიხედვითაც მინისტრები, რომლებმაც 8 აგვისტოს მთავრობის სხდომაზე, კანონპროექტს დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს, ამჟამად თავს შეიკავებენ, კანონპროექტს მთავრობის სხდომაზე დაამტკიცებენ, ხოლო პარლამენტში კი ძირს გამოუთხრიან და ჩააგდებენ. ანუ დაიწყება კანონპროექტის წინააღმდეგ ბრძოლის კონსპირაციული მეთოდი. ამისათვის კი საკანონმდებლო ორგანოში შესანინავი ნიადაგი არსებობს. კანონპროექტის წინააღმდეგია, როგორც უმცირესობის, ასევე უმრავლესობის უმრავლესობაც. მიუხედავად ამისა ზურა ადეიშვილი მაინც დარწმუნებულია, რომ თუ კანონპროექტი მივა პარლამენტამდე და დადგება კენჭისყრის საკითხი უმრავლესობის დიდი ნაწილი მას მხარს დაუჭერს.  თუ კანონპროექტი პარლამენტშიც ჩავარდა, მის მომხრეებს ერთადერთი გზა რჩებათ და ეს გზა საერთო სახალხო რეფერენდუმია.

პოსტსკრიპტუმი:19 აგვისტოს სააკაშვილის გადადგომა ეჭქვეშ აყენებს კანონის პარლამენტში წარდგენის შესაძლებლობასაც კი. საპარლამენტო და სამთავრობო კრიზისის პირობებში ბევრი რამ იქნება დამოკიდებული როგორც ახალი მინისტრის კანდიდატურაზე, ისე ძალთა ახალ გადანაწილებაზე პარლამენტში.

მსგავსი/Related

Back to top button